რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ყველაზე დიდი ყურადღება ჩემპიონატის უსუსტესი გუნდის - "შარლოტის" მიმართ იყო მიპყრობილი.
ამიერიდან "ბობკეტსს" თამამად შეიძლება ვუწოდოთ ლიგის ისტორიაში ყველაზე უარესი გუნდი. ეს იმიტომ, რომ 66 მატჩში პოლ საილასის შეგირდებმა მხოლოდ შვიდი (!) მოიგეს, რაც 10.6 პროცენტს შეადგენს. ამით "ბობკეტსმა" გააუმჯობესა 1972-73 წლების სეზონში "ფილადელფიას" მიერ დამყარებული ანტირეკორდი -
კლუბის გულშემატკივრებმა შეიძლება თავი იმით დაიმშვიდონ, რომ წელს არასრულფასოვანი სეზონი ჩატარდა და, შესაძლოა, "შარლოტიც" ასულიყო 9 მოგებამდე, მაგრამ ანტირეკორდად არა მოგება-წაგების რაოდენობა, არამედ გამარჯვებათა პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
თან მაიკლ ჯორდანის მფლობელობაში მყოფმა გუნდმა რეგულარულის ფინიშზე ზედიზედ 23 მატჩი წააგო და ოთხი თამაში დააკლდა კიდევ ერთ ანტირეკორდამდე - ზედიზედ წაგებათა რაოდენობა, რომელიც შარშანდელ "კლივლენდს" ეკუთვნის. ასე რომ, პირიქით, შარლოტელებს უნდა უხაროდეთ, რომ სეზონი დასრულდა.
ბოლო მატჩი "ბობკეტსმა" "ნიუ იორკთან" წააგო, რომელიც დევისის, ენტონის, ჩენდლერისა და დუგლასის გარეშე თამაშობდა. მათ არყოფნაში გაიბრწყინეს ჰალერსონმა და სტაუდმაიერმა, რომელმაც ერთად 39 ქულა ჩააგდეს და თამაშიდან 63 პროცენტის სიზუსტით ესროლეს.
ასევე უნდა გამოვყოთ ჯეი არ სმიტის 22 ქულა და 6 შედეგიანი პასი. მასზე მეტი დრო მოედანზე ბიბიმ გაატარა, რომელმაც 2009 წლის 23 მარტის შემდეგ პირველად დაარიგა 12 შედეგიანი პასი.
* * *
27 აპრილის სათამაშო დღის საერთო სურათს კარგად წარმოაჩენს "ვაშინგტონისა" და "მაიამის" მატჩი. დედაქალაქურმა კლუბმა ზედიზედ ექვსი მოგებით დაასრულა ჩემპიონატი.
"ჰიტმა" თავისი ყველა ლიდერი დაასვენა და "დიდი ტრიოს" გარეშე ფლორიდული კლუბის თამაში საშინელი საცქერი აღმოჩნდა. ერთ მომენტში "უიზარდსს" მეტოქეზე ორჯერ (!) მეტი ქულა ჰქონდა დაგროვებული - სერაფინის ტყორცნის შემდეგ, მესამე მეოთხედის დასაწყისში ანგარიში 64:32 იყო.
ამის შემდეგ მასპინძლები დამშვიდნენ, მაგრამ სტუმარი გუნდის სტატისტიკა მაინც კოშმარული იყო: 22 შეცდომა, თამაშიდან 35 პროცენტი რეალიზაცია, სამქულიანების გამოყენების 22 პროცენტი. ასევე წააგო "ჰიტმა" მეტოქესთან მოხსნებისა (31-43) და შედეგიანი პასების რაოდენობით (11-27).
ამ ყველაფრის წყალობით, "ვაშინგტონმა" 2005 წლის ნოემბრიდან (41 ქულით მოუგო "სიეტლს") მოყოლებული ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. რაც შეეხება "მაიამის", მან ამ მატჩში კარი შეამოწმა. ცენტრმა 24 წუთი სათამაშო დრო მიიღო და პირველად ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში 10 ქულა მიითვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"