NBA. პლეი ოფი. 1/2-ფინალი: 16 წლის შემდეგ

AutoSharing Option
"სან ანტონიოს" კალათბურთელები სერიის მეექვსე მატჩის წინ ერთხმად აცხადებდნენ, რომ სეზონში საუკეთესო თამაში უნდა ეჩვენებინათ. ისინი დანაპირების ასრულებას თავიდანვე შეუდგნენ.

პირველ მეოთხედში სტუმრების უპირატესობა 14 ქულას შეადგენდა. შეხვედრის ეკვატორზე სხვაობა ოდნავ გაიზარდა - დიდი შესვენებისთვის "სან ანტონიო" 15 ქულით იყო წინ. მასპინძლებს გაუმართლათ, რომ შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე დურანტმა სამქულიანი ჩააგდო.

"სპურსმა" კი, თავის მხრივ, პირველ ტაიმში ცხრა შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში. აქედან ოთხიდან ოთხი სამქულიანი იყო სტივენ ჯექსონის ანგარიშზე.

პირველი ტაიმის კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა ტონი პარკერი. ბოლო შეხვედრებში
ფრანგი მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, რამაც პოპოვიჩის გუნდის ზედიზედ სამი მარცხი გამოიწვია.

თუმცა ამჯერად პლეიმეიკერი შეუდარებელი იყო - პირველ ორ მეოთხედში მას 21 ქულა და 10 შედეგიანი პასი ჰქონდა აქტივში. ამასთან, საწყისი გუნდური 28 ქულის მოპოვება პარკერის უშუალო მონაწილეობით მოხდა - ის ან თავად აგდებდა ბურთს, ან პარტნიორებს უკეთებდა გადაცემას.

უცნობია, რა დარიგებები მისცა ბრუქსმა თავის შეგირდებს, მაგრამ მესამე მეოთხედში სულ სხვა თამაში ვიხილეთ.

"ოკლაჰომამ" მეორე ტაიმი 11:2 გაქცევით დაიწყო. გარკვეული ხანი "სან ანტონიო" ინარჩუნებდა ლიდერობას - დანკანის ზედიზედ სამი ზუსტი ტყორცნითა და ჯექსონის მორიგი ორი სამქულიანით, მაგრამ ამ ორის გარდა, "სპურსის" რიგებში ვინმეს გამოყოფა რთული იყო.

განსაკუთრებით გასაკვირი გახლდათ პარკერის სახეცვლილება, რომელმაც მესამე მეოთხედში ხუთი სროლა ააცილა და მხოლოდ ერთი ჩააგდო. კევინ დურანტმა კი პირიქით, შესვენების შემდეგ იპოვნა თავისი თამაში.

მესამე მეოთხედში მის ანგარიშზე 14 ქულა იყო - ზუსტად იმდენი, რამდენიც პირველ ორ მეოთხედში. ბოლო 12-წუთეულის წინ "თანდერის" ჩამორჩენა მინიმალური იყო.

დასკვნით მეოთხედში დურანტმა და კომპანიამ გააგრძელა დამაჯერებელი სვლა NBA-ს ფინალისკენ.

"სპურსის" ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ტემპში აჰყვა ახალგაზრდა "ოკლაჰომას" და შედეგად ოთხი შეცდომა დაუშვა.

ამას დაემატა შეტევაში პერსონალურები. დაცვაც მოიკოჭლებდა - ორჯერ სტუმრებმა პერსონალური მაშინ აიღეს, როცა მეტოქე შორეულ ტყორცნას ასრულებდა, ბოლოსკენ კი ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდებინეს ფიშერსა და ჰარდენს, რისი წყალობითაც "თანდერის" უპირატესობამ 6 ქულას მიაღწია.

მხოლოდ ამის შემდეგ გაიღვიძა პარკერმა, რომელმაც ზედიზედ ორი ბურთი ჩააგდო. შედეგად, "სან ანტონიომ" თამაშის გადარჩენის შანსი მიიღო: სირენამდე წუთით ადრე 4 ქულას აგებდა და ბურთი მას ჰქონდა.

სტუმრებისთვის სამწუხაროდ, ერთ შეტევაში დანკანის, ჯექსონისა და იმავე პარკერის სროლებმა მიზანს არ მიაღწია, პასუხად კი პერკინსმა დასაჯა მეტოქე უყურადღებობისთვის. "სპურსის" კალათბურთელები მეტოქის ლიდერების განეიტრალებაზე გადაერთვნენ და "ოკლაჰომას" ცენტრი ფარქვეშ უყურადღებოდ დატოვეს. პერკინსმაც წერტილი დაუსვა ამ სეზონში პოპოვიჩის გუნდის გამოსვლას.

რთული სათქმელია, სად გაქრა "სან ანტონიოს" დამაჯერებელი თამაში, რომლის წყალობითაც გუნდმა ზედიზედ 20 მატჩი მოიგო.

ასეა თუ ისე, ამას ოთხმატჩიანი წაგებათა სერია მოჰყვა. ეს ოთხი წაგება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "სპურსი" ზედიზედ მეხუთე წელი ფინალის მიღმა დარჩენილიყო. რაც შეეხება "თანდერს", ეს გუნდი 16-წლიანი შესვენების შემდეგ გავიდა ფინალში. მაშინ ის ქალაქ სიეტლის ბინადარი იყო.

ოკლაჰომა-სან ანტონიო 107:99
20:34, 28:29, 32:18, 27:18
ო: დურანტი (34+14 მოხსნა+5 პასი+2 დაფარება), უესტბრუკი (25+8 მოხსნა+5 პასი), ჰარდენი (16+5 მოხსნა+4 პასი), იბაკა (10+2 დაფარება), სეფოლოშა (9), ფიშერი (9), პერკინსი (4).
ს-ა: პარკერი (29+12 პასი), დანკანი (25+14 მოხსნა+2 დაფარება), ჯექსონი (23), ჯინობილი (10+5 მოხსნა), ნილი (7), ლეონარდი (5), დიაო (0+5 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50/44), სამქულიანები (55.6/42.3), საჯარიმოები (80.6/77.8).
სერია: 4-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული