გამასხარავებული "ლეიკერსი"

AutoSharing Option
დასავლეთში ნახევარფინალური გარჩევები "ოკლაჰომამ" და "ლეიკერსმა" დაიწყეს.

"თანდერი" ამ სერიამდე ცხრა დღე ისვენებდა, "ლეიკერსმა" კი "დენვერთან" შვიდმატჩიანი ურთიერთობა ორი დღის წინ დაასრულა. როგორც აღმოჩნდა, მონდომება, სპორტული აგრესია და გამარჯვებისკენ სწრაფვა კალიფორნიელებმა სწორედ "დენვერთან" მეშვიდე მატჩში დატოვეს. "ოკლაჰომასთან" პირველი შეხვედრა მაიკ ბრაუნის შეგირდებმა პირწმინდად წააგეს.

კევინ დურანტს, რასელ უესტბრუკსა და ჯეიმს ჰარდენს მეტოქისგან არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. სანამ მასპინძლები პირველ მეოთხედში დაზვერვას აწარმოებდნენ და სიტუაციას აფასებდნენ, კალოფორნიელებმა თავიდან დაწინაურება შეძლეს, მაგრამ როგორც კი "ოკლაჰომამ" ტემპს მოუმატა, "ლეიკერსი" უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა.

ბრუქსის
შეგირდები არა მარტო დამაჯერებლად ათამაშებდნენ ურთულეს კომბინაციებს, არამედ ბურთთან მოპყრობის უნიკალურ მაგალითს გვიჩვენებდნენ. მასპინძლებმა მხოლოდ ოთხი შეცდომა დაუშვეს იმ დროს, როცა "ლეიკერსს" 15 დაკარგვა დაუგროვდა. თანაც, ცდებოდა სტუმართა გუნდის ყველა კალათბურთელი, მათ შორის, ლიდერი კობი ბრაიანტი, რომელიც გვარიანად შეავიწროვა ტაბო სეფოლოშამ.

უნდა შეგახსენოთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით "ოკლაჰომა" ლიდერი იყო საშუალოდ მატჩში დაშვებული შეცდომების რაოდენობით, მაგრამ ამ შეხვედრაში "ლეიკერსმა" ვერ გამოიყენა მეტოქის ეს ნაკლი. გარდა ამისა, "თანდერმა" 13 ჩაჭრა შეასრულა და სტუმრებს ერთხელაც არ მისცა სწრაფი გარღვევის განხორციელების საშუალება.

"ლეიკერსის" უბედურების პირველი ნიშნები საწყისი მეოთხედის შუაში გამოჩნდა. მეორე მეოთხედის ბოლოს კი დურანტი და კომპანია 9:2 გაიქცა. შესვენების შემდეგ სპურტის მასშტაბი 18:2-მდე გაიზარდა.

კალიფორნიელთაგან კი არანაირი პასუხი არ იყო. ბრძოლაც კი არ შეინიშნებოდა მოედანზე. შედეგად, მცირე პაუზის შემდეგ მასპინძლები კიდევ ერთხელ გაიქცნენ - 15:4. მესამე მეოთხედის ბოლოს დურანტი და უესტბრუკი დასასვენებლად წავიდნენ, ისევე, როგორც "ლეიკერსის" ლიდერები.

ასეთი სასტიკი წაგების შემდეგ კალიფორნიელთა სამწვრთნელო შტაბს მოუწევს გუნდის გამოფხიზლებაზე და საბრძოლო განწყობაზე მოსაყვანად ზრუნვა. პირველმა მატჩმა დაგვანახა, რომ "თანდერი" დენვერზე" გაცილებით მძლავრად გამოიყურება და ასეთი "მანქანის" წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთულია. მით უმეტეს, რომ "ოკლაჰომას" სამივე ლიდერი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

ოკლაჰომა-ლეიკერსი 119:90
30:23, 29:21, 39:24, 21:22
ო: უესტბრუკი (27+9 პასი+7 მოხსნა), დურანტი (25+8 მოხსნა+პასი), ჰარდენი (17), კუკი (8), მოჰამედი (7+2 დაფარება), ოლდრიჩი (7+6 მოხსნა), სეფოლოშა (7), იბაკა (6+2 დაფარება), ფიშერი (5), პერკინსი (4+2 დაფარება), კოლისონი (4), აივი (2).
ლ: ბინუმი (20+14 მოხსნა), ბრაიანტი (20), უორლდ პისი (12), გასოლი (10+7 მოხსნა), ბარნსი (8), გუდლაკი (5), მორისი (5), ჰილი (4+6 მოხსნა), სეშენსი (2+3 პასი), იბენქსი (2), მაკრობერტსი (2), ბლეიკი (0+4 პასი).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (53/43.2), სამქულიანები (41.2/43.8), საჯარიმოები (82.8/86.7).
სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული