NBA. პლეი ოფი. 1/4-ფინალი: ტრიუმფი უხეშობის თანხლებით

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "მაიამიმ" წინა მატჩში გაათანაბრა სერიაში ანგარიში, მეხუთე შეხვედრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

ფაქტობრივად, ეს იყო სერიის გადამწყვეტი მატჩი. მიუხედავად ამგვარი ინტრიგისა, შეხვედრამ არ გაამართლა გულშემატკივართა იმედები. "ჰიტმა" ერთხელაც არ მისცა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება, თავად კი ყოველ წუთს ზრდიდა უპირატესობას.

ყველაფერი სტარტიდანვე დაიწყო, როცა "ჰიტმა" ყველა გააკვირვა გუნდური თამაშით - სასტარტოს თითოეულმა წევრმა პირველ მეოთხედში ქულების დაგროვება მოახერხა.

"ინდიანას" კი ტრადიციული პრობლემები შეექმნა საშუალო დისტანციიდან სროლისას, რასაც წინა ხაზის ძალიან სუსტი თამაშიც დაემატა.

ჰიბერტმა და უესტმა საწყისი
10 სროლიდან ორი მოათავსეს კალათში და ასევე გააგრძელეს ბოლომდე: 23-იდან 8 ზუსტი ტყორცნა.

მხოლოდ დენი გრეინჯერის წყალობით არ უშვებდა "ინდიანა" მეტოქეს ძალიან შორს. ამ კალათბურთელის სამი სამქულიანი პირველ მეოთხედში ღირსეული პასუხი იყო შეინ ბატიეს ანალოგიური მიღწევის წინააღმდეგ.

მეორე მეოთხედი არა იმდენად თამაშით, არამედ ორმხრივი უხეშობით დაგვამახსოვრდა. თავიდან ტაილერ ჰენსბრომ წარუმატებელი დაფარების დროს წარბი გაუხეთქა დუეინ უეიდს.

"ინდიანას" ახალგაზრდა ფორვარდმა მსაჯებისგან ტექნიკური ჯარიმა და უდონის ჰასლემისგან საკადრისი პასუხი მიიღო. წინა მატჩის გმირმა ჰენსბროს ორივე ხელი უთავაზა სახეში და მანაც ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა.

თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ეს აშკარად განზრახ უხეშობა იყო, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ჰასლემს მატჩის ბოლომდე გააძევებდნენ მოედნიდან, მაგრამ მსაჯებმა დაინდეს მოთამაშე და მისი ბედის გადაწყვეტა სადისციპლინო კომიტეტს მიანდეს.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მეორე მეოთხედი დახუნძლული იყო მოვლენებით, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სერიის საბოლოო შედეგზე (ჰასლემის სავარაუდო დისკვალიფიკაცია დიდად იმოქმედებს მეექვსე მატჩში ძალთა თანაფარდობაზე).

ლაპარაკია გრეინჯერის ტრავმაზე: "პეისერსის" ლიდერმა ერთ-ერთი ნახტომისას ფეხი გადაიბრუნა. ის მომდევნო მეოთხედის სტარტზე დაბრუნდა მოედანზე, ცოტა ხანი კოჭლობით სდია ლებრონ ჯეიმსს და ექიმების დახმარება მოითხოვა.

ცოტა ხანში გაირკვა, რომ დენი ვერ შეძლებდა თამაშის გაგრძელებას. ექიმებს ორი დღე აქვთ იმისთვის, რომ ფეხზე დააყენონ ფორვარდი. წინააღმდეგ შემთხვევაში "ინდიანას" ძალიან გაუჭირდება.

ასევე, მატჩის ბოლოს პრობლემები შეექმნა დევიდ უესტს, მაგრამ მისი თამაში შემდეგ შეხვედრაში ეჭვს არ იწვევს.

რაც შეეხება თამაშს, მესამე მეოთხედის საწყის წუთებში "ჰიტმა", პრაქტიკულად, მოხსნა დღის წესრიგიდან გამარჯვებულის საკითხი.

უეიდმა და ჯეიმსმა ისე ჩაატარეს მეოთხედი, როგორც წინა მატჩში მესამე 12-წუთეული, როცა ორივემ ერთად უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე მთელმა "ინდიანამ". ამჯერად ანგარიში იყო 19:17 ამ ვარსკვლავური წყვილის სასარგებლოდ. ამას დაემატა ბატიეს, ჩელმერსისა და კოულის ქულები და სხვაობა 20 ქულამდე გაიზარდა. გრეინჯერსის გარეშე "ინდიანას" ამ ჩამორჩენის გაბათილების შანსი არ ჰქონდა.

მაიამი-ინდიანა 115:83
26:20, 23:20, 27:17, 39:26
ი: ჯეიმსი (30+10 მოხსნა+8 პასი), უეიდი (28), ბატიე (13), ჰასლემი (10+6 მოხსნა), ჩელმერსი (8+11 მოხსნა+3 პასი), ენტონი (7+5 მოხსნა+4 დაფარება), კოული (6+3 პასი), ჯონსი (6), ჰოვარდი (3), ტურიაფი (2), ჰარისი (2).
ი: ჯორჯი (11+3 პასი), გრეინჯერი (10), უესტი (10), კოლისონი (8+4 ჩაჭრა), ჰიბერტი (8+12 მოხსნა), ჰენსბრო (8), ამუნდსონი (6), ბარბოზა (6), ჰილი (6), ჯონსი (5), პენდერგრაფი (2), პრაისი (2), სტივენსონი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (61.4/33.7), სამქულიანები (56.3/28.6), საჯარიმოები (69/73.9).
სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული