NBA. პლეი ოფი. 1/4 ფინალი: დუეინ უეიდი ძალიან გაუბრაზებიათ

AutoSharing Option
მესამე მატჩში წაგების შემდეგ, რომელმაც "ინდიანა" წინ გაიყვანა სერიაში (2:1), "ჰიტმა" შეძლო კონცენტრირება და ზედიზედ მესამე მატჩის მოგება, რამაც ამ გუნდს ზედიზედ მეორედ აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალის საგზური მოუტანა.

როგორც გახსოვთ, "მაიამიმ" მესამე მატჩი დუეინ უედის საშინელი თამაშის გამო დათმო, მაგრამ დარჩენილ თამაშებში "ფლეში" შეუდარებელი გახლდათ, საბოლოოდ კი თავისი "დანაშაული" 25 მაისს გამართულ მატჩში გამოისყიდა.

ზედიზედ სამ მოგებულ შეხვედრაში უეიდი საშუალოდ 33 ქულას აგროვებდა და თამაშიდან 61-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა!

თუმცა ის მატჩი სტუმრებისთვის არც ისე კარგად იწყებოდა. მასპინძლების წინა ხაზი აქტიურად
ტვირთავდა სამწამიანს, რაც ლოგიკური იყო, რადგან "მაიამის" ისევ ვერ ეხმარებოდა კრის ბოში და დისკვალიფიცირებული იყო ჰასლემი. "ინდიანამ" იოლად მოიპოვა 11-ქულიანი უპირატესობა, მაგრამ ამასობაში, "მაიამიმ" დაასრულა დაზვერვა და დაიწყო უეიდის შოუ.

დუეინს მხარი აუბა ფლორიდელთა შორეულმა არტილერიამ ჩელმერსისა და მილერის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ უეიდის გარდა, სტუმრების რიგებში გარღვევები არავის გამოსდიოდა, ამიტომაც სპოელსტრას შეგირდებმა აქცენტი საშუალო და შორეულ ტყორცნებზე გადაიტანეს, რამაც შედეგი მოიტანა.

მეორე მეოთხედმა უეიდის შეტევების ფონზე ჩაიარა. "ინდიანას" შემადგენლობაში ვერავინ ახერხებდა "ფლეშის" შეჩერებას. თუმცა ასევე კარგი იყო დენი გრეინჯერი, რომელმაც მოასწრო ამ მატჩისთვის გამოჯანმრთელება და მისი განეიტრალება ლებრონ ჯეიმსმა მხოლოდ მეორე ნახევარში მოახერხა. მანამდე კი პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა "პეისერსს" ეყო იმისთვის, რომ დიდ შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გასულიყო.

დაახლოებით თანაბარი თამაში მესამე მეოთხედშიც გაგრძელდა, მაგრამ ინდიანაპოლისელებმა ვერც ერთ მატჩში ვერ აიცილეს ჩავარდნა.

გამონაკლისი არც ეს შეხვედრა აღმოჩნდა. ამ გუნდისთვის ფსიქოლოგიური დარტყმა იყო მესამე მეოთხედის ბოლო, როცა "ჰიტმა" წუთსა და 15 წამში 9:0 გაქცევა შეძლო. "მაიამის" ისღა რჩებოდა, რომ დამაჯერებლად და მინიმალური შეცდომებით ეთამაშა მეოთხე მეოთხედში, რაც წარმატებით გააკეთა კიდეც.

მაქსიმუმი, რაც მასპინძლებმა მოახერხეს, მეტოქესთან ხუთი ქულით მიახლოება იყო, მაგრამ უეიდმა და ჯეიმსმა გათანაბრების შანსი აღარ მისცეს მოწინააღმდეგეს. თანაც ფრენკ ფოგელის შეგირდები ძალიან ბევრ სულელურ შეცდომას უშვებდნენ და ჯამში 20 შეცდომა დაუგროვდათ.

ასეთ რამეს კი "მაიამი" არავის პატიობს.

ინდიანა-მაიამი 93:105
28:21, 25:30, 16:28, 24:26
ი: უესტი (24+5 მოხსნა), ჰილი (18+5 პასი), გრეინჯერი (15+4 პასი), ჰიბერტი (12+8 მოხსნა+2 დაფარება), ჯორჯი (11+10 მოხსნა), კოლისონი (5), ჰენსბრო (3+5 მოხსნა), ჯონსი (3), ამუნდსონი (2).
მ: უეიდი (41+10 მოხსნა+3 პასი), ჯეიმსი (28+7 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (15), მილერი (12), ენტონი (5+2 დაფარება), ბატიე (2), ჯონსი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (48.6/53.9), სამქულიანები (35.3/35), საჯარიმოები (79.2/80).
სერია: 4-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული