ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე
ნაწილი მესამე. მონტე კარლოს პრინცები
ბიჭები მაიკლს აღიზიანებდნენ, რადგან ის ყოველ დილით გოლფს თამაშობდა.
ამერიკის ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ "დრიმ თიმმა" მალე მონტე კარლოსკენ აიღო გეზი - სავარჯიშოდ და სამორინეში სათამაშოდ. პროგრამაში აგრეთვე გოლფიც იყო დაგეგმილი.
კრეიგ მილერი (აშშ-ის საკალათბურთო ასოციაციის PR-დირექტორი): "მახსოვს, იმ სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, სადაც ჩვენ
ჩვენ ვუპასუხეთ: "კარგით, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ". ჩამოფრენის ღამეს უამრავი ხალხი დაგვხვდა - ისინი ყვიროდნენ და გვესალმებოდნენ. არ იყო არანაირი დაცვა, არანაირი კონტროლი. მე ის მენეჯერი შევამჩნიე, რომელიც მზად იყო, დაგვნებებოდა და ხელები მაღლა აეწია.
მე ყოველთვის ირონიით ვიხსენებ მის ფრაზას: "ეს მონტე კარლოა! ჩვენთან ყოველთვის მეფეები, დედოფლები და როკვარსკვლავები ჩამოდიან!"
კიმ ბოჰუნი (NBA-ს საერთაშორისო განყოფილების უფროსი): "მონაკოს თავად რანიესთან და პრინც ალბერთან ერთად ვივახშმეთ. საკმაოდ მკაცრი პროცედურა აღმოჩნდა. მაგალითად, თქვენ არ შეგეძლოთ რანიეზე ადრე ჭამის დაწყება... ასეთი მაგალითები მრავლად იყო. ჩვენ ეს ყველაფერი გუნდთან ერთად ვახშმის წინ განვიხილეთ და ბევრი შოკირებული დარჩა ასეთი წესებით".
მილერი: "მათ გვითხრეს, რომ თუ პრინცი თავის ჩანგალს მაგიდაზე დადებს და ჭამას შეწყვეტს, ეს დანარჩენებმაც უნდა გააკეთონო. მაშინ ჩარლზ ბარკლიმ თქვა: "იმედია, ის მაშინ გაჩერდება, როცა მე ჭამა დამთავრებული მექნება, რადგან იქ ყველაფრის მირთმევას ვაპირებ".
კარლ მელოუნი (აშშ-ის ნაკრების მძიმე ფორვარდი): "მე წარმოშობით სოფლიდან ვარ. ჩვენი ეტიკეტი საკმაოდ მარტივია და შემდეგში მდგომარეობს: თუ ვინმე ამბობს: "მომაწოდეთ ლობიო", შენ იღებ და აწვდი ამ ადამიანს კერძს.
პრინცს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ეს წესები გამეცნობიერებინა. ეს ჭიქა აქ უნდა იდგეს, ჩანგლის ადგილი სხვაგანაა... იცით რა? მომეცით მშვიდად ვახშმობის საშუალება. ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. თუ მეხსიერება არ მღალატობს, თან მდიდრულ კოსტიუმში ვიყავი გამოწყობილი".
პი ჯეი კარლესიმო (აშშ-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): "მონტე კარლოში ვარჯიშები ლეგენდარული იყო. აქ არ გვყავდა სტუდენტური გუნდები. ამიტომაც პირველად ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ".
მელოუნი: "მწვრთნელები ყოველთვის ცალ-ცალკე აყენებდნენ მეჯიქსა და მაიკლს".
მეჯიქ ჯონსონი (აშშ-ის ნაკრების გამთამაშებელი): "სწორედ იმ ვარჯიშების დროს ჩავატარე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მატჩები, რადგან ყველა ამბობდა: "მოდით, კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ".
ლენი უილკენსი (აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): "ჩვენი ბოლო მატჩის დროს მეჯიქის გუნდი უგებდა მაიკლის გუნდს. ბიჭები ჯორდანს აღიზიანებდნენ, რადგან ის ყოველ დილით გოლფს თამაშობდა. ამან მასზე იმოქმედა. იმ მომენტში ყველაფერი თავდაყირა დადგა".
როდ ტორნი (აშშ-ის ნაკრების სასელექციო შტაბის წევრი): "ის გაბრაზებული იყო და მუდმივად აგდებდა კალათში, როგორც კი ბურთს მიიღებდა. ერთხელ გარღვევაზე წავიდა და მსაჯებმა ძალიან საეჭვო ჯარიმა დააფიქსირეს. მეჯიქმა პასუხად დაიყვირა: "ეს უბრალოდ სასაცილოა! ყველაფერი ისეა, როგორც NBA-ში! ყოველთვის მასზე იძლევით ჯარიმას!"
იან ჰაბარდი (Newsday-ს საკალათბურთო მიმომხილველი): "მეჯიქი ამბობდა: "ეს თამაში ჩიკაგოს არენაზე მატჩს ჰგავს". ეს იმიტომ, რომ ყველა საკამათო ეპიზოდს მაიკლის სასარგებლოდ წყვეტდნენ. ჯორდანი პასუხობდა: "რა უნდა ვთქვა, 80-იანი წლები დასრულდა, დადგა 90-იანები".
ჯონსონი: "მაიკლი კლაიდის წინააღმდეგ იცავდა თავს, კლაიდი მაიკლს ეთამაშებოდა. დევიდ რობინსონი პატრიკ იუნგის წინააღმდეგ იყო და პირიქით. კარლ მელოუნი ჩარლზ ბარკლის შეჩერებას ცდილობდა... ასე ვთამაშობდით. რაღაც მომენტში ყველანი სერიოზულ აზარტში შევდიოდით".
უილკენსი: "როცა სიტუაცია ძალიან იძაბებოდა, იძულებულნი ვიყავით, ჩავრეულიყავით და პატარა შესვენება მოგვეწყო".
ჰაბარდი: "მოგვიანებით, როცა ბარკლი ხასიათზე არ იყო, ასეთი რამ თქვა: "მაიკლი ერთადერთი დიადი მოთამაშე არ არის ჩვენს გუნდში!" და კიდევ რამდენიმე მსგავსი ტიპის ფრაზა დაამატა. მაიკლს საშუალება მივეცი, მარტო დარჩენილიყო და მომეჩვენა, რომ ის ოდნავ შეცბუნებული იყო იმ ეფექტით, რასაც გუნდში არსებულ ატმოსფეროზე ბარკლი ახდენდა.
მან მკითხა: "როგორ არის ის ბიჭი?" მას მხედველობაში ბარკლი ჰყავდა. მე ვუპასუხე: "თავად მიხვდები, ცოტათი განაწყენებულია". მაიკლმა თქვა: "გაუვლის". ამ დროს ის ნამდვილი ჯორდანი იყო".
ჩარლზ ბარკლი (აშშ-ის ნაკრების მძიმე ფორვარდი): "მომისმინეთ, იმ გუნდში "ყველა ვარსკვლავის" დონის 10 მოთამაშე იყო, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობდნენ და ნორმალურია, როცა თითოეული ჩვენგანი საკუთარ მოსაზრებას იცავდა. ყველას ჰქონდა გამარჯვებულის მენტალიტეტი".
კარლესიმო: "ეს ბიჭები მართლაც ნამდვილი სპორტსმენები იყვნენ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
შეუძლებელი იყო მათთან ყოველდღე ერთი საათი მუშაობა მთელი თვის განმავლობაში, რადგან თითოეული მათგანი მზად იყო, მოეკლა მეორე. NBA-ს ჩვეულებრივ გუნდში, მაქსიმუმ, ორი ასეთი მოთამაშეა. ჩვენთან კი ასეთი 12 იყო. 12 ბიჭი, რომლებიც ვერ იტანდნენ წაგებას ორმხრივ თამაშში და უბრალო ვარჯიშის დროსაც კი".
ნაწილი მეოთხე. ცხოვრება ბარსელონაში
"ისინი "ბითლებივით" იყვნენ, ნამდვილი როკვარსკვლავები"
დადგა ბარსელონაში გამგზავრების მომენტი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, "დრიმ თიმის" წევრები არა ოლიმპიურ სოფელში, არამედ სასტუმრო "ამბასადორში" გაჩერდნენ.
მილერი: "ჩვენ გვყავდა ვერტმფრენი, რომელიც აეროპორტიდან სასტუმრომდე მიგვაცილებდა. ერთ-ერთ მცველს, რომელიც მოტოციკლით მოგვყვებოდა, ჩანთაში იარაღი ედო".
მარვ ალერტი (NBC-ის კომენტატორი): "როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, ისინი "ბითლებივით" იყვნენ, ნამდვილი როკვარსკვლავები".
პატრიკ იუინგი (აშშ-ის ნაკრების ცენტრი): "დიახ, ჩვენ "ბითლებივით" ვიყავით, ნამდვილი როკვარსკვლავები".
ბრენფორდ მარსალისი (მუსიკალური ჯგუფის ლიდერი, ჯეი ლენოსთან ერთად "საღამოს შოუს" წამყვანი): "ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრება "საღამოს შოუში" მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი იყო. მახსოვს, ერთხელ იმ სასტუმროს მივადექი, სადაც ჩვენი ბიჭები გაჩერდნენ. ერთ-ერთმა მცველმა მითხრა: "გამარჯობა, სერ! და სასტუმროში შემიშვა. გამიკვირდა: "ესპანეთში "საღამოს შოუს" უყურებენ!"
სასტუმროში ნაცნობს შევხვდი, რომელიც NBA-ს სტრუქტურაში მუშაობს. მან მკითხა: "აქ როგორ შემოხვედი?" მე ვუპასუხე: "თავად არ ვიცი. ერთმა ნაცნობმა შემომიშვა". ამის შემდეგ იმ მცველთან სასტუმროს თანამშრომლები მივიდნენ და ჰკითხეს: "რატომ შემოუშვი ეს მამაკაცი სასტუმროში?" მან თქვა: "ის ხომ მეჯიქის ნათესავია. ასე არ არის?" მას ეგონა, რომ მეჯიქის უმცროსი ძმა ვიყავი".
დევიდ დუპუი (გაზეთ USA Today-ს კორესპონდენტი): "შეგიძლიათ ილაპარაკოთ რაც გინდათ, მაგრამ ამ გუნდში მთავარი მეჯიქი იყო. ერთხელ, როცა ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდებოდა, ჩვენ Sports Illustrated-ის ჟურნალისტ ჯეკ მაკალუმთან ერთად "დრიმ თიმთან" ფოტოს გადაღება გადავწყვიტეთ, რათა ეს სურათი სამახსოვროდ დაგვეტოვებინა. ჯეკს კარგი ურთიერთობა ჰქონდა კარლ მელოუნთან და ერთ საღამოს მან ჩვენი თხოვნა გადასცა.
კარლმა უპასუხა: "ვფიქრობ, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც რჩევა უნდა ვკითხო მეჯიქს". თუ მეჯიქი იტყოდა "ჰოს", მაშინ შეიძლებოდა ამის გაკეთება, თუ ამბობდა - "არას", მაშინ არაფერი გამოვიდოდა".
ბრაიან მაკინტაირი (NBA-ს ვიცე-პრეზიდენტი): "ბარსელონაში, ჩემს ნომერში დაახლოებით 80 საკალათბურთო ბურთი იყო და უნდა მეთხოვა მოთამაშეებისთვის, თითოეულზე ავტოგრაფი დაეტოვებინათ.
ბერდი ბოლო აღმოჩნდა და მკითხა: "ყველაზე სწრაფად ვინ მოაწერა ხელი?" მე ვუპასუხე: "ყველა დაახლოებით 8-12 წუთში ჩაეტია". ბერდმა თქვა: "მაშინ მე ყველაზე სწრაფად გავაკეთებ. დრო დაინიშნე". მან ყველა ბურთზე ხელი მოაწერა, ბოლო ბურთი მესროლა და მკითხა: "რა დრო გავიდა?" "მხოლოდ ოთხნახევარი წუთი". მან პასუხად დაიყვირა: "არის!" ისინი ყველაფერში ნამდვილი გამარჯვებულები იყვნენ - თავიდან ბოლომდე".
ბოჰუნი: "მოთამაშეებს ქუჩაში გასვლის დიდი სურვილი არ ჰქონდათ, რადგან იქ ჩვენი ნაკრების მიმართ გადამეტებული ყურადღება იგრძნობოდა. მხოლოდ ბარკლი იყო გამონაკლისი. მას უყვარდა ყურადღება და არ ეშინოდა მის გარშემო დიდი თავყრილობების".
ბარკლი: "მე, უბრალოდ, არ ვაპირებდი მუდმივად საკუთარ ოთახში ყოფნას".
ჰაბარდი: "ბარკლი სასტუმროს ქუჩაზე სეირნობდა და ხალხი მას ეკითხებოდა: "ჩარლზ, რატომ სეირნობ დაცვის გარეშე?" პასუხად ის ორივე მუშტს იღერებდა და ამბობდა: "აი, ჩემი დაცვა!" ჩარლზს მუდმივად თან დაჰყვებოდა ბრბო.
ისინი ყვიროდნენ, იღიმოდნენ და ფოტოს გადაღებას ცდილობდნენ. მას ეს მოსწონდა".
დიუპრი: "ბარკლის საავტორო სვეტი ჰქონდა გაზეთში. ის მატჩების შემდეგ მხვდებოდა და ყველაფერზე საინტერესოდ ყვებოდა, მე კი ამას ფურცელზე ვიწერდი. ის ამბობდა: "შევხვდებით აქ და აქ".
მე მივდიოდი დანიშნულ კლუბში და, რა თქმა უნდა, ბარკლი ადგილზე არ მხვდებოდა. სამაგიეროდ, იყო მისი შეტყობინება ფურცელზე, რომ მე უკვე სხვა დაწესებულებაში მივსულიყავი. ასე რომ, საჭირო იყო, ყოველ ჯერზე დილის ექვს საათამდე მომევლო დაახლოებით ოთხი ან ხუთი კლუბი, სანამ მას მივაგნებდი. სამაგიეროდ, ის ყოველთვის ტოვებდა მესიჯს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"