NBA. პლეი ოფი. 1/4 ფინალი: "ფილადელფია" არ ნებდება

AutoSharing Option
დაუმორჩილებელი "ფილადელფია" ბოლომდე აპირებს "ბოსტონის" ნერვებზე თამაშს. "კელტებმა" ვერ შეძლეს მეექვსე მატჩში სერიის დასრულება და აღმოსავლეთის ფინალისთვის მზადების დაწყება.

სასურველი დასვენების ნაცვლად, დოკ რივერსის გუნდს შაბათს მეშვიდე მატჩის თამაში მოუწევს. თუმცა გუშინდელი წაგება მოსალოდნელი იყო - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, "კელტებმა" 12 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ დახურეს სერია გასვლით შეხვედრაში.

შედეგიანი მეხუთე მატჩის შემდეგ, გუნდებმა გუშინ, პირველ ნახევარში ანტიკალათბურთი აჩვენეს. რა თქმა უნდა, ორივე გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "სელტიქსმაც" და "სიქსერზმაც" ბევრი იოლი ბურთი ააცილა.

მესამე
მეოთხედის შუამდე ორივე გუნდს რამდენიმე მინი-სპურტი ჰქონდა. ხან "ფილადელფია" დაწინაურდებოდა 5-6 ქულით, ხან კი "ბოსტონი" ეწეოდა მეტოქეს და წინ გასვლას ახერხებდა.

დაგ კოლინზმა თავდაპირველად აქცენტი საშუალო ტყორცნებზე გააკეთა, მაგრამ ამ მხრივ მასპინძლებს პრობლემები შეექმნათ და ფარქვეშ შესვლებზე გადავიდნენ, რამაც მინიმალური უპირატესობა მოუტანა.

"ბოსტონიც" ბევრით ვერაფრით დაიკვეხნიდა შეტევაში. მხოლოდ მეორე მეოთხედის შუაში დაიწყო კევინ გარნეტმა თავისი საფირმო საშუალოების ჩაგდება. საერთო ჯამში, ვეტერანი ფორვარდი არასტაბილური იყო: ხან მიყოლებით აცილებდა ტყორცნებს და პირიქით, ჰქონდა მონაკვეთები, როცა ზედიზედ ყრიდა ბურთებს. მატჩის ბოლოს სწორედ გარნეტი იყო ერთადერთი, ვინც მასპინძლებისთვის ხასიათის გაფუჭება სცადა.

მეხუთე მატჩში ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ბრენდონ ბასმა ამჯერად მხოლოდ სასტარტო მეოთხედში გამოიჩინა თავი, საერთო ჯამში კი 12-დან 10 ტყორცნა ააცილა მიზანს.

"ბოსტონი" ინტრიგას საჯარიმო ხაზიდან სიზუსტისა და ფარქვეშ მოულოდნელი აქტიურობის ხარჯზე ინარჩუნებდა. მაგრამ მხოლოდ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოგება ძალიან რთულია.

სტუმრებს შეტევაში ფანტაზია აკლდათ, თანაც, მხოლოდ ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა რაჟონ რონდომ. ლიგის ერთ-ერთი საკუთესო გამთამაშებლის ასეთი სუსტი გამოსვლა მისი შეცდომების ან პასიურობის ბრალი არ იყო, უბრალოდ პარტნიორებს აერიათ მიზანი.

პირველი სერიოზული გაქცევა (11:0) მესამე მეოთხედის შუაში განხორციელდა. "ფილადელფიას" სასტარტო ხუთეულის თითოეულმა წევრმა გამოიჩინა თავი, ძირითადად, სამწამიანი ზონიდან.

"სიქსერზი" გრძნობდა, რომ "კელტები" ვერ ახერხებდნენ საკუთარი თამაშის პოვნას. მართალია, პირსმა და რონდომ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მასპინძლებმა ამ მომენტისთვის უკვე ძალიან მოუმატეს თამაშს. ისინი სულელურ შეცდომებს აღარ უშვებდნენ და ჯარიმების გამოყენება დაიწყეს.

ამ დროს გამოჩნდა სერიოზული პრობლემები სტუმართა დაცვის ხაზში. დასკვნითი 12-წუთეულის შუაში შედეგიანად ათამაშდნენ ჰოლიდეი და უილიამსი. მცველების აქტიურობამ 11-ქულიანი უპირატესობა მოიტანა. სათამაშო რჩებოდა შვიდი წუთი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარნეტი იყო ერთადერთი სტუმრათა რიგებში, რომელიც მეტოქეს გამოეკიდა, მაგრამ მხოლოდ მისი მონდომება არასაკმარისი აღმოჩნდა.

შეცდომებს უმატა რონდომ, თანაც არა მხოლოდ შეტევების დასკვნით ფაზაში, არამედ იერიშების ორგანიზების დროსაც. "ბოსტონის" სათადარიგოთა სკამისგან არანაირი სარგებელი არ იყო და მან ხუთი ქულა დააგროვა იმ დროს, როცა "სიქსერზის" რეზერვისტებმა 18 ქულის აღება შეძლეს.

ბოლოსკენ სამქულიანი და საშუალო ტყორცნა ჩააგდო რეი ალენმა, მაგრამ დრო ძალიან ცოტა რჩებოდა - ასეთი თამაშით ერთ წუთში შვიდქულიანი ჩამორჩენის გაბათილება მეტად რთული იქნებოდა.

ფილადელფიელები გონივრულად მართავდნენ შეტევებს და ბურთსაც უფრთხილდებოდნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია შარშანდელი დებიუტანტის ევან ტერნერის თამაში, რომელიც ასეთ დაძაბულ მატჩებში აშკარა პროგრესს აღწევს.

მისმა აგრესიამ და მონდომებამ ამჯერადაც მოიტანა შედეგი. მას განსაკუთრებული სტატისტიკა არ ჰქონია (11-დან 5), მაგრამ "სელტიქსის" მცველებზე ზეწოლასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მეშვიდე მატჩი ბოსტონში გაიმართება. ისტორიული სტატისტიკა აშკარად არ არის "ფილადელფიას" მხარეს. "სიქსერზმა" წააგო ზედიზედ 13 სერია იმ დროს, როცა 2:3 იყო ჩამორჩენილი. ბოლოს ამ გუნდმა მსგავსი სერია 1955 წელს მოიგო.

ფილადელფია-ბოსტონი 82:75
22:19, 11:17, 27:20, 22:19
ფ: ჰოლიდეი (20+6 პასი), ბრენდი (13+10 მოხსნა), ტერნერი (12+9 მოხსნა+4 პასი), იგუოდალა (12+6 პასი), უილიამსი (11+6 პასი), ჰეიესი (9), ალენი (3+2 დაფარება), იანგი (2).
ბ: პირსი (24+10 მოხსნა+3 პასი), გარნეტი (20+11 მოხსნა), რონდო (9+9 მოხსნა+6 პასი), ალენი (9), ბასი (8+5 მოხსნა), პიეტრუსი (5), ჰოლინზი (0+5 მოხსნა+3 პასი).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45.7/33.3), სამქულიანები (11.1/21.4), საჯარიმოები (60.7/87).
სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული