NBA: ყველაფერი "ოკლაჰომასკენაა"

AutoSharing Option
"ოკლაჰომამ" ამ პლეი ოფში უკვე მეექვსე შეხვედრა ჩაატარა მოქმედ თუ ყოფილ ჩემპიონებთან და ჯერ ერთხელაც არ დამარცხებულა.

თანაც, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ბრუქსის შეგირდები უნაკლონი და უძლეველნი არიან. ხშირად მათ ფორტუნა სწყალობთ და ხან მეტოქეები უშვებენ სულელურ შეცდომებს.

"ლეიკერსმა" კი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. კლუბის ისტორიაში 19 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ შეძლო "ლეიკერსმა" სერიის მოგება პირველი ორი მატჩის წაგების შემდეგ. თავის მხრივ, თუ "თანდერისა" და "სიეტლ სუპერსონიქსის" ისტორიას დავაკავშირებთ, ამ გუნდს არასოდეს წაუგია სერია ორი მოგების
შემდეგ.

პირველ მატჩში შერცხვენის შემდეგ ამჯერად "ლეიკერსის" კალათბურთელებმა სწორი დასკვნები გააკეთეს. საბოლოოდ, მათ ორი წუთი არ ეყოთ იმისთვის, რომ გამარჯვებამდე მიეყვანათ შეხვედრა.

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ყოველთვის, როცა "ოკლაჰომა" მინი-სპურტს ასრულებდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ეს გაქცევა გლობალურ მასშტაბებს მიიღებდა და მატჩის ბედიც მალე გაირკვეოდა, მაგრამ სტუმრები ყოველ ჯერზე ღირსეულ პასუხს ახერხებდნენ და თანაბარ ანგარიშს ინარჩუნებდნენ.

სერჟ იბაკას ჩატენვებსაც არ მოუხდენია მეტოქეზე ფსიქოლოგიური გავლენა. "ლეიკერსი" რჩებოდა თამაშში მეორე ტემპით მოპოვებული ქულებისა და "თანდერის" შეცდომების ხარჯზე, რაც მასპინძლებს ბევრი ჰქონდათ (13).

მეორე ტაიმში შეტევაში სერიოზული პრობლემები შეექმნათ მასპინძლებს. სისწრაფე მათ უკვე ვეღარ შველოდათ, მაგრამ კევინ დურანტი და კომპანია არ ცვლიდნენ ტაქტიკას და პირველი შესაძლებლობისთანავე ისროდნენ, თუმცა ბევრს აცილებდნენ. დიდად შეტევაში სიზუსტით ვერც "ლეიკერსი" დაიკვეხნიდა. და მაინც, მესამე მეოთხედის ბოლოსა და მეოთხეს დასაწყისში სტუმრებმა ექვსქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე ერთი ქულით გაიზარდა.

სკოტ ბრუქსმა ტაიმ-აუტი აიღო, რის შემდეგაც დაიწყო "ოკლაჰომას" ტრიუმფალური დაბრუნება, რომელიც დაფუძნებული იყო ჩაჭრებსა და "ლეიკერსის" შეცდომებზე. კობი ბრაიანტმა ბურთი დაკარგა (კევინ დურანტის აქტიურობით) და დაფარება მიიღო ჰარდენისგან.

ბლეიკმა პრესინგის გამო არაზუსტი პასი შეასრულა და ვერ გამოიყენა გადამწყვეტი სამქულიანი. არადა, ამ მომენტში ის აბსოლუტურად თავისუფალი იყო.

შვიდქულიანი ჩამორჩენა სწრაფად დავიდა ერთ ქულამდე. არადა, სწორედ ბრაიანტმა და ბლეიკმა ბოლო მეოთხედის შუაში პირადად მოაწყვეს კალიფორნიელთა სპურტი. "ოკლაჰომამ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდა შემადგენლობას, ნერვების მხრივ, ყველაფერი წესრიგში აქვს.

სერია ლოს ანჯელესში გადადის, სადაც მაიკ ბრაუნის გუნდს ორივე მატჩის მოგება სჭირდება.

ოკლაჰომა-ლეიკერსი 77:75
21:22, 27:23, 12:18, 17:12
ო: დურანტი (22+7 მოხსნა+5 პასი), უესტბრუკი (15+6 მოხსნა+4 პასი), ჰარდენი (13), იბაკა (8+7 დაფარება), კოლისონი (6), სეფოლოშა (6), ფიშერი (3), პერკინსი (2+5 მოხსნა), კუკი (2), მოჰამედი (0+5 მოხსნა).
ლ: ბინუმი (20+9 მოხსნა+2 დაფარება), ბრაიანტი (20+4 პასი+4 ჩაჭრა), გასოლი (14+11 მოხსნა+3 პასი), უორდ პისი (8+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰილი (6+6 მოხსნა), ბლეიკი (5), სეშენსი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42/38.5), სამქულიანები (35.3/13.3), საჯარიმოები (81.3/92.9).
სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული