ამერიკის ოლიმპიურმა ნაკრებმა ევროპაში გამგზავრებამდე ბოლო საწვრთნელი შეხვედრა ჩაატარა - ვაშინგტონში ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლა და სერიოზული გამოცდის ჩატარება მოუწია.
მაიკ კრჟიჟევსკის შეგირდებმა აშკარად ჩააგდეს პირველი მეოთხედი. ლებრონ ჯეიმსის პირველ ორ საჯარიმოს ბრაზილიელებმა ზედიზედ შვიდი ქულით უპასუხეს, სტარტიდან ხუთი წუთის შემდეგ კი ათი ქულით იყვნენ წინ - 17:7. მეოთხედის დასრულებამდე 15 წამით ადრე ანდერსონ ვარეჟაოს დანკით სტუმრებმა შეინარჩუნეს ეს სხვაობა - 27:17.
მეორე მეოთხედის დასაწყისში ბრაზილიელებმა შეცდომებს უმატეს და ამერიკა სწრაფი გარღვევებით 12:0 გაიქცა. მასპინძლის
პირველი ტაიმის ბოლოს, ლებრონის ზედიზედ ორი ზუსტი ტყორცნით, აშშ-მ პირველი ტაიმი 37:32 მოიგო.
პირველ ნახევარში მასპინძლებს ბევრი ხარვეზი ჰქონდათ, მაგალითად, 12-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდეს.
თითქმის მთელი მეორე ტაიმი სხვაობა სადღაც ექვსი-შვიდი ქულის ფარგლებში მერყეობდა. მაგალითად, საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე ამერიკა შვიდ ქულას იგებდა. სწორედ ამ დროს თქვა თავისი სიტყვა მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ლებრონ ჯეიმსმა.
ბოლო მეოთხედში მან 14 ქულა დააგროვა, მათ შორის, შვიდი ბოლო ოთხ წუთში, რასაც სტუმრებმა ბევრით ვერაფრით უპასუხეს და "დრიმ თიმმა" 11 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
სხვათა შორის, ორი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატამდე საწვრთნელ შეხვედრაში, ბრაზილიამ ასევე შეუქმნა პრობლემები ამერიკის ნაკრებს, როცა მომავალ ჩემპიონთან მხოლოდ ორი ქულა წააგო - 68:70.
როგორც გითხარით, აშშ-ის ნაკრებმა დაასრულა პირველი შეკრება და დღეს ევროპაში გაემგზავრა. ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე გუნდი კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: მანჩესტერში ბრიტანეთის წინააღმდეგ, ბარსელონაში - არგენტინისა და ესპანეთის წინააღმდეგ.
* * *
ამ საწვრთნელ შეხვედრაში მხოლოდ ლებრონი არ იპყრობდა მაყურებელთა ყურადღებას. ამერიკელი კალათბურთელები დაჩრდილა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ - ის თამაშზე მეუღლე მიშელთან (ეს უკანასკნელი აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება ლონდონის ოლიმპიადაზე), ქალიშვილ მალიასთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად მივიდა.
"ჩვენი გუნდი ძალიან ნიჭიერია, - განაცხადა ერთ-ერთი შესვენების დროს ობამამ. - ამიტომაც არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ჩამოიტანონ მათ ოქრო ლონდონიდან. მთავარია, მაქსიმალურად კონცენტრირებულები იყვნენ".
საღამოს კულმინაცია გახდა პრეზიდენტისა და მისი მეუღლის კოცნა, რომელსაც მთელი დარბაზი Kiss Cam-ის მეშვეობით ადევნებდა თვალს (იხილეთ ვიდეო).
აშშ-ბრაზილია 80:69
17:27, 20:5, 22:19, 21:18
ა: ენტონი (3), ჯეიმსი (30), ჩენდლერი (3), ბრაიანტი (8), პოლი (10) - დურანტი (11), იგუოდალა (5), უესტბრუკი (4), დ. უილიამსი (6), ლავი, ჰარდენი.
ბ: გარსია (14), ნენე (8), სპლიტერი (6), ბარბოზა (10), მარსელინიო (11+13 პასი) - ტეილორი (1), ვარეჟაო (12+13 მოხსნა), ნეტუ, მაშადუ (2), ჯოვანონი (5).