"ლეიკერსი" - თავს ზემოთ ძალა არ არის

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე წელია, "ლეიკერსი" უსახელოდ ასრულებს სეზონს. მათ კვლავ ულაპარაკოდ წააგეს პლეი ოფის მეორე რაუნდი. შარშან კალიფორნიელები "მშრალი" ანგარიშით დაამარცხა "დალასმა", ახლა კი ეს როლი "ოკლაჰომამ" შეასრულა.

სერიის მეხუთე მატჩი ძალიან ჰგავდა "ბოსტონისა" და "ფილადელფიას" მეხუთე შეხვედრას. კობი ბრაიანტი და მისი გუნდი ორნახევარი მეოთხედი ტოლსწორად ებრძოდა "თანდერს", მაგრამ მესამე მეოთხედის ბოლოს მასპინძლები 10:4 გაიქცნენ, ბოლო 12-წუთეულის დასაწყისში კი 10:0 სპურტი მოაწყვეს.

"ოკლაჰომამ" ზუსტად დაიჭირა მეტოქის მოდუნების მომენტი და თავისი საფირმო გარღვევებით (30-6) მოუგო "ლეიკერსს".

ბრაიანტის გარდა, კალიფორნიელთა რიგებში პასუხის გამცემი
არავინ იყო. გასოლმა ბევრი ბურთი მოხსნა, მაგრამ მისგან სარგებელი მაინც ძალიან ცოტა იყო. კენდრიკ პერკინსმა შესანიშნავად დაიცვა თავი ბინუმთან ორთაბრძოლაში და იბაკასთან ერთად მასტერ-კლასი მოაწყო მეტოქის ფარზე (14-3).

რაც შეეხება კობის, მან პლეი ოფის მატჩებში მეცამეტედ გადალახა 40-ქულიანი ზღვარი. ამ დროს "ლეიკერსმა" 10 მატჩი მოიგო და სამჯერ დამარცხდა. აქედან ორი წაგება ამ სეზონზე მოდის.

საინტერესო სტატისტიკური მონაცემია - "ლეიკერსმა" ოთხიდან სამ წაგებულ შეხვედრაში 12-დან ცხრა მეოთხედი მოიგო, მაგრამ გადამწყვეტი 12-წუთეულები, როცა ახალგაზრდა "თანდერი" ვა-ბანკზე მიდიოდა, პირწმინდად იქნა წაგებული.

"ოკლაჰომა" ზედიზედ მეორედ ითამაშებს კონფერენციის ფინალში. ასეთი რამ 1979-80 წლების შემდეგ პირველად მოხდა. მაშინ ამ გუნდს "სიეტლ სუპერსონიქსი" ერქვა. სწორედ იმ პერიოდში მოიპოვა კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში ერთადერთი ტიტული. ამ შედეგის გასამეორებლად "ოკლაჰომას" ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი - შემდეგ რაუნდში პლეი ოფში დაუმარცხებელი "სან ანტონიო" ელოდება.

ოკლაჰომა-ლეიკერსი 106:90
26:21, 28:30, 29:26, 23:13
ო: უესტბრუკი (28+4 პასი), დურანტი (25+10 მოხსნა+4 პასი), ჰარდენი (17+8 მოხსნა+4 პასი), იბაკა (8+6 მოხსნა+3 დაფარება), მოჰამედი (7), პერკინსი (6+11 მოხსნა+2 დაფარება), კოლისონი (6+6 მოხსნა), სეფოლოშა (4), ფიშერი (4), აივი (1).
ლ: ბრაიანტი (42+5 მოხსნა), გასოლი (14+16 მოხსნა+3 დაფარება), უორლდ პისი (11+5 პასი), ბინუმი (10), სეშენსი (8+5 მოხსნა+3 პასი), იბენქსი (2+2 დაფარება), ჰილი (2), ბლეიკი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (52.2/46.8), სამქულიანები (20/33.3), საჯარიმოები (78.8/62.5).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.7/45.3), სამქულიანები (23.1/18.2), საჯარიმოები (76/76.9).
სერია: 4-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული