საჭიროა პირველი ნომერი?

AutoSharing Option

ყოველთვის მოაქვს თუ არა დრაფტზე პირველი ნომრის არჩევის უფლებას წარმატება? სულაც არა. შეიძლება ითქვას, ხანდახან ეს კლუბებისთვის დიდი თავსატეხია. გთავაზობთ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დრაფტის პირველი ნომრების შეფასებას და თავად მიხვდებით, რომ ხშირ შემთხვევაშიი არჩევანი არ ამართლებს.

კენიონ მარტინი (ნიუ ჯერსი, 2000 წელი)
სტუდენტურ NCAA-ში თამაშის ბოლო წელს კენიონ მარტინმა ფეხი მოიტეხა, მაგრამ "ნიუ ჯერსიმ" გარისკა და სწორედ ამ კალათბურთელზე შეაჩერა არჩევანი.
უნდა ითქვას, რომ 2000 წელს არჩევანი არც ისე დიდი იყო. იმასაც ამბობენ, რომ ეს იყო ლიგის ისტორიაში ყველაზე სუსტი
დრაფტი. თავად განსაჯეთ: მეორე ნომერი გახდა სტრომაილ სფიტი, შემდეგ მოდიოდა დარიუს მაილსი, მეოთხე ნომერი - მარკუს ფრეიზერი. ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ეს სახელები. მხოლოდ მერვე ნომრად მივიდა NBA-ში ჯამალ კროუფორდი და მე-16 ნომრად - ჰედო თურქოგლუ - მე-32 ნომრად.
პირველმა ნომერმა კენიონ მარტინმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", მაგრამ მაინც "დენვერ ნაგეტსის" ამჟამინდელ წევრს გაცილებით დიდი წარმატებები ჰქონდა, ვიდრე აქ ჩამოთვლილ სხვა მოთამაშეებს, ასე რომ, "ნეტსმა" აშკარად კარგი არჩევანი გააკეთა. მით უმეტეს, რომ მაშინ "ნიუ ჯერსის" მეტად რესპექტაბელური შემადგენლობა ჰყავდა.
გვერდს ვერ ავუვლით დრაფტის სენსაციურ 43-ე ნომერს - მაიკლ რედს. ტრავმების მიუხედავად, "მილუოკის" მცველი უფრო ვარსკვლავური წარმომადგენელია, ვიდრე იმ წლის სხვა დებიუტანტები.

კვამე ბრაუნი (ვაშინგტონი, 2001 წელი)
მაიკლ ჯორდანის დიდი შეცდომა. ლეგენდა ჯიუტად ითხოვდა ამ კალათბურთელის აყვანას, რომელსაც NCAA-ის სკოლა არ ჰქონდა გავლილი. კვამე ბრაუნს რამდენიმე წელი სტუდენტურ კალათბურთში რომ გაეტარებინა, სკაუტები უკეთ შეიტყობდნენ მის პოტენციალს და ის, შესაძლოა, დრაფტის პირველ ათეულშიც ვერ შესულიყო. ბრაუნი რომ უუნარო კალათბურთელი აღმოჩნდა, ეს მისმა გაუთავებელმა ტრეიდებმა დაადასტურა. ბოლოს "ლეიკერსმა" ის "მემფისში" პაუ გასოლის სანაცვლოდ გაუშვა. არადა, გასოლი იმ დრაფტზე მესამე ნომერი იყო.
იმ წელს პირველ ოთხეულში მხოლოდ "მაღლები" მოხვდნენ - ბრაუნი, ტაისონ ჩენდლერი, პაუ გასოლი და ედი კარი. ეჭვგარეშეა, რომ ესპანელი აშკარად გამოირჩევა ამ ოთხეულში. თუმცა პაუს დიდად არ ჩამოუვარდებიან ჯო ჯონსონი (მე-10 ნომერი), გილბერტ არენასი (30) და ტონი პარკერი (38). დიდი ხანია ისინი თავიანთი გუნდების ლიდერებად მიიჩნევიან.

იაო მინი (ჰიუსტონი, 2002 წელი)
მუდმივი ტრავმებისა და გამოტოვებული სეზონების მიუხედავად, ჩინელმა გიგანტმა მნიშვნელოვნად შეცვალა "როკეტსი". იაო მინის არჩევას ბიზნესგათვლაც ჰქონდა, რადგან ჩინეთში NBA-ის პოპულარობა იაოს გარეშეც უდიდესი იყო, ხოლო ამ კალათბურთელის ლიგაში მოხვედრა მილიარდიანი გულშემატკივრის მოზიდვის გარანტია გახლდათ. ამ არჩევანის შეფასებისას შეიძლება ითქვას, რომ ის "ჰიუსტონისთვის" წარმატებული უფრო იყო, ვიდრე წამგებიანი. მეორეს მხრივ, იაოს გვერდით იდგნენ დრიუ გუდენი და დეშუან ვაგნერი. მხოლოდ ათეულის ბოლოს მოვიდა ამარე სტაუდმაიერის ჯერი, ხოლო კარლოს ბუზერი 33-ე ნომერი გახდა.

ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი, 2003 წელი)
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დრაფტი: ლებრონ ჯეიმსი, კარმელო ენტონი, დუეინ უეიდი, კრის ბოში... აქ რთული იყო შეცდომის დაშვება, მაგრამ "დეტროიტმა" ეს მაინც მოახერხა - მეორე ნომრად აირჩია დარკო მილიჩიჩი.
შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ვარსკვლავების კამპანიაში, სკაუტებს რამდენიმე ნიჭიერი კალათბურთელი გამოეპარათ და მათ გვიან მიაქციეს ყურადღება: კაილ კორვერმა 51-ე ნომერი მიიღო, მო უილიამსი 47-ე ნომრად აირჩიეს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჯოშ ჰოვარდი (26-ე ნომერი), მიუხედავად იმისა, რომ არც ისე კარგი სეზონი ჰქონდა.

დუაიტ ჰოვარდი (ორლანდო, 2004 წელი)
საოცარია, მაგრამ "ორლანდოს" ხელმძღვანელობა ბოლო მომენტამდე ფიქრობდა "სუპერმენის" კანდიდატურაზე. ბოლოს მაინც გარისკა და მოგებული დარჩა. ეჭვგარეშეა, რომ ლებრონის შემდეგ დუაიტ ჰოვარდის არჩევანი ყველაზე წარმატებულია ბოლო ათი წლის განმავლობაში.
მაშინ კმაყოფილებას ვერ მალამდე ემეკა ოკაფორის არჩევით "შარლოტი", მაგრამ საბოლოოდ ეს არჩევანი მის აქტივში ვერ ჩაიწერება.
2004 წლის დრაფტზე სხვა ძლიერი კალათბურთელებიც იყვნენ: მესამე ნომერი ერგო ბენ გორდონს. პირველ ათეულში მოხვდნენ დევინ ჰარისი (5), ლუოლ დენგი (7) და ანდრე იგუოდალა (9). მე-17 ნომრად აიყვანეს ჯოშ სმიტი, მეოცე ნომრად - ჯამირ ნელსონი, ხოლო კარგი მექულე - კევინ მარტინი მისთვის შეუფერებელ 26-ე ნომრად აირჩიეს.

ენდრიუ ბოგუტი (მილუოკი, 2005 წელი)
ენდრიუ ბოგუტს ბევრი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ მეორე კვამე ბრაუნი არ გამხდარიყო. ავსტრალიელმა ძალიან მოუმატა და ამ სეზონში მისი დიდი წვლილია, რომ "მილუოკიმ" წარმატებულად ითამაშა. სამწუხაროა, რომ ტრავმამ სეზონის ბოლო ნაწილი გაუფუჭა ცენტრს. უნდა აღინიშნოს, რომ ის წელი ლიგაში კრის პოლის და დერონ უილიამსის მოსვლით აღინიშნა. დევიდ ლი, რომელიც ახლა დიდ კონტრაქტზე აცხადებს პრეტენზიას, მხოლოდ 30-ე ნომერი გახდა. არ დაგვავიწყდეს მონტა ელისი თავისი მე-40 ნომრით.

ანდრეა ბარნიანი (ტორონტო, 2006 წელი)
სანამ ლიგაში ბრენდონ როი (მე-6 ნომერი) თამაშობს, იტალიელი ვერ გახდება იმ წლის დებიუტანტებიდან საუკეთესო. თუმცა მომავალ სეზონში კრის ბოშის სავარაუდო წასვლის შემთხვევაში, ანდრეამ, შეიძლება გამოამჟღავნოს "ტორონტოში" ლიდერის ფუნქციები და ახალი ფურცელი ჩაწეროს კანადური კლუბის ისტორიაში.
21-ე ნომერი მიიღო რაჟონ რონდომ - დღეისთვის NBA-ის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა.

გრეგ ოდენი (პორტლენდი, 2007 წელი)
"შუშის" გრეგ ოდენზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება და ტექსტის დიდი ნაწილი იმ სამედიცინო ტერმინებს დაეთმობა, რომელიც ამ კალათბურთელის ტრავმებს აღწერს. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებთ და ველით შემდეგ სეზონს. თავად გრეგი დაგვპირდა, რომ ამიერიდან უფრო ჭკვიანი და წინდახედული იქნება. მანამდე კი მან ორი წელი დაკარგა.
კევინ დურანტი (2) ჯერჯერობით საუკეთესოა ამ წლის დებიუტანტებს შორის. გაგვაოცა 48-ე ნომერმა მარკ გასოლმა - გასული სეზონი ესპანელმა თავის აქტივში უნდა ჩაიწეროს, თუმცა უმცროსი ძმა ჯერ ვერ გაიზარდა უფროს პაომდე.

დერიკ როუზი (ჩიკაგო, 2008 წელი)
ორი წელი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ობიექტურად შეაფასო ახალბედას წვლილი გუნდის შედეგებში, თუმცა სწორედ დერეკ როუზის დახმარებით "ჩიკაგო" ორჯერ ბოლო მომენტში მოხვდა პლეი ოფში, სადაც გამოუცდელი ახალგაზრდა კიდევ უფრო ძლიერი და დაბრძენებული ჩანდა. როუზისგან კარგი ლიდერი დადგება და შეიძლება ძველი დიდება დაუბრუნოს "ბულზს".
გვიანი არჩევანიდან უნდა მოვიხსენიოთ გორან დრაგიჩი - 45-ე ნომერი. დანარჩენი ვარსკვლავები პირველ ოცეულში მოხვდნენ.

ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი, 2009 წელი)
ოდენის ისტორია განმეორდა და აქ ბლეიკ გრიფინის დადანაშაულება არ შეიძლება, ვნახოთ შემდეგ სეზონში რას შემოგვთავაზებს შარშანდელი პირველი ნომერი. ჯერჯერობით ეს ბიჭი რთულად იბრუნებს კონდიციებს. ზაფხულის ლიგაშიც კი არ თამაშობს, ამიტომაც კიდევ ნახევარი წელი ცდა მოგვიწევს.
მაგრამ 2009 წელმა მომავალი ვარსკვლავების კარგი ჯგუფი შეკრიბა. გააგრძელებენ პროგრესს სტივენ კარი, ტაირიკ ევანსი და ბრენოდ ჯენინგსი, რომელმაც პლეი ოფის გემოც გაიგო.

არ შეიძლება არ აღინიშნოს "დეტროიტის" (ჟერებკო) და "სან ანტონიოს" (ბლეირი) წარმატებული არჩევანი. "ნიუ ორლეანმაც" გამოიცნო - დარენ კოლისონი ჯერ კრის პოლი არ არის, მაგრამ ვარსკვლავური პარტნიორი ღირსეულად შეცვალა.
ბოლო ათწლეულის ანალიზისას შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ პირველი ნომრებიდან მხოლოდ ლებრონმა და ჰოვარდმა გაამართლეს მათზე გაცემული ავანსები. "მეფე" და "სუპერმენი" თავიანთ გუნდებში აშკარად ლიდერები გახდნენ. დანარჩენი მოთამაშეები - მაქსიმუმ საშუალო დონეზე მაღლა დგანან, მაგრამ იმის თქმაც შეიძლება, რომ გუნდი მათ გარეშეც გაძლებდა.

გია თვალაბეიშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული