"სპურსისთვის" მინუს 22 არაფერია

AutoSharing Option
"სან ანტონიომ", პრაქტიკულად, გაინაღდა დასავლეთის ფინალში თამაში, მიუხედავად იმისა, რომ "კლიპერსთან" სერიის მესამე მატჩის დასაწყისი ფავორიტს კარგს არაფერს უქადდა.

პირველ მეოთხედში კალიფორნიელებმა ამ პლეი ოფში საუკეთესო 12 წუთი ითამაშეს და მთლიანად დაჩაგრეს მეტოქე. ბლეიკ გრიფინმა გადაუარა "სპურსის" წინა ხაზს, რენდი ფოიე და კრის პოლი კი მშვიდად ისროდნენ საშუალო დისტანციიდან.

ლიდერების ნაცვლად გამოსულმა რეზერვისტებმაც ვერაფერი გააწყვეს კალიფორნიელთა წინააღმდეგ და საბოლოოდ "კლიპერსმა" პირველ მეოთხედში მეტოქეზე სამჯერ მეტი ქულა დააგროვა.

მაგრამ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული მოედანზე ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა. დიდი შესვენებისთვის ტექსასელებმა 22-ქულიანი ჩამორჩენა
ათ ქულამდე დაიყვანეს და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მატჩს საინტერესო დასასრული ექნებოდა, რადგან "სპურსი" მოახერხებდა ამ ათი ქულის გაბათილებას.

სწორედ ასე მოხდა მესამე მეოთხედში, ოღონდ ტიმ დანკანმა და მისმა მეგობრებმა ზედმეტად მოინდომეს და არა მარტო გაათანაბრეს ანგარიში, არამედ 13 ქულით გაიჭრნენ წინ. ამის შემდეგ "სან ანტონიომ" ახლოსაც არ მიიკარა მეტოქე. გრეგ პოპოვიჩის გუნდს პლეი ოფში შვიდიდან შვიდი მოგება აქვს.

აღსანიშნავია, რომ პირველად NBA-ს ისტორიაში, პლეი ოფის ეტაპზე გუნდმა მოიგო მატჩი მაშინ, როცა პირველ მეოთხედში 22 ქულით იყო ჩამორჩენილი.

ადრე რეკორდი "ბოსტონს" ეკუთვნოდა, რომელმაც 2008 წლის ფინალში მოიგო შეხვედრა "ლეიკერსთან" პირველ მეოთხედში 21 ქულით ჩამორჩენის შემდეგ.

"კლიპერსს" ამ სერიაში შანსი რომ აღარ აქვს, ამას ასოციაციის ისტორიაც გვიჩვენებს, რადგან 0:3-ის შემდეგ NBA-ში სერია არასოდეს არავის მოუგია.

კლიპერსი-სან ანტონიო 86:96
33:11, 20:32, 8:26, 25:27
კ: გრიფინი (28+16 მოხსნა+3 დაფარება), უილიამსი (19), პოლი (12+11 პასი), იანგი (9), ფოიე (7), ევანსი (5+7 მოხსნა), ჯორდანი (4+5 მოხსნა), ბლედსოუ (2), ბატლერი (0+6 მოხსნა+3 პასი).
ს-ა: პარკერი (23+10 პასი), დანკანი (19+13 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), ლეონარდი (14+9 მოხსნა), ჯინობილი (13+6 პასი), გრინი (7), ნილი (7), დიაო (5), სპლიტერი (5), ბონერი (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.3/46.1), სამქულიანები (33.3/40.9), საჯარიმოები (50/68).
სერია: 0-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული