NBA. პლეი ოფი. 1/2 ფინალი: როცა იდეალური თამაში საკმარისი არ არის

AutoSharing Option
პლეი ოფის ორივე ნახევარფინალი შესანიშნავ სანახაობას ჩუქნის კალათბურთის მოყვარულებს. და კარგი იქნება, თუ სერიები მაქსიმალურად სწრაფად არ დასრულდება.

ჯერჯერობით ორივე სერიაში ანგარიშია - 2:0, არადა, ორივეგან შეიძლებოდა 1:1 ყოფილიყო. პირველ რიგში, ეს "მაიამისა" და "ბოსტონის" დაპირისპირებას ეხება. ამ გუნდებს მეორე მატჩში 48 წუთი არ ეყოთ გამარჯვებულის გამოსავლენად.

ახლა დიდი ხანი შეიძლება იმაზე მსჯელობა, როგორ დასრულდებოდა მეორე შეხვედრა "სელტიქსის" ლიდერს პოლ პირსს მთლიანად რომ არ გამოეტოვებინა ოვერტაიმი ექვსი პერსონალურის გამო.

ან "ფილადელფიასთან" მეოთხედფინალის გმირი კევინ გარნეტი უფრო ხშირად რომ შესულიყო ფარქვეშ
(და როცა შევიდა, ფარქვეშიდან რომ არ აეცილებინა), ან სტუმრები, რომელთა უპირატესობა მეორე მეოთხედში 15 ქულას აღწევდა, არ მოდუნებულიყვნენ და არ გამოპარვოდათ მეტოქის 8:2 გაქცევა, საიდანაც დაიწყო კიდეც "მაიამის" თამაშში დაბრუნება. ფლორიდელები კიდევ ერთი ფანტასტიკური სპურტის წყალობით წინ მესამე მეოთხედის ბოლოს გავიდნენ: 12:0 და მომენტალურად "მინუს 5" "პლუს 7" გახდა.

"მაიამიმ" ნამდვილი გმირობა ჩაიდინა და პირველად თავის ისტორიაში პლეი ოფის მატჩში გააბათილა 15-ქულიანი ჩამორჩენა. და ეს იმის მიუხედავად, რომ "ბოსტონის" გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ იდეალური მატჩი ჩაატარა, 53 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ დამჯდარა სათადარიგოთა სკამზე და NBA-ში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

გარდა ამისა, გამთამაშებელი, რომელსაც პირველ მატჩში ერთი საჯარიმოც არ უსვრია, ამჯერად 12-ჯერ დადგა თავისუფალის სასროლად, თუმცა ამ მხრივ დანარჩენი "ბოსტონი" მოიკოჭლებდა. შედარებისთვის: ჯამში ყველა ბოსტონელმა (რონდოს გარდა) ერთად 17 საჯარიმო ისროლა, იმ დროს, როცა მხოლოდ ლებრონ ჯეიმსს 24 ასეთი შანსი მიეცა.

პერსონალურების შეფარდება იყო - 33:18 "მაიამის" სასაგებლოდ. სწორედ ამ მხრივ გახდა ლებრონი სტუმრებისთვის გადაუჭრელ პრობლემად. მან ნაადრევად დატვირთა პერსონალურებით ჯერ პოლ პირსი, შემდეგ მიკაელ პიეტრუსი. გრეგ სტიმსმა კი საერთოდ პირველი მოთამაშე გახდა 2008 წლის შემდეგ, რომელიც პირველ მეოთხედში ოთხჯერ დაჯარიმდა. ასევე ექვსი პერსონალურის გამო ვერ დაასრულა შეხვედრა კენიონ დულინგმა.

დაბოლოს, მთავარი ფაქტი. რონდომ ოვერტაიმში 12 ქულა დააგროვა, დანარჩენმა "სელტიქსმა" - არც ერთი! ასეთ სიტუაციაში რთულია ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევის მქონე გუნდის დამარცხება.

და მაინც, ბრძოლა პრაქტიკულად ბოლო წამებამდე გრძელდებოდა. "მაიამიმ" შესანიშნავად ჩაატარა მეორე ტაიმი, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად გაჩერდა. პირველი შეტევა ოვერტაიმში ჯეიმსმა გააფუჭა, სამაგიეროდ, მეხუთე პერსონალური მიაღებინა პიეტრუსს. შედეგად, "ჰიტის" ლიდერის წინააღმდეგ თავს რონდო იცავდა, რომელმაც გადაწყვიტა იმ დღეს ყველაფერში სუპერმენი ყოფილიყო.

ოვერტაიმში იყო მომენტი, რომელმაც პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის ბედი. დუეინ უეიდმა რონდოს ტყორცნის დაფარება სცადა, მაგრამ სახეში ჩაარტყა ხელი მეტოქეს. სამივე მსაჯის სასტვენი სდუმდა, არადა, ამ დროს ანგარიში თანაბარი იყო. საპასუხოდ ჯეიმსმა კონტრშეტევაზე გაიყვანა ჰასლემი - 107:105. და ამის შემდეგ, "ბოსტონი" პრაქტიკულად მოიშალა.

გარნეტმა, იმის ნაცვლად, რომ თავად ეტვირთა ცენტრის როლი, სულელური პასი გაუკეთა ფეხებში ბრენდონ ბასს და ბურთი მარიო ჩელმერსმა ჩაჭრა.

"კელტები" პირველ მატჩთან შედარებით, ფარქვეშ უკეთ გამოიყურებოდა (მოხსნების რაოდენობა: 42-42). მაგრამ გადამწყვეტი მოხსნა სტუმრებმა წააგეს. შედეგად, უეიდმა ბატიეს არაზუსტი სროლის შემდეგ ბურთი მიიღო, ზუსტად ისროლა და გარნეტს პერსონალური მიაღებინა - 112:105 18.4 წამით ადრე. დარჩენილ დროში რონდომ ორი სამქულიანით ინტრიგის დაბრუნება სცადა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უეიდმა 2.2 წამით ადრე, ოთხქულიანი უპირატესობისას ორიდან ერთი ჩააგდო.

მაიამი-ბოსტონი 115:111 (ო)
18:24, 28:29, 35:22, 18:24, 16:12
მ: ჯეიმსი (34+10 მოხსნა+7 პასი), უეიდი (23+6 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), ჩელმერსი (22+6 პასი), ჰასლემი (13+11 მოხსნა+3 პასი), ბატიე (9), მილერი (7), ჯონსი (3), ტურიაფი (2), ენტონი (2).
ბ: რონდო (44+10 პასი+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), პირსი (21+6 მოხსნა+3 პასი), გარნეტი (18+8 მოხსნა), ალენი (13+5 მოხსნა), ბასი (8+10 მოხსნა), პიეტრუსი (3), დულინგი (2), სტიმსმა (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.6/49.4), სამქულიანები (38.5/31.3), საჯარიმოები (66/89.7).
სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული