NBA. პლეი ოფი. 1/2-ფინალი: და მაინც "მაიამი"

AutoSharing Option
ბოლო მეოთხედში კრის ბოშის მონდომების წყალობით განხორციელებულმა სპურტმა "მაიამის" ზედიზედ მეორედ ფინალში თამაშის უფლება მოუტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ჰიტმა" მაინც გატეხა "ბოსტონის" წინააღმდეგობა. ბევრის აზრით, ის, როცა "სელტიქსმა" მეშვიდე მატჩამდე მიაღწია, უკვე თავისთავად დიდი მიღწევა იყო.

უფრო მეტიც, გუშინდელ შეხვედრაში ბოსტონელები მატჩის დიდი ნაწილი ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ - ძირითადად, იმის ხარჯზე, რომ "მაიამის" არ ჰყავს რაჟონ რონდოს დარი ფენომენალური პლეიმეიკერი.

რონდო ამჯერადაც წინ მიუძღოდა თავის გუნდს და ამ პლეი ოფში მეს
ამე სამმაგი-დუბლი შეასრულა. თანაც, მთელ "ბოსტონში" ყველაზე მეტი მოხსნა შეაგროვა. ამ მაჩვენებლით რაჟონს მხოლოდ ლებრონ ჯეიმსმა აჯობა.

დიდ შესვენებამდე 3 წუთით ადრე, როცა სტუმრების უპირატესობამ 11 ქულას მიაღწია, პლეიმეიკერის ანგარიშზე უკვე 9 შედეგიანი გადაცემა იყო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახლდათ წუთნახევრიანი მონაკვეთი, რომლის დროსაც "ბოსტონის" ოთხივე შეტევა რონდოს შედეგიანი პასებით სრულდებოდა. თანაც, რაჟონს ისევ გამოუჩნდა ღირსეული პარტნიორი ბასის სახით.

ბრენდონს იმ მომენტისთვის უკვე 14 ქულა ჰქონდა დაგროვებული. რაც შეეხება "მაიამის" ვარსკვლავურ წყვილს, დიდი შესვენებისთვის ისინი მთლად კარგად ვერ გამოიყურებოდნენ (როგორც ეს ხშირად ხდებოდა მიმდინარე პლეი ოფში): უეიდს შესვენებამდე 9 ქულა ჰქონდა, წინა მატჩის გმირს ჯეიმსს კი - 14.

როგორც ვარაუდობდნენ, ლებრონს ზედიზედ ორი ფანტასტიკური მატჩი არ გამოუვიდა. მან სამი შეცდომა დაუშვა, ხუთი ცდიდან მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო, ხუთი საჯარიმო ააცილა და ახლოსაც ვერ მივიდა იმ მარგი ქმედების კოეფიციენტთან, რომელიც მეექვსე მატჩში ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მესამე მეოთხედში "მაიამიმ" გაათანაბრა ანგარიში, მეოთხეში კი უპირატესობის გაზრდა დაიწყო.

ამას ხელი შეუწყო კრის ბოშმა. ის კვლავ სათადარიგოთა სკამიდან შევიდა თამაშში და მიმდინარე პლეი ოფში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა: ცხრიდან რვა ტყორცნა მოათავსა კალათში და პირადი რეკორდი დაამყარა - კრისის ანგარიშზე სამი ზუსტი სამქულიანი იყო. თანაც, ორი შორეული ტყორცნა გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედში ჩავარდა - იმ პერიოდში, როცა "ჰიტი" 17:4 გაიქცა.

ამავე მონაკვეთში "სელტიქსის" თამაში შეტევაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. სანამ აღნიშნული სპურტის წყალობით "მაიამიმ" 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რეი ალენმა სამჯერ ააცილა სამქულიანი, რონდომ და პირსმა თითო შეცდომა დაუშვეს. გარდა ამისა, ამ დუეტს მეტოქემ თითოჯერ დაუფარა.

აღარაფერს ვამბობთ აცილებულ ორქულიანებზე. ბანალურად რომ ვთქვათ, ვეტერანებით დახუნძლულმა "ბოსტონმა" ზედიზედ მეორე შვიდმატჩიან სერიას ვეღარ გაუძლო.

ასე რომ, "ჰიტმა" ზედიზედ მეორედ მოიპოვა ფინალის საგზური, "ბოსტონს" კი წინ რთული ზაფხული ელის.

მაიამი-ბოსტონი 101:88
23:27, 23:26, 27:20, 28:15
მ: ჯეიმსი (31+12 მოხსნა), უეიდი (23+6 პასი+6 მოხსნა), ბოში (19+8 მოხსნა), ბატიე (12+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (9+7 პასი), ჰასლემი (7+6 მოხსნა).
ბ: რონდო (22+14 პასი+10 მოხსნა), პირსი (19), ბასი (16+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), ალენი (15), გარნეტი (14+7 მოხსნა), ჰოლინზი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (51.4/46.7), სამქულიანები (34.6/31.6), საჯარიმოები (74.1/80).
სერია: 4-3

ფინალის განრიგი
12 ივნისი - ოკლაჰომა-მაიამი
14 ივნისი - ოკლაჰომა-მაიამი
17 ივნისი - მაიამი-ოკლაჰომა
19 ივნისი - მაიამი-ოკლაჰომა
21 ივნისი - მაიამი-ოკლაჰომა
24 ივნისი - ოკლაჰომა-მაიამი
26 ივნისი - ოკლაჰომა-მაიამი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული