NBA-ს ამბები

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სატრანსფერო ბაზარი აქტიურობით არ გამოირჩეოდა, თუმცა რამდენიმე საინტერესო ამბის შესახებ მაინც შევიტყვეთ.

"ბოსტონ სელტიქსის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა ახალი კონტრაქტების გაფორმების შესახებ ფორვარდ კევინ გარნეტსა და ცენტრ კრის უილკოქსთან.

* * *

მცველი რამონ სეშენსი ორწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა "შარლოტ ბობკეტსის" ხელმძღვანელობას. გამთამაშებლის წლიური ხელფასი 5 მილიონი დოლარი იქნება.

სეშენსმა შარშანდელი სეზონი "ლეიკერსში" დაასრულა. ამ გუნდში ის საშუალოდ 9.7 ქულასა და 3.5 შედეგიან პასს აგროვებდა.

სტივ ნეშის გადაბირების შემდეგ "ლეიკერსმა" გადაწყვიტა, აღარ გაეგრძელებინა ხელშეკრულება სეშენსთან.

* * *
გაცვლა განხორციელდა "ნიუ იორკსა" და "პორტლენდს" შორის. "ნიქსის" რიგებს შეავსებენ რეიმონდ ფელტონი და კურტ ტომასი.

საპირისპირო მიმართულებით გაემგზავრებიან ჯარედ ჯეფრიზი და დენ გაძურიჩი.

ასევე იტყობინებიან, რომ კონტრაქტის მიხედვით, ფელტონი სამ წელიწადში 10 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს გამთამაშებელიც და ტომასიც ადრე თამაშობდნენ "ნიქსის" შემადგენლობაში.

* * *
კიდევ ერთ გაცვლას ჰქონდა ადგილი "ჩიკაგოსა" და "ატლანტას" შორის. "ჰოქსის" შემადგენლობაში მოხვდა მცველი კაილ კორვერი, მის ნაცვლად კი "ხარებმა" თავიანთი ყოფილი მოთამაშე კირკ ჰაინრიხი დაიბრუნეს.

შარშან, სტატისტიკის მიხედვით, კორვერს ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა - ის 8.1 ქულას აგროვებდა, ჰაინრიხი - 6.6 ქულას.

* * *
გასული სეზონის საუკეთესო დებიუტანტმა, "კლივლენდის" მცველმა კაირი ირვინგმა ლას ვეგასში ვარჯიშის დროს ხელი მოიტეხა. წინასწარი მონაცემებით, კალათბურთელის აღდგენითი პროცესი, სავარაუდოდ, სამი თვე გაგრძელდება. გასულ სეზონში ირვინგის სტატისტიკა 18.5 ქულა, 5.4 შედეგიანი პასი და 3.7 მოხსნა იყო.

* * *
"ტორონტო რეპტორზისა" და ესპანეთის ნაკრების მცველი ხოსე კალდერონი უახლოეს პერიოდში დატოვებს კანადურ კლუბს. ამის შესახებ Yahoo!Sports წერს კლუბის ხელმძღვანელობის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"რეპტორზის" მენეჯერები უკვე ამუშავებენ გაცვლის რამდენიმე ვარიანტს. 2011-12 წლების სეზონში ესპანელი თავის გუნდს 10.5 ქულითა და 8.8 შედეგიანი პასით ეხმარებოდა.

* * *
იმავე "ტორონტომ" ერთი კალათბურთელით შეავსო შემადგენლობა. 24 წლის შემტევი მცველი ლენდრი ფილდსი კანადურ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

"რეპტორზი" უკვე დიდი ხანია სთავაზობდა სამწლიან და 20-მილიონიან კონტრაქტს ფილდსს, მაგრამ "ნიუ ორკი" არ უშვებდა მცველს. მაგრამ ახლა გარიგება შედგა და ლენდრი ოფიციალურად "ტორონტოს" მოთამაშეა.

გასული სეზონის 66 მატჩში ფილდსი საშუალოდ 8.8 ქულას, 4,2 მოხსნასა და 2.6 შედეგიან პასს აგროვებდა.

* * *
დაბოლოს, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ "პორტლენდის" წევრი გახდა ბრიტანეთის ნაკრების ცენტრი ჯოელ ფრილენდი. "ახლა იდეალური მომენტია იმისთვის, რომ ჯოელი საქმეში შევამოწმოთ. მას ძლიერი ხასიათი აქვს და ყოველ მატჩში ბოლომდე იხარჯება. ის კარგი დამატება იქნება ჩვენი შემადგენლობისთვის", - განაცხადა "ბლეიზერსის" გენერალურმა მენეჯერმა ნილ ოლშიმ.

"პორტლენდმა" ფრილენდი 2006 წლის დრაფტზე 30-ე ნომრად აირჩია, მაგრამ მთელი ეს წლები ბრიტანელი ესპანეთში თამაშობდა: ჯერ "გრან კანარიაში", შემდეგ "უნიკახაში".

ჯოელი "პორტლენდში" მე-19 ნომრით ითამაშებს. საინტერესოა, რომ კიდევ ერთ ევროპელ ახალბედას – ესპანელ ვიქტორ კლავერს მე-18 ნომერი ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული