სტივ ნეშმა "ლეიკერსი" აირჩია

AutoSharing Option
"ფინიქს სანზმა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის, სტივ ნეშის ტრანსფერზე მოილაპარაკეს - კანადელი ვეტერანი კალიფორნიულ გრანდში გააგრძელებს კარიერას.

გარიგების თანახმად, "ფინიქსი" ნეშის სანაცვლოდ დრაფტზე ოთხ არჩევანს მიიღებს: პირველ რაუნდში 2013 და 2015 წლებში და მეორე რაუნდში 2013 და 2014 წლებში. "ლეიკერსში" სამი წელი გამოსვლის სანაცვლოდ, 38 წლის ნეში 27 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

სტივზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ "ნიუ იორკი", "ტორონტო" და "დალასი". კანადური კლუბი მცველს 9 მილიონით მეტს სთავაზობდა, ვიდრე "ლეიკერსი", მაგრამ ნეშმა სწორედ ლოს ანჯელესზე
შეაჩერა არჩევანი. გადამწყვეტი აღმოჩნდა ორი ფაქტორი: საჩემპიონო ამბიციების გუნდში გადასვლა და უფრო მეტი დროის გატარება ოჯახთან.

ნეშის გადაბირების წინადადებით არაერთხელ გამოვიდა "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი. ასე რომ, კანადელი კალათბურთელის კარიერის ამგვარ განვითარებაზე, სავარაუდოდ, ამ ფაქტორმაც ითამაშა გარკვეული როლი.

ნეში NBA-ში კარიერას "ფინიქსის" შემადგენლობაში იწყებდა. 1996-98 წლებში ამ გუნდში თამაშის შემდეგ გამთამაშებელმა ექვსი წელი "დალასში" გაატარა და კვლავ "სანზში" აღმოჩნდა. სტივი ორჯერ აღიარეს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ (2005, 2006). ასევე, მან რვაჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

ამერიკული პრესის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ "ლეიკერსის" შემადგენლობაში ვიხილოთ "ფინიქსის" კიდევ ერთი ვეტერანი გრანტ ჰილი. ნეში ეცდება, დაარწმუნოს ეს შესანიშნავი ფორვარდი, რომ მათ ერთად იბრძოლონ კარიერაში პირველი საჩემპიონო ტიტულისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული