NBA. პლეი ოფი. 1/8 ფინალი: "დალასს" შანსი აღარ აქვს

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა 0:3-დან რომელიმე გუნდს მოეგოს პლეი ოფის სერია.

შესაბამისად, NBA-ის ჯერაც მოქმედი ჩემპიონი შეგვიძლია პლეი ოფიდან გავარდნილად ჩავთვალოთ.

არადა, "დალასი" პირველ ორ მატჩში სტუმრად ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან და ორივეჯერ დამარცხებულმა დატოვა მოედანი. როგორც ჩანს, ტექსასელებმა იმდენად დიდი იმედგაცრუება მიიღეს, რომ 4 მაისს, საკუთარ მოედანზე თითქმის უბრძოლველად წააგეს და სერიაში 0:3 ჩამორჩნენ.

ერთი წლის წინ, "მავერიქსმა" "მშრალი" ანგარიშით დაამარცხა მაშინდელი ჩემპიონი "ლეიკერსი", ახლა კი "ოკლაჰომასთან" სერიაში იგივე საფრთხის წინაშე დგას.

4 მაისს გამართულ
მატჩში კარლაილის შეგირდებს შანსი თითქმის არ ჰქონდათ. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მასპინძლებმა მეტოქეს ორნიშნა უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცეს. უფრო მეტიც, თავისუფალი მოქმედების ნება დართეს დურანტს. პირველ შეხვედრებში სწორედ "თანდერის" ლიდერის წინააღმდეგ კარგი თამაში აძლევდა "დალასს" ბრძოლის საშუალებას. ახლა კი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა 15-დან 11 ტყორცნა მოათავსა კალათში და ამით განაჩენი გამოუტანა ჩემპიონს.

თავის მხრივ, ასეთი ეფექტურობით "დალასის" რიგებში გამორჩეული არავინ ყოფილა. ნოვიცკიმაც 15-ჯერ ისროლა თამაშიდან, მაგრამ მხოლოდ ექვსჯერ ზუსტად, მერიონის, ტერისა და კარტერის დუეტმა კი საერთოდ ჩააგდო თამაში - ჯამში 26-დან 6 ზუსტი სროლა.

გასაოცარიც კია, ასეთ პირობებში მოქმედმა ჩემპიონმა როგორ მოახერხა მეორე მეოთხედში სხვაობის ხუთ ქულამდე შემცირება. მაგრამ ეს მასპინძლების დროებითი წარმატება იყო. მომენტალურად იბაკამ და უესტბრუკმა ისევ აიყვანეს უპირატესობა ორნიშნა რიცხვამდე და სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა. ბოლო მეოთხედის დებიუტში ფიშერის სამქულიანის შემდეგ "ოკლაჰომას" უპირატესობა 21 ქულას უდრიდა. აქ თავისუფლად შეიძლებოდა მატჩის დასრულება.

როგორც ჩანს, "დალასი" ვერ ეგუება ჩემპიონობის დაკარგვას და არ იცის ღირსეულად წაგება: ამის შედეგია ის ოთხი ტექნიკური პერსონალური, რომლიც კარლაილმა, ნოვიცკიმ, უესტმა და კარდინალმა მიიღეს.

დალასი-ოკლაჰომა 79:95
26:32, 15:18, 16:25, 22:20
დ: ნოვიცკი (17+9 მოხსნა), კიდი (12+5 მოხსნა+4 პასი), ტერი (11+6 პასი), უესტი (9), კარტერი (7), მერიონი (6+10 მოხსნა+2 დაფარება), მაინმი (4), აზუბუიკე (3), კარდინალი (3), ჰეივუდი (3), რაიტი (2), იი იანლიანი (2).
ო: დურანტი (31+6 პასი), უესტბრუკი (20+4 პასი+3 ჩაჭრა), იბაკა (10+11 მოხსნა+4 დაფარება), ჰარდენი (10+4 პასი+3 ჩაჭრა), ფიშერი (10), კუკი (9), სეფოლოშა (3+3 პასი), პერკინსი (2+9 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (34.2/42.4), სამქულიანები (31.8/42.9), საჯარიმოები (76.9/64.7).
სერია: 0-3

* * *
ანალოგიურ მდგომარეობაშია "ნიუ იორკ ნიქსი", რომელმაც ზედიზედ სამი მატჩი წააგო "მაიამისთან" და ჯერჯერობით არ ჩანს ხერხი იმისა, როგორ უნდა შეძლონ ნიუიორკელებმა სერიაში თუნდაც ერთი მატჩის მოგება.

პირველ ტაიმში ვუდსონის შეგირდები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, განსაკუთრებით დაცვაში. მით უმეტეს, რომ მატჩის წინ სეზონის საუკეთესო დამცველის პრიზი გადასცეს "ნიუ იორკის" ცენტრს ტაისონ ჩენდლერს.

სტუმრებისთვის სამწუხაროდ, დაცვაში თამაში ერთადერთი პოზიტიური მომენტი იყო მატჩში. დიდი შესვენებისთვის მასპინძლები ოთხ ქულას იგებდნენ, მაგრამ საგანგაშო სიგნალი იყო მათთვის დიდ შესვენებამდე "ჰიტის" 7:0 გაქცევა, კიდევ ის, რომ გუნდს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა.

ცნობილია, რომ ამარე სტაუდმაიერის გარეშე "ნიქსის" დაცვა უფრო ძლიერია, მაგრამ შეტევაში ამარეს არყოფნის შემთხვევაში მთელი სიმძიმე კარმელო ენტონიზე გადადის. რეგულარულში მელო სარგებლობდა სტაუდმაიერის არყოფნით და შესანიშნავ თამაშს აჩვენებდა, მაგრამ ეს არ ითქმის "მაიამისთან" სერიაზე. ამჯერედაც კარმელომ თავისი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ გამოიყენა, 23-დან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო და ხუთი შეცდომა დაუშვა.

"მაიამიმ" საბოლოოდ გარდატეხა თამაშში მესამე მეოთხედის ბოლოსა და მეოთხეს დასაწყისში შეიტანა, როცა ლებრონ ჯეიმსის ზედიზედ რვა ქულით ფლორიდელები 11:3 გაიქცნენ და ორნიშნა უპირატესობა მოიპოვეს. მეოთხედის შუაში კი ჩელმერსის ორი ზუსტი სამქულიანის შემდეგ სხვაობა 15 ქულა გახდა.

ასე რომ, პლეი ოფში "ნიუ იორკის" ზედიზედ მე-13 წაგება სავსებით ლოგიკური ჩანდა. ბოლოს "ნიქსმა" პლეი ოფში თამაში 2001 წლის აპრილში (!) მოიგო. სხვათა შორის ეს 13 წაგება NBA-ის ყველა დროის ანტირეკორდია.

ნიუ იორკი-მაიამი 70:87
19:19, 21:17, 16:22, 14:29
ნ-ი: ენტონი (22+8 მოხსნა), სმიტი (12), ჩენდლერი (10+15 მოხსნა+2 დაფარება), ფილდსი (9), ბიბი (8), დევისი (7+3 პასი), ჰარელსონი (2).
მ: ჯეიმსი (32+8 მოხსნა+5 პასი), უეიდი (20+5 ჩაჭრა+4 პასი), ჩელმერსი (19+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბოში (9+10 მოხსნა), მილერი (4), ჰალსემი (2), ჯონსი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (31.9/42.6), სამქულიანები (20/37.9), საჯარიმოები (75.9/81.8).
სერია: 0-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული