NBA. პლეი ოფი. 1/4-ფინალი: "სიქსერზი" იოლად არ ნებდება

AutoSharing Option
შაბათის სათამაშო დღე ფილადელფიაში გაიხსნა, სადაც ადგილობრივი "სიქსერზი" პირველ საშინაო მატჩში გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების გამო "ბოსტონისთვის" რევანშის აღებას აპირებდა; თანაც, სერიაში ანგარიში იყო გასათანაბრებელი. მაგრამ თავიდან ისე ჩანდა, რომ მასპინძლებს მორიგი სირცხვილი არ ასცდებოდათ. "ბოსტონმა" მატჩი 14:0 გაქცევით დაიწყო, შემდეგ ანგარიში 18:3 გახდა, ცოტა ხანში - 20:5...

ამ პერიოდში მასპინძლები 20-პროცენტიან რეალიზაციას აჩვენებდნენ და პირველ მეოთხედში 16-დან მხოლოდ სამი ტყორცნა გამოიყენეს. სიტუაცია დიდად არც მეორე 12-წუთეულში გამოსწორებულა, მიუხედავად იმისა, რომ "ბოსტონმა" ოდნავ უკლო თამაშის ტემპს.

მესამე მეოთხედის საწყის ხუთ წუთში
მეტოქეებმა თამაშიდან ვერცერთი ბურთი ჩააგდეს, სანამ ჰაუსმა საშუალო სროლა არ მოათავსა კალათში. "ბოსტონისთვის" კი "მშრალი" სერია შვიდ წუთამდე გაგრძელდა.

ეს უღიმღამო მონაკვეთი "ფილადელფიას" წაადგა. ჯერ ერთი, ბასმა მეოთხე პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა, რითაც "სელტიქსს" დაცვაშიც და შეტევაშიც ბევრი დააკლდა.

ამავდროულად, კევინ გარნეტს მიზანი აერია და დარჩენილ დროში ერთი ბურთიც ვერ ჩააგდო. გარდა ამისა, მჭიდრო დაცვამ რონდოც დააზარალა და მან ვერ აჩვენა ის თამაში, რომელიც პირველ ნახევარში ჰქონდა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ "სელტიქსი" ნერვებს ვერ აკონტროლებდა და ტექნიკური ჯარიმები მიიღეს გარნეტმა და ჰოლინზმა. წაგებული თამაშის შემობრუნება სწორედ ამ მომენტებიდან დაიწყო.

მასპინძლებს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ. თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის პროცენტი ისევ მეტოქეზე უარესი ჰქონდათ (37.8-42.3). სამაგიეროდ, ფარქვეშ დომინირებდნენ, ხოლო მათმა ლიდერმა ანდრე იგუოდალამ დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ მიიჩნევა ოლიმპიადაზე გამგზავრების პრეტენდენტად.

სირენამდე 1.22 წუთით ადრე სწორედ მან დაიწყო "ფილადელფიას" გადამწყვეტი სპურტი საშუალო ტყორცნით და საბოლოოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი ზუსტი სამქულიანით.

ფილადელფია-ბოსტონი 92:83
12:24, 19:22, 28:17, 33:20
ფ: იგუოდალა (16+7 მოხსნა+4 პასი), ტერნერი (16+9 მოხსნა), უილიამსი (15+8 პასი), იანგი (12+9 მოხსნა+3 პასი), ჰოლიდეი (11+7 მოხსნა), მიქსი (9+3 ჩაჭრა), ალენი (8+10 მოხსნა), ბრენდი (3), ჰეიესი (2).
ბ: პირსი (24+6 მოხსნა+2 დაფარება), ბასი (15+5 მოხსნა), რონდო (15+15 პასი), გარნეტი (9+11 მოხსნა+3 დაფარება), ბრედლი (8), ალენი (5+6 მოხსნა), პიეტრუსი (5), ჰოლინზი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (37.8/42.3), სამქულიანები (45.5/30.4), საჯარიმოები (69.4/84.2).
სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული