ამ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა ვეტერანმა გამთამაშებელმა ჯეისონ კიდმა (გასულ სეზონში - 6.2 ქულა, 5.5 პასი). 39 წლის კალათბურთელი, რომელიც 2008 წლიდან "დალასში" თამაშობდა, სამი წლის განმავლობაში 9 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
"ნიქსისთვის" კიდი არ ყოფილა მთავარი სატრანსფერო სამიზნე. კლუბის ხელმძღვანელობა კანადელი გამთამაშებლისთვის სტივ ნეშისთვის იბრძოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა "ლეიკერსი" აირჩია. ამიტომაც მოუწიათ ნიუიორკელებს სასწრაფოდ კიდის ვარიანტზე გადართვა.
"ნიუ იორკის" ბანაკიდან კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ამ გუნდმა ერთწლიანი
კალათბურთელმა, რომელიც 2006 წლის დრაფტის მეორე რაუნდში "პორტლენდმა" აირჩია, ფეხი ვერ მოიკიდა "სან ანტონიოსა" და "ჰიუსტონში", რის შემდეგაც ევროპაში გადავიდა და იქ "ფენერბაჰჩეში", სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკსა" და "სასარიში" თამაშობდა.
შარშანდელი სეზონი უაიტმა იტალიის "სკავოლინის" რიგებში ითამაშა და სერია A-ში საშუალოდ 16.8 ქულა და 4.5 მოხსნა დააგროვა.
ლინი ჰიუსტონში წავიდა
ვარაუდობდნენ, რომ კიდი "ნიუ იორკში" ჯერემი ლინის დუბლიორი იქნებოდა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ კიდი "ნიქსის" სასტარტო ხუთეულში იქნება.
შარშანდელი სეზონის სენსაციამ ლინმა (14.6 ქულა, 6.2 პასი) კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "ჰიუსტონთან". ეს არის სამწლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ის პირველ ორ სეზონში ხელფასის სახით 10.2 მილიონ დოლარს მიიღებს, მესამე წელს - 9.3 მილიონს.
ჯერემიმ "როკეტსში" შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი ლიდერი კაილ ლოური უნდა შეცვალოს, რომელიც გუშინ, ტრეიდის მეშვეობით "ტორონტოში" გადავიდა.
ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, "ჰიუსტონს" ლინი მხოლოდ სათამაშო თვისებების გამო არ აურჩევია. ამ შენაძენით "რაკეტები" კარგ მარკეტინგულ სვლას აკეთებენ. როგორც ცნობილია, ლინი აზიაშიც ძალიან პოპულარულია, "ჰიუსტონის" ხელმძღვანელობას კი კარგად ახსოვს, რამხელა შემოსავალი მოჰქონდა გუნდისთვის ჩინელ ცენტრს იაო მინს.
როი და ბატუმი მინესოტას
6 ივლისს, სხვა საინტერესო ტრანსფერების მოწმენიც გავხდით. იაქტიურა "მინესოტამ", რომელმაც ზეპირ შეთანხმებას მიაღწია ბრენდონ როისთან. "პორტლენდის" ყოფილი მცველი დათანხმდა ორწლიან ხელშეკრულებას, რომლის ღირებულება 10.4 მილიონ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ამ კალათბურთელმა ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმის გამო გასულ სეზონის წინ დატოვა დიდი სპორტი, მაგრამ ახლა, დაბრუნება გადაწყვიტა.
"მინესოტას" კიდევ ერთი ახალწვეული გახდება ასევე "პორტლენდის" მოთამაშე ნიკოლა ბატუმი (13.9, 4.6 მოხსნა). ფრანგმა ფორვარდმა ხელი მოაწერა ოთხწლიან ხელშეკრულებას და ბონუსების გათვალისწინებით, ჯამში 50 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
* * *
ასევე გახდა ცნობილი, რომ "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ერთი წლით შეინარჩუნა ვეტერანი გამთამაშებელი ჩონსი ბილაპსი, რომელმაც შარშანდელ სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა. 35 წლის კალათბურთელი მომავალ სეზონში 4.3 მილიონ დოლარს მიიღებს.
გარდა ამისა, კალიფორნიულმა კლუბმა თავისუფალი აგენტების ბაზრიდან აიყვანა "პორტლენდის" მცველი ჯამალ კროუფორდი (13.9 ქულა, 3.2 პასი) და მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. კალათბურთელის წლიური ხელფასი დაახლოებით 5 მილიონი დოლარი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"