NBA. პლეი ოფი. 1/4-ფინალი: ლებრონ ჯეიმსი - 70

AutoSharing Option
21 მაისს ინდიანაპოლისში გაიმართა "მაიამისა" და "ინდიანას" სერიის მეოთხე შეხვედრა, რომელშიც ფლორიდელებს აუცილებლად სჭირდებოდათ გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიაში ანგარიში 3:1 ხდებოდა "ინდიანას" სასარგებლოდ და სპოელსტრას შეგირდებს კონფერენციის ფინალში გასვლის მინიმალური შანსი დარჩებოდათ.

სპოელსტრამ წინა შეხვედრის მსგავსად, სასტარტოში ბატიე გამოიყვანა და ლებრონ ჯეიმსი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე დააყენა.

სხვათა შორის, ლებრონისთვის ეს იყო 101-ე მატჩი პლეი ოფში. "მაიამის" ლიდერი ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში, ვინც პირველ 100 შეხვედრაში 2500 ქულაზე, 800 მოხსნასა და 600 შედეგიან გადაცემაზე მეტი დააგროვა.

მან ამ მაჩვენებლებით ისეთ ლეგენდებს გაუსწრო,
როგორებიც არიან: მაიკლ ჯორდანი, მეჯიქ ჯონსონი და ლარი ბერდი, მაგრამ ეს სტატისტიკური მიღწევები პირველ წუთებში ვერ შველოდა მის გუნდს. აქტიურმა პრესინგმა და სწრაფმა ტემპმა, რომელიც მეტოქეს "პეისერსმა" შესთავაზა, სტუმრებს ოთხ წუთში ხუთი შეცდომა დააშვებინა.

"ჰიტს" ამ დაბნეულობის დასაძლევად ბატიესა და ჩელმერსის სამქულიანები დაეხმარა, რამაც "ინდიანას" 10 ქულაზე შორს წასვლის საშუალება არ მისცა. ხოლო, როცა მეოთხედის ბოლოს ჯეიმსს, როგორც იქნა, საფირმო გარღვევები წაუვიდა, ფრანკ ფოგელის გუნდის ინიციატივისგან არაფერი დარჩა.

"მაიამის" სათადარიგო მოთამაშეებმა სტუმრებს მცირე უპირატესობაც კი მოუტანეს, თუმცა ამას "პეისერსის" შტურმი მოჰყვა და "ჰიტი" დიდხანს ვერ დატკბა მოპოვებული ლიდერობით. სტუმრებისთვის ყველაზე საგანგაშო ის იყო, რომ დუეინ უეიდი აგრძელებდა უზუსტო საშუალო ტყორცნების სერიას, რომელიც წინა მატჩიდან გადმოჰყვა.

მხოლოდ დიდი შესვენების წინ გუნდის მესამე ნომერმა რაღაც იმედი ჩაუსახა გულშემატკივრებს: ორ წუთში მან ექვსი ქულა დააგროვა. მესამე მეოთხედის დასაწყისში კი უეიდი უკვე შეუჩერებელი იყო: "ფლეშმა" პირველი ექვსი ტყორცნიდან ექვსივე მოათავსა კალათში.

ამას ემატებოდა ლებრონის აქტიურობა და ნელ-ნელა მატჩის სასწორი სტუმრებისკენ გადაიხარა. ამ წყვილმა მეოთხედში გუნდური 30 ქულიდან 28 თავის ანგარიშზე მიითვალა და თან თავის საყვარელ საქმესაც მიხედა - პერსონალურებით დატვირთა მეტოქე.

როგორც კი მათ ამ ხერხით გზიდან ჩამოიცილეს უესტი და ჰიბერტი, "ინდიანას" უპირატესობა მოხსნებში სადღაც გაქრა და მასპინძლები საშუალო და შორი მანძილებიდან ტყორცნების იმედად დარჩნენ.

სამქულიანები კი "პეისერსს" სერიის დასაწყისიდან არ მისდის და ამის გამო ბოლო 12-წუთეულის დასაწყისისთვის სხვაობა 10 ქულა იყო, ოღონდ "ჰიტის" სასარგებლოდ.

ბოლო მეოთხედის წინ საკითხი ასე იდგა - შეძლებდა თუ არა "პეისერსი" ჯეიმსისა და უეიდის შეჩერებას. მასპინძლებმა ეს საკითხი ვერ მოაგვარეს, თან იმდენად გადაერთვნენ ამ ორი კალათბურთელის განეიტრალებით, რომ დაავიწყდათ "მაიამის" სხვა შემტევი მოთამაშეები. ისინი საჭირო დროს გააქტიურდნენ.

ჰასლემი ფარისკენ უშვებდა ყველა ბურთს, რომელსაც უეიდისგან ან ჯეიმსისგან იღებდა და რადგან ამ მომენტებში ყოველთვის თავისუფალი იყო, რეალიზაციის მხრივ პრობლემები არ ჰქონია.

ბოლოსკენ "ინდიანას" შეტევა გამოცოცხლდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგიდან ლებრონ ჯეიმსმა მოხსნა, რომელმაც ოთხიდან სამი საჯარიმო გამოიყენა და თავის გუნდს ფლორიდაში ფავორიტის რანგში დაბრუნების საშუალება მისცა.

ინდიანა-მაიამი 93:101
25:18, 29:28, 16:30, 23:25
ი: გრეინჯერი (20+5 მოხსნა+3 პასი), კოლისონი (16), ჯორჯი (13+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰიბერტი (10+9 მოხსნა+3 დაფარება), უესტი (8+6 მოხსნა+3 პასი), ჰილი (8+4 პასი), ბარბოზა (8), ჰენსბრო (8), ამუნდსონი (2+7 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (40+18 მოხსნა+9 პასი+2 დაფარება), უეიდი (30+9 მოხსნა+6 პასი+2 დაფარება), ჰასლემი (14), ჩელმერსი (8+3 პასი), ენტონი (4+3 დაფარება), ბატიე (3), მილერი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.8/47.5), სამქულიანები (31.8/41.7), საჯარიმოები (83.3/71.4).
სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული