NBA. ფინალი: "მაიამი ჰიტი" ჩემპიონია, ეს ლებრონის ტრიუმფია!

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა მესამე ცდაზე შეძლო საჩემპიონო ბეჭდის მოპოვება, "მაიამი" კი მეორედ გახდა NBA-ის საუკეთესო გუნდი.

მან ფინალურ სერიაში ხუთ მატჩში სძლია "ოკლაჰომა-სიტის".

დომინირება - ეს ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს ფინალური სერიის მეხუთე მატჩის ხასიათს. შეხვედრის წინ ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ სტუმრად ერთი მატჩის მოსაგებად "ოკლაჰომას" ტაქტიკის შეცვლა სჭირდებოდა, თუმცა სკოტ ბრუქსმა არ შეცვალა სასტარტო ხუთეული და პირველივე წამებიდან გამოიყვანა თავისი "მაღლები" - იბაკა და პერკინსი.

არადა, წინა მატჩებში დამტკიცდა, რომ
ამგვარი ხუთეული ვერ უმკლავდებოდა ფლორიდელთა სწრაფ თამაშს.

ერთადერთი უპირატესობა, რომელიც სტუმრებს 22 ივნისს გამართულ მატჩში ჰქონდათ, პირველი მეოთხედის შუაში დაფიქსირდა და ის ორ ქულას უდრიდა, მაგრამ მილერმა და კოულმა ზედიზედ სამი სამქულიანით "ჰიტი" 10 ქულით გაიყვანეს წინ.

თუმცა ამ სერიიდან ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი ჩამორჩენა არც ერთი გუნდისთვის პრობლემა არ ყოფილა. ახლაც, დურანტის აქტიურობით "ოკლაჰომა" 4-5 ქულით უახლოვდებოდა მეტოქეს და ერთი მინი-სპურტი სჭირდებოდა წონასწორობის აღსადგენად, მაგრამ ეს გაქცევა ვერცერთხელ ვერ ვიხილეთ.

რაც დრო გადიოდა, "მძიმე" "ოკლაჰომას" სულ უფრო უჭირდა ბურთის დევნა, რითაც ფლორიდელი სნაიპერები იოლად იხსნებოდნენ სამწამიანის ხაზთან.

მთელი მატჩის განმავლობაში "ჰიტმა" 14 სამქულიანი გამოიყენა, რითაც NBA-ის ფინალური სერიის რეკორდი გაიმეორა. შვიდი სამქულიანი იყო მილერის ანგარიშზე.

"ოკლაჰომამ" ვერ გააკეთა საჭირო დასკვნები წინა მატჩიდან და აგრძელებდა ლებრონის აქტიურ პრესინგს, რითაც სხვა მოთამაშეები იოლად იხსნებოდნენ. ჯეიმსიც მათ უხვად ამარაგებდა გადაცემებით. ლებრონმა 13 შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში (ის მეორეა მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ვინც ფინალური სერიის ზედიზედ ორ მატჩში დააგროვა 20-ზე მეტი ქულა და 12-ზე მეტი პასი) და აქედან რვამ "მაიამი" ზუსტ სამქულიანამდე მიიყვანა. გარდა ამისა, 11 მოხსნამ ჯეიმსს ფინალურ სერიაში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულებინა. აქამდე, მხოლოდ მეჯიქ ჯონსონს ჰქონდა ერთზე მეტი ტრიპლ-დაბლი ფინალებში.

და კიდევ, ლებრონი ფინალური სერიის MVP (ეს ტიტული მატჩის შემდეგ ერთხმად მიანიჭეს) გახდა და შესაბამისად, ის არის მეოთხე მოთამაშე ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში რეგულარული ჩემპიონატისა და ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშის სახელი დაისაკუთრა (ორჯერ ეს გააკეთა ჯორდანმა, თითოჯერ ო’ნილმა და რიდმა).

მესამე მეოთხედის სტარტზე "ოკლაჰომას" 10-ქულიანი ჩამორჩენა მეტნაკლებად მისაღები იყო, მაგრამ ამ 12-წუთეულის შუაში "თანდერი" უბრალოდ გაჩერდა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. უკვე მაშინ გახდა ცხადი, რომ სტუმრებისგან სასწაული მოსალოდნელი არ იყო.

"თანდერმა" კაპიტულაცია საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე გამოაცხადა, როცა დურანტისა და უესტბრუკის ნაცვლად მოედანზე სათადარიგოები - კუკი და ოლდრიჩი შემოვიდნენ. "მაიამის" ვარსკვლავები კიდევ წუთნახევარი დარჩნენ მოედანზე და შემდეგ ტრიუმფის აღნიშვნა დაიწყეს.

სეზონი, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო, ფენომენაური ლებრონ ჯეიმსის პირველი ტიტულით დასრულდა. ერთ კვირაში NBA-ში ახალბედების დრაფტია, მანამდე კი "მაიამის" ვარსკვლავებს შეუძლიათ ოცნების ასრულება იზეიმონ.

"მე ბედნიერი ვარ, რადან ახლა, NBA-ში მოსვლიდან ცხრა წლის თავზე, როგორც იქნა, შემიძლია საკუთარ თავს ჩემპიონი ვუწოდო, - ბედნიერებისგან ბრწყინავდა მატჩის შემდეგ ლებრონი. - ამისთვის უდიდესი ძალისხმევა დამჭირდა, ბოლომდე დავიხარჯე მიზნის მისაღწევად. როცა ასე ცდილობ, ყოველთვის გამარჯვებული გამოხვალ".

"ეს მტკივნეულია, - მწუხარებას ვერ ფარავდა დურანტი. - ამ გუნდში ყველანი ძმებივით ვართ და ჩვენთვის მძიმეა სეზონის ასე დასრულება. ფინალამდე მივაღწიეთ და ეს დიდი ამბავია, მაგრამ ამაზე გაჩერება არ გვინდოდა".

დურანტს ყველაფერი წინ აქვს. ის ახალგაზრდაა და მის გარშემო "ოკლაჰომაში" ახალგაზრდა ვარსკვლავები არიან შეკრებილნი: რასელ უესტბრუკი, სერჟ იბაკა, ჯეიმს ჰარდენი, რომლებსაც ჯერ 24 წელი არ შესრულებიათ. მათი დრო აუცილებლად მოვა...

მანამდე კი ლებრონის ტრიუმფის ჯერია!

მაიამი-ოკლაჰომა 121:106
31:26, 28:23, 36:22, 26:35

მ: ჯეიმსი (26+13 პასი+11 მოხსნა+2 დაფარება), ბოში (24+7 მოხსნა+2 დაფარება), მილერი (23+5 მოხსნა), უეიდი (20+8 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი), ბატიე (11), ჩელმერსი (10+7 პასი), კოული (3), ჰარისი (3), ჰასლემი (1).

ო: დურანტი (32+11 მოხსნა+3 პასი), უესტბრუკი (19+6 პასი), ჰარდენი (19+5 პასი), ფიშერი (11+3 პასი), იბაკა (9+2 დაფარება), აივი (6), კოლისონი (2), კუკი (2), ოლდრიჩი (2), პერკინსი (2), ჰეივორდი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (51.9/41.4), სამქულიანები (53.8/39.3), საჯარიმოები (81.8/88.5).

სერია: 4-1

საგულისხმო სტატისტიკა
ლებრონ ჯეიმსი პირველი მოთამაშეა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ვინც სეზონის MVP-ის ტიტულის მიღების შემდეგ, NBA-ის ჩემპიონატი მოიგო.

ბოლო ასეთი რამ "სან ანტონიოს" ლეგენდამ ტიმ დანკანმა გააკეთა 2002-03 წლების სეზონში.

* * *
ლებრონმა 26 ქულა, 11 მოხსნა და 13 შედეგიანი პასი დააგროვა ჩემპიონის ტიტულის მომტან მატჩში. ჯეიმსი მეხუთე მოთამაშეა NBA-ის ისტორიაში, ვინც გადამწყვეტ შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა.

თითოჯერ ეს გააკეთეს ტიმ დანკანმა (2003), ჯეიმს უორთიმ (1988) და ლარი ბერდმა (1986), ორჯერ - მეჯიქ ჯონსონმა (1982, 1985).

* * *
მაიკ მილერმა შვიდი სამქულიანით დაასრულა შეხვედრა. NBA-ის ფინალურ მატჩებში სათადარიგო მოთამაშეს ამდენი შორეული ტყორცნა არასოდეს ჩაუგდია.

წინა რეკორდი "ლეიკერსის" მოთამაშეს მაიკლ კუპერს ეკუთვნოდა, რომელმაც 1987 წლის ფინალის მეორე მატჩში ექვსი სამქულიანი მოათავსა კალათში.

* * *
"მაიამიმ" ისე მოიგო ჩემპიონობა, რომ ბოლო სამი სერიის ("ინდიანასთან", "ბოსტონთან", "ოკლაჰომასთან") მსვლელობისას მდევრის როლში იყო. აქამდე NBA-ის ჩემპიონი ასეთ სიტუაციაში არასოდეს ყოფილა.

1979 წელს "სიეტლი"აგებდა ნახევარფინალსა და ფინალს და შემდეგ მაინც გახდა ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული