NBA-ს ლეგენდარული გამთამაშებელი ჯეისონ კიდი სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარული გამთამაშებელი ჯეისონ კიდი სკანდალში გაეხვა.

39 წლის მცველი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "ნიუ იორკ ნიქსთან" გააფორმა კონტრაქტი, მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს.

კიდი თავისი "კადილაკით" სატელეფონო ბოძს დაეჯახა. საბედნიეროდ, კალათბურთელი არ დაზარალებულა. მის გარდა, ავტომობილში არავინ იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ალკოჰოლური ტესტის მეშვეობით დაადგინა, რომ გამთამაშებელი ნასვამი იყო. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში, საიდანაც თავდებით გაანთავისუფლეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კიდს პრობლემები შეექმნა კანონთან. 11 წლის წინ ის დააპატიმრეს და
ბრალი წაუყენეს თავისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ძალადობისთვის.

* * *
"ჰიუსტონ როკეტსის" ყოფილი ფორვარდი ლუის სკოლა კარიერას "ფინიქს სანზში" გააგრძელებს", - წერს სააგენტო AP. "ჰიუსტონის" მიერ დათხოვნილ არგენტინელზე პრეტენზიას კიდევ ოთხი კლუბი - "კლივლენდი", "ორლანდო", "დალასი" და მადრიდის "რეალი" აცხადებდა. გასულ სეზონში სკოლა საშუალოდ 15.5 ქულასა და 6.5 მოხსნას აგროვებდა.

"მოხარულები ვართ, რომ ასეთი დონის კალათბურთელზე ვაჭრობა ჩვენ მოვიგეთ. სკოლას ლიდერის თვისებები ძალიან დაეხმარება ჩვენს ახალგაზრდა კალათბურთელებს", - აღნიშნა "ფინიქსში" საკალათბურთო ოპერაციების დირექტორმა ლონ ბებიმ.

არგენტინელის აყვანა ლიგის ნებისმიერ გუნდს შეეძლო, რომელიც მოთამაშეს უახლოესი სეზონისთვის არანაკლებ სამი მილიონისა შესთავაზებდა და 10 მილიონზე მეტს მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში.

"ფინიქსის" ბანაკიდან კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ კლუბმა "ამინისტიის წესი" გამოიყენა და შემადგენლობიდან დაითხოვა მცველი ჯოშ ჩილდრესი. ეს კალათბურთელი ორი წლის წინ "სანზში" "ატლანტადან" გადავიდა. გასულ სეზონში ჩილდრესმა 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 2.9 ქულა დააგროვა.

* * *

როგორც ამერიკული პრესა წერს, "ორლანდო", "ლეიკერსი" და "კლივლენდი" სამმხრივი გაცვლის ვარიანტს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც, ლიგის საუკეთესო ცენტრი დუაიტ ჰოვარდი ლოს ანჯელესში უნდა გადავიდეს.

"ეს სამი გუნდი რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვარიანტი ასეთია: ჰოვარდი "ლეიკერსში" გადავა, ენდრიუ ბინუმი - "კლივლენდში", "ორლანდო" კი რამდენიმე მოთამაშესა და დრაფტში რამდენიმე არჩევანს მიიღებს", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ჟურნალისტმა ალექს კენედიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული