NBA. პლეი ოფი. 1/8 ფინალი: მეშვიდე "კლიპერსისა" იყო

AutoSharing Option
მერვედფინალურ ეტაპს "მემფისი" და "კლიპერსი" ასრულებდნენ, რომელთა სერია შვიდ მატჩამდე გაიწელა.

"გრიზლისის" ფანები ბოლო მატჩს დიდ იმედებს უკავშირებდნენ, რადგან მათი საყვარელი გუნდი შინ თამაშობდა და თან მეტოქის ლიდერები - გრიფინი და პოლი შორს იყვნენ ოპტიმალური ფიზიკური ფორმიდან.

შესაძლოა, ამ დუეტმა მართლაც ვერ მოასწრო ბოლომდე მეშვიდე მატჩისთვის აღდგენა, მაგრამ ამან საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოახდინა.

როგორც მოსალოდნელი იყო, გადამწყვეტ შეხვედრაში გუნდებმა აქცენტი დაცვით თამაშზე გააკეთეს: ნელი ტემპი, პოზიციური ბრძოლა... თითქოს, თამაშის ასეთი სცენარი უფრო "გრიზლისს" აწყობდა, რომლის დაცვის ხაზი რეგულარულში ხუთ
საუკეთესოს შორის შედიოდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ბრძოლის ასეთი სტილი "კლიპერსსაც" აწყობდა - მეორე მეოთხედის შუაში დელ ნეგროს შეგირდები 10 ქულას იგებდნენ.

ეკვატორისთვის მასპინძლებმა მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა. აღსანიშნავია, რომ "კლიპერსს" უპირატესობა რეზერვისტებმა მოუტანეს, ხოლო მისი გაფლანგვა სასტარტო ხუთეულმა მოახერხა.

თუმცა კალიფორნიელების სათადარიგოთა სკამმა კიდევ ერთხელ მიიღო თავის გამოჩენის შანსი. ბოლო მეოთხედში მარტინის, იანგის, ბლედსოუს სროლებმა, აგრეთვე უილიამსის სამქულიანმა სტუმრებს ისევ მოუტანა ორნიშნა უპირატესობა.

ეს სირენამდე შვიდი წუთით ადრე მოხდა. ნელი თამაშის ფონზე, ეს კოლოსალური სხვაობა იყო. რა თქმა უნდა, "მემფისს" არაერთხელ ამოუქაჩავს მსგავსი სხვაობა, მაგრამ ამ შემთხვევაში "კლიპერსი" დამაჯერებლად აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას. მაქსიმუმი, რაც "მემფისმა" გააკეთა, ჩამორჩენის ექვს ქულამდე დაყვანა იყო.

ამის შემდეგ გასოლის ორმა შეცდომამ და ალენის ორმა პერსონალურმა "გრიზლისს" ბრძოლის გაგრძელების შანსი არ დაუტოვა.

მეოთხედფინალში "კლიპერსი" "სან ანტონიოს" შეხვდება.

მემფისი-კლიპერსი 72:82
13:16, 25:23, 18:16, 16:27
მ: გასოლი (19+5 მოხსნა+3 დაფარება), გეი (19+9 მოხსნა), რენდოლფი (9+12 მოხსნა), კონლი (7+5 პასი+3 ჩაჭრა), ალენი (7), მაიო (4+7 მოხსნა), პონდექსტერი (3), კანინგემი (2), სპეიტსი (2).
კ: პოლი (19+9 მოხსნა+4 პასი), იანგი (13), მარტინი (11+10 მოხსნა+2 დაფარება), უილიამსი (9), ბატლერი (8+5 მოხსნა), ბლედსოუ (8+3 პასი), გრიფინი (8+2 დაფარება), ფოიე (6), ევანსი (0+9 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (32.5/38.5), სამქულიანები (0/23.5), საჯარიმოები (71/78.3).
სერია: 3-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული