NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ვინ იქნება პირველი?

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზი" აღმოსავლეთის ჩემპიონის რანგში სტუმრობდა "ინდიანას", რომელსაც, თავის მხრივ, გარანტირებული ჰქონდა მესამე ადგილი.

ამიტომაც ეს მატჩი სხვა მხრივ იყო საინტერესო: რა ფორმაში იმყოფება შარშანდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშე, "ბულზის" ლიდერი დერიკ როუზი?

როუზს, რომელმაც წელს ტრავმის გამო 26 მატჩი გამოტოვა, ჯერჯერობით უთამაშებლობა ეტყობა - მან 11-იდან მხოლოდ სამი ბურთი ჩააგდო, 10 ქულა დააგროვა და ამას 7 შედეგიანი პასი დაუმატა.

თუმცა მოტივაცია "ხარებს" მაინც ჰქონდა - ის რეგულარული ჩემპიონატის ტიტულისთვის ებრძვის "სან ანტონიოს". შესაბამისად, ლიდერების დასვენებაზე ლაპ
არაკი არ ყოფილა.

"ინდიანას" კი არ ჰყავდა ძირითადი გამთამაშებელი კოლისონი. ამიტომაც "პეისერსის" სასტარტოში სამი "მსროლელი" გამოჩნდა - ჰილსა და ჯორჯს დებიუტანტი სტეფენსონი დაემატა, რომელმაც თავისი შანსი კარგად გამოიყენა - 35 წუთში 22 ქულა დააგროვა, მაგრამ პარტნიორებმა ვერ აუბეს მხარი: თამაშიდან 38.5 პროცენტი ჩააგდეს და ფარი წააგეს (34-44).

იდეალური არც "ბულზის" თამაში ყოფილა - როუზმა, ჰემილტონმა და დენგმა 32-იდან 23 ტყორცნა ააცილეს, მაგრამ "ჩიკაგომ" იკმარა პირველ ტაიმში მოპოვებული 13-ქულიანი უპირატესობა და რეგულარულში 49-ე გამარჯვება გაიფორმა.

* * *
ამდენივე მოგება აქვს დასავლეთის ჩემპიონს "სან ანტონიოს". ამ გუნდის დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა ისევ დაასვენა ლიდერთა ტრიო დანკანის, პარკერისა და ჯინობილის შემადგენლობით.

ამიტომაც "ფინიქსთან" გასვლით შეხვედრაში ტექსასელთა რეზერვისტები ბრწყინავდნენ. მაგალითად, ბრაზილიელმა სპლიტერმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა და 20 წუთში 26 ქულის (თამაშიდან - 10/13, საჯარიმოები - 6/7) მოგროვება მოასწრო. სასტარტოში მყოფი მილზის ანგარიშზე კი 27 ქულა მოდის. არადა, 14 ტყორცნა ააცილა მიზანს.

მაგრამ მცველს ეს ეპატიება, რადგან "მინუს 6"-ზე მან მოაწყო გადამწყვეტი სპურტი და თან სირენამდე 6 წამით ადრე ორი მნიშვნელოვანი საჯარიმო ჩააგდო.

მაგრამ ამ მატჩში საყოველთაო ყურადღება სტივ ნეშის მიმართ იყო მიპყრობილი, რადგან შესაძლოა, ლეგენდარულმა გამთამაშებელმა ბოლო მატჩი ჩაატარა "ფინიქსის" შემადგენლობაში.

მეოთხე მეოთხედში გულშემატკივრებმა სკანდირებით - We want Nash! - აიძულეს "სანზის" მწვრთნელი, დაებრუნებინა კანადელი მოედანზე, თუმცა ნეშმა შეცდომა დაუშვა და 27 წამის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა. ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი ხდება და თუ სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას, ეს 27 წამი უკანასკნელი იქნება "სანზში".

ინდიანა-ჩიკაგო 87:92
24:32, 12:17, 23:18, 28:25
ი: სტივენსონი (22), უესტი (13+5 მოხსნა), პრაისი (10).
ჩ: კორვერი (20), ბუზერი (16+7 მოხსნა), ნოა (14+14 მოხსნა), როუზი (10+7 პასი), გიბსონი (10).

ფინიქსი-სან ანტონიო 106:110
29:26, 24:32, 29:24, 24:28
ფ: ბრაუნი (21), ტელფეირი (20), რედი (14), ლოპესი (10+5 მოხსნა+3 დაფარება), გორტატი (9+10 მოხსნა+3 დაფარება).
ს-ა: მილსი (27+5 პასი), სპლიტერი (26+5 მოხსნა), ლეონარდი (10), ბლეირი (10+8 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული