NBA. პლეი ოფი. 1/8 ფინალი: დერიკ როუზის ტრაგედია - არც პლეი ოფი და არც ოლიმპიადა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფი რეგულარულის ჩემპიონის, "ჩიკაგო ბულზისა" და "ფილადელფია სიქსერზის" მატჩით დაიწყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ხარები" მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდნენ სიტუაციას და იოლად მოიგეს, მაგრამ ამ გუნდის ყველა გულშემატკივარი ახლა ცუდ ხასიათზე იქნება.

გუშინდელი შეხვედრა "ბულზის" ლიდერ დერიკ როუზისთვის ტრაგედიით დასრულდა. მატჩის დამთავრებამდე წუთით ადრე დერიკმა მარტივ სიტუაციაში უმძიმესი ტრავმა მიიღო.

როგორც მოგვიანებით მაგნიტო-რეზონანსულმა გამოკვლევამ აჩვენა, როუზმა მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რაც სეზონის დასასრულს ნიშნავს. უფრო მეტიც, ეს ტრავმა იმას ნიშნავს, რომ როუზი ლონდონის ოლიმპიადასაც გამოტოვებს, რადგან
ასეთი სახის დაზიანებას დაახლოებით 4-6 თვით მკურნალობა სჭირდება.

არადა, დერიკს გუშინდელი მატჩისას ეტყობოდა, რომ პლეი ოფისთვის მოასწრო ფორმაში შესვლა - მას თითო მოხსნა და პასი არ ეყო სამმაგი დუბლის შესასრულებლად.

* * *
ორმაგად დაზარალდა "ნიუ იორკ ნიქსი" "მაიამისთან" პირველ შეხვედრაში. აქაც დაფიქსირდა მუხლის მძიმე ტრავმა - ჯვარედინი მყესები "ნიქსის" დებიუტანტმა იმან შუმპერტმა გაიწყვიტა და სეზონს გამოეთიშა. გარდა ამისა, "ჰიტმა" უმაღლეს დონეზე ითამაშა და 33-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა. ასე რომ, ამ მატჩის პერიპეტიების აღწერას დიდი აზრი არ აქვს.

"ნიუ იორკის" 67 ქულა ამ კლუბის ყველა დროის ანტირეკორდია პლეი ოფის მატჩებში. ასეთი დიდი სხვაობით კი "ნიქსს" 1991 წლის 25 აპრილის შემდეგ არ წაუგია, როცა 85:126 დამარცხდა "ჩიკაგოსთან".

"ჰიტის" ტრიუმფს ხელი შეუწყო მეტოქის 27-მა შეცდომამ, რაც ფლორიდელებმა 38 ქულაში გარდასახეს. ეს მაჩვენებელიც საკლუბო რეკორდია პლეი ოფში. გარდა ამისა, სტუმრებმა პირველ ტაიმში 21 (!) პერსონალური მიიღეს და საწყის 24 წუთში შესრულებული საჯარიმოების შეფარდება იყო: 28-5.

მატჩის ბედი კი პირველ ტაიმში დაწყებულმა 32:2 გაქცევამ განაპირობა, რომლის სულისჩამდგმელი ლებრონ ჯეიმსი გახდა. "მეფემ" თამაშიდან 14-ჯერ ისროლა და 10 ჩააგდო და 32 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

* * *
აღმოსავლეთში გამართულ მესამე შეხვედრაში კი მოულოდნელობა დაფიქსირდა. დუაიტ ჰოვარდის გარეშე დარჩენილმა "ორლანდომ" სტუმრად მოუგო აღმოსავლეთის მესამე გუნდს "ინდიანას".

საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე მასპინძლებმა 8:0 გაქცევის წყალობით შვიდქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 75:68. იმ მომენტში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დარჩენილ დროში "პეისერსი" თამაშიდან ქულის მოპოვებას ვეღარ შეძლებდა. ბოლო ოთხ წუთში მასპინძლებმა მხოლოდ ორი თავისუფალის ჩაგდება შეძლეს.

რიჩარდსონის სამქულიანით "ორლანდომ" სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა - 75:77. მომდევნო შეტევაში "ინდიანამ" სამჯერ ესროლა სამქულიანი, მაგრამ ააცილა. ამას მოჰყვა 1.14 წუთით ადრე გრეინჯერის ორი აცილებული საჯარიმო. ამასობაში კი რიჩარდსონმა შორიდან კიდევ ერთხელ ჩააგდო და "მეჯიქი" წინ გავიდა - 78:77.

შემდეგ შეტევაში გრეინჯერმა ააცილა და ბურთი სტუმრებმა მოხსნეს. ნელსონზე ჯარიმა და "ორლანდოს" გამთამაშებელმა ორივე საჯარიმო ჩააგდო - 80:77 სირენამდე 24 წამით ადრე. დარენ კოლისონმა საშუალო ტყორცნა ვერ მოახვედრა მიზანში.

მართალია, იქვე ორლანდოელმა კლარკმა ორივე ჯარიმა ააცილა და "ინდიანას" მატჩის გადარჩენის შანსი მისცა, მაგრამ 7 წამით ადრე გრეინჯერი ბურთის ტარებისას შეცდა და რედიკმა ზუსტი საჯარიმოთი წერტილი დაუსვა შეხვედრას.

აღმოსავლეთი
ჩიკაგო-ფილადელფია 103:91
28:24, 25:18, 26:24, 24:25
ჩ: როუზი (23+9 მოხსნა+9 პასი), ჰემილტონი (19), დენგი (17+6 მოხსნა), ნოა (12+13 მოხსნა), კორვერი (11).
ფ: ბრენდი (19+7 მოხსნა+4 დაფარება), ჰოლიდეი (16+7 მოხსნა), იანგი (13), ტერნერი (12+5 პასი+3 ჩაჭრა), იგუოდალა (11+6 მოხსნა+5 პასი).
სერია: 1-0

მაიამი-ნიუ იორკი 100:67
24:18, 30:13, 27:16, 19:20
მ: ჯეიმსი (32+4 ჩაჭრა), უეიდი (19), ჩელმერსი (11+9 პასი+3 ჩაჭრა).
ნ-ი: სმიტი (17), ენტონი (11+10 მოხსნა), დევისი (10).
სერია: 1-0

ინდიანა-ორლანდო 77:81
22:21, 22:30, 19:13, 14:17
ი: უესტი (19+9 მოხსნა ), გრეინჯერი (17+8 მოხსნა), ჰილი (11), ჰიბერტი (8+13 მოხსნა+9 დაფარება).
ო: ჯ. რიჩარდსონი (17+5 მოხსნა), ნელსონი (17+9 პასი), დევისი (16+13 მოხსნა+3 დაფარება).
სერია: 0-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული