ირლანდიელები დავით ზირაქაშვილს ძალიან უფრთხიან

AutoSharing Option
სარაგბო ევროთასების გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ყველაზე პრესტიჟული, "ჰაინეკენის თასისთვის" ქართველ მორაგბეთა ერთი გუნდი იბრძვის.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ნახევარფინალში კი ერთბაშად ორმა "ქართულმა გუნდმა", "ტულონმა" და "ბრივმა" გააღწია. ორივეს ამ თასის მოგების ერთნაირი შანსი გააჩნია.

ჰაინეკენის თასი. ნახევარფინალი
ალსტერი-ედინბურგი, კლერმონი-ლენსტერი

დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელიც წელს სტაბილურად ასპარეზობს და საფრანგეთის ჩემპიონობაზეც აცხადებს პრეტენზიას, "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალში შარშანდელ გამარჯვებულს ირლანდიურ "ლენსტერს" დაუპირისპირდება.

თამაში კლერმონიდან სამი საათის სავალზე, "ბორდოში" გაიმართება, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. "შაბან დელმას" სტადიონის ტრიბუნები ყვთელ-ლურჯი ფერებით იქნება მოჭედილი. აღსანიშნავია,
რომ "ვულკანებს" 42 თამაშია შინ არ წაუგიათ.

სამაგიეროდ, "ლენსტერს" ევროთასებზე ზედიზედ 13 თამაში აქვს მოგებული. დუბლინელებმა ყველა ამ წარმატებას მიაღწია ჯგუფურ ტურნირში, მაშინ, როცა "კლერმონმა", ირლანდიურ "ალსტერთან" და ინგლისურ "ლესტერთან" წააგო.

"ვულკანების" თავკაცმა ახალზელანდიელმა ვერნ კოტერმა საფრანგეთის ჩემპიონატში "მონპელიესთან" გამარჯვების შემდეგ, ორი ცვლილება განახორციელა. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ უკანახაზელები, ჟულიენ მალზიო და ორელიან რუჟერი.

ირლანდიური პრესა თავიანთი გუნდისთვის საფრთხედ "კლერმონის" ორ მორაგბეს, ავსტრალიელ მგეზავ ბრუკ ჯეიმზს და შერკინების ქართველ ბურჯს დავით ზირაქაშვილს მიიჩნევენ.

"ის შესანიშნავად ირჯება როგორც შერკინებისას, ისე ღია თამაშში. მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ქართველ პირველხაზელს ლენსტერელები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ეთამაშონ", - წერენ რაგბის ირლანდელი სპეციალისტები.

ცხადია, ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ერთი სიტყვით, "კლერმონს" საკუთარ მოედანზე გამარჯვების კარგი შანსი აქვს. ბევრს მიაჩნია, რომ "ჰაინეკენის თასის" მფლობელი სწორედ ამ წყვილში გამარჯვებული იქნება.

ნახევარფინალის მეორე წყვილში ირლანდიური "ალსტერი" შინ მიიღებს დიმიტრი ბასილაიას მომავალ გუნდს, შოტლანდიურ "ედინბურგს".

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყოფილი ასისტენტის, მაიკლ ბრედლის სამწყსომ მეოთხედფინალში ერთი სასწაული უკვე მოახდინა. ედინბურგელებმა გათამაშებას ევროპული გრანდი, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი" გამოთიშეს. თუმცა სტუმრად ირალანდიის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის დამარცხება ნამდვილად გაუჭირდება.

ამასობაში ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2014 წლიდან შესაძლოა ევროთასების გათამაშების ფორმატი შეიცვალოს.

აღსანიშნავია, რომ "ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშება ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული და პრესტიჟული ხდება. მარტო "ჰაინეკენის თასის" ჯგუფურმა ტურნირმა ორგანიზატორებს 50 მილიონი ევროს მოგება მოუტანა, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა.

რეფორმაზე ძირითადად ფრანგი სპეციალისტები მუშაობენ. პროექტის ერთ-ერთი პუნქტი "ჰაინეკენის თაისის" გათამაშებაში გუნდების ოცდაოთხიდან ოცამდე შემცირებას ითვალისწინებს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გამორიცხული არ არის ევროთასებში რამდენიმე ახალი სარაგბო ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კლუბებიც ჩაერთონ.

ჩელენჯ კაპი. ნახევარფინალი
ბირიცი-ბრივი, ტულონი-სტად ფრანსე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ნახევარფინალში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა ფრანგების საშინაო საქმე გახდა, რადგან ნახევარფინალში ოთხივე გუნდი საფრაგეთიდანაა.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" შინ მიიღებს პარიზულ "სტად ფრანსეს". ტულონელებს საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაში თითქმის განაღდებული აქვთ და ევროთასებზე საასპარეზოდ სრულად მობილიზებულნი გამოვლენ. მით უფრო, რომ "ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა, სეზონის დასაწყისშივე განაცხადა, რომ ქვეყნის ჩემპიონობასთან ერთად, მისმა გუნდმა "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაც უნდა მოიგოს.

შეძლებენ თუ არა ტულონელები პრეზიდენტის ოცნების ასრულებას, ძნელი სათქმელია. თუმცა ამ გუნდს შინ "სტად ფრანსეს" დამარცხება და ფინალში გასვლა რეალურად ძალუძს, მით უფრო, რომ მეტოქეს ძირითადი შემადგენლობის ყველა წამყვანი მოთამაშით დაუხვდება.

ცხადია, ტულონელ ქომაგებს ყველაზე მტად ინგლისელი მგეზავის ჯონი ვილკინსონის ეიმედებათ, რომელიც ფეხჩუბინობით გამორჩეულია. ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილიც.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" სტუმრად ითამაშებს დიმიტრი იაშვილის ბასკურ "ბიარიცთან". ბასკებმა საფრანგეთის ჩემპიონატის განვლილ ტურში დამაჯერებლად დაამარცხეს პარიზული "მეტრო რასინგი", რისი წყალობითაც ელიტურ, პირველ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.

სამაგიეროდ, ისევ რთულ მდგომარეობაში იმყოფება "ბრივი", რომელსაც დივიზიონიდან გავარდნა რეალურად ემუქრება და ახლა "ემლინ ჩელენჯ კაპისთვის" ნამდვილად არ სცხელა. ჩვენებურთა გუნდი გასვლით შეხვედრებში ბევრად უარესად ასპარეზობს, ვიდრე შინ.

ამას ისიც დაუმატეთ, რომ საქართველოს ნაკრების ბურჯები დავით ხინჩაგიშვილი და ვასილ კაკოვინი ტრავმირებულნი არიან. ისინი გუნდს ვერაფრით დაეხმარებიან. ირაკლი ნატრიაშვილი კი ძირითად შემადგენლობაში ითმაშეებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არასწორად გიდევთ რაგბის გვერდზე უნდა იდოს
irakli
19:11 28-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული