NBA. პლეი ოფი. 1/8 ფინალი: დამნაშავე ცეცხლსაქრობია

AutoSharing Option
მატჩის შემდეგ განაწყენებულმა ამარე სტაუდმაიერმა ჯავრი ცეცხლსაქრობის შესანახი კარადის შუშაზე იყარა. თანაც, ეს ისე მოუხერხებლად გააკეთა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოუწია საქმეში ჩართვა, რადგან ამარემ ხელი გაიჭრა. ახლა უცნობია, შეძლებს თუ არა სტაუდმაიერი სერიის მესამე მატჩში მოედანზე გასვლას.

ამარეს გაბრაზება გასაგებია, რადგან სერიის მეორე მატჩში "ნიქსმა" ღირსეულად ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხებული დარჩა. პირველი წუთები კი საერთოდ, სტუმარი გუნდისა იყო და ენტონის ორი ზუსტი ტყორცნით "ნიქსი" 6:2 დაწინაურდა. თუმცა შემდეგ მელოს ოდნავ აერია მიზანი. მართალია, 30 ქულა დააგროვა, მაგრამ ამისთვის
26 ტყორცნის შესრულება მოუწია და აქედან 12-მა სროლამ მიაღწია მიზანს.

მოკლედ, ენტონიმ აღებული ტემპი ვერ შეინარჩუნა და "მაიამიმ" ოპერატიულად უპასუხა 9:0 გაქცევით, მაგრამ ვუდსონის შეგირდებს დანებება არც უფიქრიათ და დიდი ბრძოლა გამართეს. ერთხელ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბიბიმ ფეხსაცმელი დაკარგა.

უეიდი დიდად არ შეწუხებულა თავისი კოლეგის გასაჭირით და ფეხსაცმელი მოედნის მიღმა მოისროლა. თუმცა უეიდი საუკეთესო იყო მატჩში და ეს თავხედობა ეპატიება. ტრავმირებული შუმპერტის არყოფნამ დუეინს საქმე გაუადვილა, რადგან მისმა ახალმა მეურვემ ფილდსმა ვარსკვლავის შეჩერება ვერ შეძლო; თან, არც შეტევაში გამოუვიდა რამე - ხუთი სროლიდან ერთმა მიაღწია მიზანს.

ასევე უნდა აღვნიშნოთ კრის ბოში, რომელმაც დაცვაში შესანიშნავად მოთამაშე ჩენდლერის წინააღმდეგობის მიუხედავად, 12-იდან შვიდი ბურთი ჩააგდო. ამიტომაც არ დასჭირდა ლებრონ ჯეიმსს ჩვეული გმირობების ჩადენა. უფრო მეტიც, "მეფეს" ბოლო მეოთხედში ქულა არ დაუგროვებია. ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია - "ჰიტმა" დამაჯერებლად შეინარჩუნა ორნიშნა უპირატესობა. რაც შეეხება "ნიუ იორკს", მან პლეი ოფში ზედიზედ მე-12 მატჩი წააგო.

მაიამი-ნიუ იორკი 104:94

27:24, 26:23, 25:22, 26:25
მ: უეიდი (25+4 პასი), ბოში (21+4 პასი), ჯეიმსი (19+9 პასი+7 მოხსნა), ჩელმერსი (13+6 პასი), მილერი (11+4 პასი), ბატიე (11), კოული (2), ჰასლემი (1+8 მოხსნა), ჯონსი (1).
ნ-ი: ენტონი (30+9 მოხსნა), სტაუდმაიერი (18+7 მოხსნა), სმიტი (13+5 პასი), ჩენდლერი (13+7 მოხსნა), დევისი (12+6 პასი), ნოვაკი (3+5 მოხსნა), ბიბი (3), ფილდსი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (52.1/49.4), სამქულიანები (42.9/33.3), საჯარიმოები (70.4/68.4).
სერია: 2-0

* * *
"ინდიანას" უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა, რადგან შინ წააგო სერიის პირველი მატჩი. თანაც, "პეისერსის" საწინააღმდეგოდ ლაპარაკობდა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ინდიანაპოლისელებმა პირველი მატჩის წაგების შემდეგ 15 სერიიდან მხოლოდ ერთხელ მოიგეს.

საბოლოო ანგარიშის მიუხედავად, თამაშში საკმაო ბრძოლა იყო. მაგალითად, სტუმრები დიდ შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდნენ, თუმცა სხვაობა მინიმალური იყო; მაგრამ მესამე მეოთხედის შუაში "მეჯიქს" სრული ჩავარდნა ჰქონდა - სხვანაირად არ აიხსნება "ინდიანას" 14:0 გაქცევა.

თანაც, ამ სპურტის ორგანიზატორები მეორე როლის მქონე მოთამაშეები იყვნენ - ჰილი, ჰენსბრო და ბარბოზა. ასეთი გაქცევის შემდეგ მატჩის საბოლოო შედეგში ეჭვი აღარავის ეპარებოდა, მით უმეტეს, რომ მასპინძლებმა დაცვაში თითქმის იდეალური თამაში აჩვენეს. მაგალითად, "ინდიანამ" მთლიანად გაანეიტრალა წინა მატჩის გმირი ჯეისონ რიჩარდსონი.

მცველმა თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო. "თავი გამოიჩინა" გლენ დევისმაც, რომელმაც 16-იდან ხუთი ბურთი მოათავსა კალათში. თუმცა "ორლანდოს" სხვა კალათბურთელებიც არ ყოფილან მოწოდების სიმაღლეზე. სტუმრების მხოლოდ ყოველი მესამე ტყორცნა აღწევდა მიზანს, მათ შორის, სამქულიანები. "მეჯიქის" მთავარმა იარაღმა - შორეულმა ტყორცნებმა - არ იმუშავა. ამის გარეშე კი ამ გუნდს გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ინდიანა-ორლანდო 93:78
24:21, 18:23, 30:13, 21:21
ი: უესტი (18+11 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), გრეინჯერი (18+7 მოხსნა), ჰილი (18), ჯორჯი (17+8 მოხსნა), ბარბოზა (10), ჰიბერტი (4+13 მოხსნა+2 დაფარება), ჰენსბრო (4+3 ჩაჭრა), ამუნდსონი (2), კოლისონი (2).
ო: დევისი (18+10 მოხსნა), რედიკი (13+3 პასი), ნელსონი (12+3 პასი), ანდერსონი (11+8 მოხსნა), თურქოგლუ (10+2 დაფარება), კლარკი (6+6 მოხსნა), დუჰონი (3), რიჩარდსონი (3), რიჩარდსონი (2+3 პასი).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.9/35.5), სამქულიანები (10/32), საჯარიმოები (89.3/84.2).
სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული