NBA: მაინც "საკრამენტოდან" "ანაჰაიმში"?

AutoSharing Option
კვლავ გაურკვეველი რჩება NBA-ს კლუბის - "საკრამენტო კინგზის" მომავალი. ქალაქ ანაჰაიმის მერიამ გამოაცხადა, რომ მზად არის გადაიბაროს ეს კლუბი იმ შემთხვევაში, თუ "კინგზის" მფლობელები ვერ მოილაპარაკებენ საკრამენტოს მუნიციპალიტეტთან ახალი არენის მშენებლობის თაობაზე.

ამერიკული პრესის ცნობით, ანაჰაიმის მთავრობას ჯერ არ დაუწყია მოლაპარაკებები ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობასთან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "მეფეების" მფლობელებმა - ძმებმა მალუფებმა მაღალი ფასის გამო უარი თქვეს საკრამენტოში ახალი არენის მშენებლობაზე. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ისინი სხვა ქალაქში გაყიდიან საკუთარ გუნდს.

* * *
ამასობაში "ნიუ ორლეან ჰორნეტსის"
ახალი მფლობელი ტომ ბენსონი აპირებს თავის კლუბს სახელწოდება და ლოგო შეუცვალოს.

"ჯაზისმაგვარი" სახელწოდება უნდა მოვიფიქროთ. არ ვიცი, გამოგვივა თუ არა ეს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრს ვიმუშავებთ. გვინდა მალე შევცვალოთ სახელწოდება. NBA-სგან თანხმობა ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს მის ხელმძღვანელობასთან და აქტიურად შევაწუხებთ ამ საკითხთან დაკავშირებით", - ამბობს ბენსონი.

* * *
ღირსშესანიშნავი მომენტი მოხდა გასულ უქმეებზე "მაიამი ჰიტის" ერთ-ერთი ლიდერის, დუეინ უეიდის კარიერაში. მან ფლორიდული კლუბის შემადგენლობაში 594-ე მატჩი ჩაატარა, რითაც 30 წლის კალათბურთელმა "ჰიტის" ლეგენდას, ალონზო მოურნინგს გაასწრო, რომელსაც 593 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

16 აპრილს, "ნიუ იორკთან" მატჩში, უეიდმა 28 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა, "მაიამიმ" კი გამარჯვება იზეიმა - 93:85.

შეგახსენებთ, რომ დუეინი "მაიამიმ" 2003 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული