NBA. პლეი ოფი. 1/8 ფინალი: ეპიდემია გრძელდება

AutoSharing Option
სერიის მეორე მატჩის წინ ურთულეს მდგომარეობაში იყო "ბოსტონი". რეი ალენის ტრავმას რაჟონ რონდოს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაემატა და "ატლანტას" სერიის 2:0 წაყვანის რეალური შანსი გაუჩნდა.

საბოლოოდ "სელტიქსმა" მოიგო, საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა და შესანიშნავი განწყობით დაბრუნდა შინ, სადაც მას რონდო შეუერთდება და ასეთ პირობებში უკვე "ჰოქსი" ჩანს განწირული.

მით უმეტეს, რომ "ატლანტა" თავისი ლიდერის, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ჯოშ სმიტის გარეშე დარჩა. მან მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 4.40 წუთით ადრე მიიღო მარცხენა მუხლის ტრავმა. დაზიანება ფარქვეშ ბრძოლისას კევინ გარნეტთან შეჯახებამ გამოიწვია.

სმიტმა მოედანი
დატოვა და თამაში აღარ განუახლებია. ამასობაში მისმა თანაგუნდელებმა ჩააგდეს მატჩის ბოლო ნაწილი, რადგან პოლ პირსის გასანეიტრალებლად ვერანაირი ხერხი ვერ იპოვნეს.

პირსმა შეხვედრა იმით დაიწყო, რომ თავისი გუნდის პირველი რვა ქულა ჩააგდო, რის შემდეგაც ჩრდილში მოექცა. თუმცა, როგორც კი გადამწყვეტი მომენტი დადგა, კაპიტანმა ითამაშა ისე, როგორც გუნდის მრავალწლიან ლიდერს შეშვენის. ბოლო 15 წუთში პირსმა, ფაქტობრივად, მარტომ მოუგო "ატლანტას" - 18:15. გარდა ამისა, პოლი ორივე გუნდში საუკეთესო იყო მოხსნების რაოდენობითაც.

ატლანტა-ბოსტონი 80:87
24:24, 20:17, 22:20, 14:26
ა: ჯ. ჯონსონი (22+5 პასი+3 ჩაჭრა), ტიგი (18+5 მოხსნა), სმიტი (16+12 მოხსნა+5 პასი+2 დაფარება), ჰაინრიხი (8), ე. ჯონსონი (6+5 მოხსნა), უილიამსი (3+6 მოხსნა), მაკგრეიდი (3), გრინი (2), კოლინზი (2).
ბ: პირსი (36+14 მოხსნა+4 პასი), გარნეტი (15+12 მოხსნა+5 პასი), ბრედლი (14+3 დაფარება+3 პასი+3 ჩაჭრა), ბასი (8+6 მოხსნა), დულინგი (6), დენიელსი (4), პავლოვიჩი (4).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (34,9/42,6), სამქულიანები (27,3/21,4), საჯარიმოები (80/83,9).
სერია: 1-1

* * *
როგორც ჩანს, დერიკ როუზის დაკარგვამ "ჩიკაგოზე" იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა, რომ "ხარებმა" მეორე მატჩისთვის ფსიქოლოგიური ძალების მოკრეფა ვერ მოასწრეს.

როუზი მატჩის წინ მოედნის ცენტრში გავიდა და თავისი წილი ოვაციები დაიმსახურა, მაგრამ მატჩის შემდეგ არავინ იყო ისეთი, ვისაც მაყურებელი ტაშს დაუკრავდა. მხოლოდ ნოას გამოყოფა თუ შეიძლება, რომელმაც თამაშიდან ნასროლი 11 ბურთიდან 10 მოათავსა კალათში.

22 ქულით, 8 მოხსნითა და 5 შედეგიანი პასით ფრანგი მცველი ერთადერთი იყო "ჩიკაგოს" შემადგენლობაში, ვინც კრიტიკას არ იმსახურებდა. დანარჩენებს კი, უბრალოდ, "ეძინათ". რიჩარდ ჰემილტონმა, ლუოლ დენგმა და კარლოს ბუზერმა ერთად 32 ტყორცნიდან მხოლოდ 11 ჩააგდეს, რაც სრული კრახი გახლდათ.

გუნდს არ გამოადგა სი ჯეი უოტსონიც, რომელმაც სასტარტოში შეცვალა როუზი. 11-იდან 4 ზუსტი ტყორცნა და სამი შედეგიანი პასი - ეს არ არის დერიკის სრულფასოვანი შემცვლელის სტატისტიკა.

სამაგიეროდ, სტუმრებმა შეტევაში იდეალურად ითამაშეს: თამაშიდან ტყორცნების 59-პროცენტიანი სიზუსტე, სამქულიანების გამოყენების 41.7 პროცენტი და 15-იდან 12 ზუსტი საჯარიმო. გარდა ამისა, "ფილადელფიამ" ფარქვეშ ბრძოლაც მოიგო, ნაკლები შეცდომა დაუშვა და ჩაჭრებიცა და დაფარებებიც მეტი ჰქონდა.

მესამე მეოთხედში ჩიკაგოელებმა მძიმე დარტყმა მიიღეს - 14:36. ამ შოკიდან გამოსვლა ტომ ტიბოდოს შეგირდებმა ვერ შეძლეს. ერთადერთი, რაც საგანგაშო გაუხდა "ფილადელფიას", ეს არის ანდრე იგუოდალას ტრავმა - გუნდის ლიდერმა აქილევსის მყესი დაიზიანა.

ჯერჯერობით კლუბს თავისი ლიდერის ტრავმის სიმძიმის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ თუ იგუოდალას ერთი ან ორი მატჩის გამოტოვება მოუწია, ეს დაახლოებით ისეთივე დანაკარგი იქნება, როგორიც "ბულზში" როუზის არყოფნა გახლავთ. 2012 წლის პლეი ოფში ტრავმების ეპიდემია გრძელდება.

ჩიკაგო-ფილადელფია 92:109
28:25, 27:22, 14:36, 23:26
ჩ: ნოა (21+8 მოხსნა+5 პასი), ლუკასი (15+4 პასი), უოტსონი (12+3 პასი), ჰემილტონი (10+5 პასი), ბუზერი (9+5 მოხსნა), დენგი (8+5 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), გიბსონი (8+5 მოხსნა), კორვერი (7+2 დაფარება), ბრიუერი (2).
ფ: ჰოლიდეი (26+6 პასი), უილიამსი (20+6 პასი), ტერნერი (19+7 მოხსნა+6 პასი), ბრენდი (12+5 მოხსნა+3 დაფარება), ალენი (11+9 მოხსნა+2 დაფარება), იგუოდალა (11+5 მოხსნა+3 პასიმ), იანგი (8+6 მოხსნა), ჰოსი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45,2/59), სამქულიანები (42.9/41,7), საჯარიმოები (55.6/80).
სერია: 1-1

* * *
სერიის მეორე მატჩი "ლეიკერსმა" თითქმის ისევე ჩაატარა, როგორც პირველი. ენდრიუ ბინუმი ისევ ბატონობდა ორივე ფარქვეშ; პაუ გასოლი კარგად უბამდა მას მხარს და მეტად სასარგებლოდ და მრავალფეროვნად მოქმედებდა; სათადარიგო ჯორდან ჰილმა კი ზედიზედ მეორე მატჩში დააგროვა 10 მოხსნა, რაც მეტად საჭირო სტატისტიკაა იმის გათვალისწინებით, რომ საერთო ჯამში, "დენვერმა" მოიგო ფარქვეშ ბრძოლა - 52:48.

მაგრამ საუკეთესო მოედანზე კობი ბრაიანტი იყო. მან 29-ჯერ ისროლა ფარში და 15 ბურთი ჩააგდო. ასე რომ, "შავმა მამბამ" პირველ მატჩთან შედარებით გააუმჯობესა სროლის პროცენტი.

თუმცა "დენვერიც" უნდა შევაქოთ - მეორე მატჩი მან გაცილებით ძლიერად ჩაატარა. მოგებულ ფარზე უკვე გითხარით. ამას უნდა დავუმატოთ დებიუტანტი კენეტ ფარიდის შესანიშნავი მოქმედება. გამთამაშებელმა ტაი ლოუსონმა კი ისე ითამაშა, როგორც ამას მისი გუნდის გულშემატკივრები ისურვებდნენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მესამე მეოთხედისთვის მასპინძლები 19 ქულას იგებდნენ და მაშინ ყველას ეგონა, რომ ჯორჯ კარლის გუნდი შეურიგდა გარდაუვალ მარცხს, მაგრამ ასე არ იყო - სირენამდე სამი წუთით ადრე სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა. ისე გამოვიდა, რომ "დენვერმა" მასპინძლების 14:0 სპურტს 18:4 გაქცევით უპასუხა.

მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბრაიანტი და რამონ სეშენსი ბოლოსკენ უშეცდომოდ ისროდნენ საჯარიმოებს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

ახლა სერია დენვერში გადაინაცვლებს და იქ გამოჩნდება, რამდენად ეყოფა ძალა ბრაიანტის, გასოლისა და ბინუმის ტრიოს.

გუშინდელ მატჩში "ლეიკერსის" დამრიგებელმა მაიკ ბრაუნმა მხოლოდ რვა კალათბურთელი გამოიყენა და სამმა რეზერვისტმა მხოლოდ რვა ქულა დააგროვა, იმ დროს, როცა "ნაგეტსის" სათადარიგოთა სკამის მონაგარი 35 ქულა იყო.

ლეიკერსი-დენვერი 104:100
32:25, 23:23, 26:26, 23:26
ლ: ბრაიანტი (38+3 ჩაჭრა), ბინუმი (27+9 მოხსნა+2 დაფარება), სეშენსი (14+4 პასი), პ. გასოლი (13+10 მოხსნა+5 პასი+2 დაფარება+2 ჩაჭრა), ჰილი (6+10 მოხსნა), იბენქსი (4+8 მოხსნა), ბარნსი (2+4 პასი).
დ: ლოუსონი (25+7 პასი), ფარიდი (14+10 მოხსნა), ბრიუერი (13+3 ჩაჭრა), გალინარი (13+8 მოხსნა), აფლალო (11+6 მოხსნა), ჰარინგტონი (11+6 მოხსნა), მოზგოვი (6), მაკგი (5+9 მოხსნა+6 დაფარება), კუფოსი (2+5 მოხსნა), მილერი (0+8 პასი+3 ჩაჭრა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44,8/44), სამქულიანები (13.3/21,1), საჯარიმოები (76.2/72.7).
სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული