შეიძლება ტიმ დანკანის მიმართ გარკვეული პრეტენზიის გამოთქმა, რადგან მან 11-იდან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო, მაგრამ ვეტერანმა, ჩვეულებრივ, უამრავი შავი სამუშაო ჩაატარა.
რა თქმა უნდა, მოედანზე საუკეთესო ტონი პარკერი იყო. ფრანგმა პლეიმეიკერმა მიმდინარე პლეი ოფში ჯერჯერობით თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ეს იმის მიუხედავად, რომ პარკერის წინააღმდეგ ძალიან ხისტი და უხეში ტაქტიკა გამოიყენეს, რასაც ხშირად წყობიდან გამოჰყავს ხოლმე
ერთ-ერთ ეპიზოდში პარკერი მოედანზე მტკივნეულად დაანარცხეს, მაგრამ ამას არ უმოქმედია ევროპელის თამაშზე.
ტონის ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. მან თამაშიდან 21-ჯერ ისროლა და 16-მა ტყორცნამ მიზანს მიაღწია. გარდა ამისა, ფრანგი დაცვაშიც კარგი იყო. მართალია, უესტბრუკმა საკმაოდ შედეგიანად ითამაშა, მაგრამ ზედიზედ მეორე მატჩში "ოკლაჰომას" გამთამაშებელს დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.
მისი 24 ტყორცნიდან მხოლოდ ათმა მიაღწია მიზანს, მაგრამ ეს სტატისტიკა დერეკ ფიშერის მაჩვენებელთან შედარებით ნორმალური შედეგია.
ვეტერანმა რეზერვისტმა თამაშიდან 11-ჯერ ისროლა და მხოლოდ ორი ბურთი მოათავსა კალათში. როგორც ჩანს, ისტორიული მომენტის წინ ინერვიულა - ფიშერმა 220-ე მატჩი ჩაატარა პლეი ოფში და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ყოფილ თანაგუნდელს კობი ბრაიანტს.
მოქმედ კალათბურთელებს შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია, ყველა დროის სიაში კი ისინი მესამე ადგილს იყოფენ.
გუშინდელ მატჩში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა: "სან ანტონიოს" ვეტერანი ტიმ დანკანი მეორე ადგილზე გადავიდა პლეი ოფში დაგროვილი დაფარებების რაოდენობით.
მისი მონაგარი ახლა 473 ბლოკ-შოტს შეადგენს და აბსოლუტურ რეკორდამდე არც ისე ბევრი უკლია - ლიდერ ქარიმ აბდულ-ჯაბარს კარიერაში 476 დაფარება ჰქონდა.
დაცვაში სერიოზული პრობლემებისა და ნომინალური გამთამაშებლების უზუსტობის გამო მეორე მეოთხედიდან მოყოლებული სტუმრები სტაბილურად ჩამორჩებოდნენ მეტოქეს 10 ქულაზე მეტი სხვაობით. მესამე მეოთხედში კი "ოკლაჰომასთვის" ნამდვილი კოშმარი დაიწყო.
თამაშის განახლებიდან სამ წუთში "სან ანტონიომ" სამი სამქულიანი ჩააგდო. თავი გამოიჩინეს მეორე ეშელონის მებრძოლებმა - გრინმა, ლეონარდმა და დიაომ. ხოლო მას შემდეგ, რაც იმავე ლეონარდმა და პარკერმა კიდევ ორჯერ მოათავსეს კალათში შორეული ტყორცნა, სხვაობამ 20 ქულა შეადგინა.
განსაკუთრებით ეფექტური იყო ფრანგის სამქულიანი. მცველმა შესანიშნავი ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა ჯინობილისთან - ბურთი არგენტინელს მიაწოდა და თავად კუთხისკენ გაიქცა. თანაგუნდელს ზურგსუკან პასი არ დაუგვიანია და პარკერმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ისროლა.
სტუმრები არ დანებდნენ, რისთვისაც ქებას იმსახურებენ, განსაკუთრებით კი - მათი მწვრთნელი ბრუქსი. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩის ბოლო მეოთხედში მან სკამზე დასვა იბაკა და მსუბუქი ხუთეული ათამაშა დურანტით მძიმე ფორვარდის პოზიციაზე.
ამ სვლამ მაშინ არ გაამართლა: სამწამიანში წაგებული ბრძოლით (ქულები: 2:16) სტუმრებმა უპირატესობა დაკარგეს და კრახი განიცადეს. ახლა კი იბაკათი მოედანზე "თანდერმა" ბოლო მეოთხედი თავის აქტივში ჩაიწერა.
ესპანელი კარგად ეხმარებოდა თავისიანებს პარკერის ნეიტრალიზაციაში - ნახევარი მეოთხედის განმავლობაში ფრანგს მხოლოდ ერთხელ ასროლინეს.
შედეგად, უესტბრუკის ზედიზედ ოთხი საჯარიმოს შემდეგ სტუმრების ჩამორჩენა მხოლოდ ექვს ქულას უდრიდა, სათამაშო კი საკმაოდ ბევრი - ხუთი წუთი რჩებოდა. თითქოს მატჩის ბოლოს დაძაბული ბრძოლა უნდა გვეხილა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ლეონარდის ბლოკმა იმავე უესტბრუკზე და აგრეთვე პარკერის ურთულესმა ტყორცნამ საბოლოოდ ამოაგდო რიტმიდან მეტოქე. სულ რაღაც ორ წუთში მასპინძლების ლიდერობამ ისევ ორნიშნა რიცხვს მიაღწია.
ამის შემდეგ სტუმრებს მეტოქესთან დაწევის მცდელობა აღარ ჰქონიათ - ეს სრული უაზრობა იყო. ამ პლეი ოფში "ოკლაჰომას" ამდენი ქულა არასოდეს გაუშვია და ასეთ დროს გამარჯვებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.
მით უმეტეს, რომ "სპურსი" მეოთხე გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ მე-20 გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. უფრო მეტიც, "სან ანტონიო" ამ ოთხი გუნდიდან ერთადერთია, რომელმაც ეს სერია რეგულარულიდან პლეი ოფში გააგრძელა.
"ოკლაჰომამ" კი, ალბათ, იცის, რომ ლიგის ისტორიაში მხოლოდ 14-ჯერ დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევა, როცა რომელიმე გუნდს 0:2-იდან მოუგია პლეი ოფის სერია.
სან ანტონიო-ოკლაჰომა 120:111
28:22, 27:22, 37:32, 28:35
ს-ა: პარკერი (34+8 პასი), ჯინობილი (20+4 პასი), ლეონარდი (18+10 მოხსნა+2 დაფარება), დანკანი (11+12 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება), გრინი (10+5 მოხსნა), დიაო (9+7 მოხსნა), სპლიტერი (8+3 პასი), ბონერი (4), ჯექსონი (3), ნილი (3).
ო: დურანტი (31+5 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა+2 დაფარება), ჰარდენი (30+7 მოხსნა+4 პასი), უესტბრუკი (27+8 პასი+7 მოხსნა), ფიშერი (10), იბაკა (8+10 მოხსნა+4 დაფარება), პერკინსი (3+5 მოხსა+2 დაფარება), სეფოლოშა (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (55.1/42), სამქულიანი (42.3/47.1), საჯარიმოები (65.7/80.6).
სერია: 2-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"