როგორ იქმნებოდა და თამაშობდა 1992 წლის "დრიმ თიმი"

AutoSharing Option
ყველაზე ორიგინალური და უნიკალური "დრიმ თიმის" შექმნიდან 20 წლის თავზე GQ-ს მიმომხილველმა ლენგ უიტეკერმა ყველა დროის უდიადესი საკალათბურთო ნაკრების ისტორია გაიხსენა. ამისთვის მან ამ ისტორიის შემქმნელები აალაპარაკა.

ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე
ნაწილი მესამე და მეოთხე

დასასრული
ნაწილი მეხუთე. შოუთაიმი
"არსებობს აშშ-ის 1992 წლის ნაკრები და შემდეგ, ყველა დანარჩენი გუნდი"

აშშ-ის ნაკრებს პირველი მატჩი ანგოლას წინააღმდეგ უწევდა.

ბრენფორდ მარსალისი (მუსიკალური ჯგუფის ლიდერი, ჯეი ლენოსთან ერთად “საღამოს შოუს” წამყვანი): სასტუმროში ბევრ მოთამაშე რჩებოდა, მათ შორის, მაიკლ ჯორდანი. იმ დღეს, ის ანგოლას ნაკრების
მატჩების ჩანაწერებს უყურებდა და ამ გუნდის თამაშში სუსტ ადგილებს ეძებდა.

მე ვუთხარი: "არ მინდა შეგაწუხო, მაგრამ რატომ უყურებ ამ თამაშს?" მან მიპასუხა: "მე ყოველთვის სერიოზულად ვეკიდები საკუთარ მეტოქეს".

ეს მომენტი დამამახსოვრდა და უნდა ვთქვა, რომ ჯორდანი ერთადერთი იყო, ვინც ეს ჩანაწერი ნახა.

ელანდერ კოიმბრა (ანგოლას ნაკრების მოთამაშე): გვეგონა, რომ ყველაზე ბედნიერი ბიჭები ვიყავით მსოფლიოში. უნდა გვეთამაშა საუკეთესოთა შორის საუკეთესოების წინააღმდეგ, ამავდროულად, ისინი აფროამერიკელები იყვნენ.

ჩვენთის ეს უფრო მეტად პრინციპული იყო, თითქოს ისინი ჩვენი ნათესავები იყვნენ. მოთელვის დროს თითოეული ჩვენთაგანი ეფექტური დანკის შესრულებას ცდილობდა - გვინდოდა ეფიქრათ, რომ ჩვენც შეგვიძლია ისე თამაში, როგორც ამას NBA-ში აკეთებენ. მათ კი არც ერთი დანკი არ შეუსრულებიათ. კონცენტრირებული გამომეტყველება ჰქონდათ, ისინი მზად იყვნენ სერიოზული თამაშისთვის.

ჩვენი საბრძოლო სულის ასამაღლებლად მწვრთნელმა გვითხრა, რომ მხოლოდ ლარი ბერდი და მაიკლ ჯორდანი თამაშობდნენ მართლაც უმაღლეს დონეზე, "დრიმ თიმის" დანარჩენი წევრები კი იმდენად კარგები არ არიან, როგორც მათზე ამბობენ.

მაგრამ თამაშმა ყველაფერი დაგვანახა - ეს ბიჭები იმ დონეზე თამაშობდნენ, რომელიც ჩვენთვის მიუწვდომელი იყო. თითქოს ისინი სხვა გალაქტიკიდან ჩამოფრინდნენ. შევეცადეთ ყველაფერი გაგვეკეთებინა, მაგრამ ეს უაზრო საქმე აღმოჩნდა.

ლენი უილკენსი (აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): ანგოლას ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო. აგრესიულად და ხისტად თამაშობდნენ, ხანდახან ზედმეტადაც კი. ერთ-ერთმა მოთამაშემ იდაყვი ჩაარტყა ჩარლზ ბარკლის კეფაში.

ჩარლზ ბარკლი (აშშ-ის ნაკრების მძიმე ფორვარდი): ისინი უხეშები იყვნენ და იმ ბიჭს შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ გაფრთხილება მივეცი. მეგონა, შემეშვებოდა.

უილკენსი: თავიდან ეს სახალისოდ მოგვეჩვენა, მაგრამ ჩარლზი არ აპირებდა ამის ასე დატოვებას და იმ მოთამაშეს მთელს მოედანზე დაედევნა.

კოიმბრა: სათადარიგო სკამთან ვიდექი და მწვრთნელს ვუსმენდი, როცა მოულოდნელად გულმკერდის არეში იდაყვი ჩამარტყა.

ბარკლი: ხომ უნდა მიმექცია ამისთვის ყურადღება?!

კოიმბრა: მატჩის შემდეგ, ამ ინციდენტის შესახებ ყველა ჟურნალისტს ჩემთან დალაპარაკება უნდოდა. ამ კონფლიქტის ყველა დეტალი აინტერესებდათ. მაგალითად, ხომ არ ვუთხარი მას რაიმე პროვოცირების მიზნით? მე მათ ვუპასუხე, რომ მსგავსი არაფერი გამიკეთებია.

მომდევნო დღეებში ეს თემა ერთადერთი იყო, რაზეც პრესას ლაპარაკი სურდა. ეს უკვე რაღაც სიგიჟეს ჰგავდა. და მე გამოვედი განცხადებით, რომელშიც აღვნიშნე, რომ ჩვენ აქ იმის საჩვენებლად ჩამოვედით, რამდენად კარგად გამოვიყურებით საკალათბურთო მოედანზე. არ გვინდოდა ჭორების საბაბი ვყოფილიყავით. მაგრამ ერთმანეთში, რა თქმა უნდა, ვლაპარაკობდით ამაზე. დიდად გაკვირვებული არ ვყოფილვართ ბარკლის ამგვარი საქციელით, რადგან მისი "ბინძური მოთამაშის" რეპუტაცია კარგად იყო ცნობილი.

დევიდ სტერნი (NBA-ის კომისარი): ახლა "დრიმ თიმს" იხსენებენ, როგორც დიად გუნდს, მაგრამ იმ მომენტში მასზე, როგორც "ხულიგნების ნაკრებზე", ისე ლაპარაკობდნენ.

იან ჰაბარდი (Newsday-ის საკალათბურთო მიმომხილველი): ჩაკ დეილი ყოველთვის სასტარტოში აყენებდა მაიკლსა და მეჯიქს, დანარჩენ მოთამაშეებს კი როტაცია ეხებოდათ. ჩვენ გვესმოდა, რომ თუ თამაშს პიპენი იწყებდა, შემდეგ მატჩში ძირითადი მალინი გავიდოდა. რობინსონიც და იუინგიც მუდმივად მორიგეობით იყვნენ ხუთეულში, როგორც მელოუნი და ბარკლი.

დეილი ნამდვილი ოსტატი იყო იმაში, რაც გუნდის მართვას ეხებოდა. მაგრამ, როცა საქმე ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე მიდგა, არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სკოტი პიპენი ტონი კუკოჩის წინააღმდეგ ითამაშებდა. ეს უკანასკნელი "ჩიკაგოს" ახალი აყვანილი ჰყავდა დრაფტზე და მას კონტარქტით იმაზე მეტი თანხა შესთავაზეს, ვიდრე პიპენი იღებდა. სკოტისა და მაიკლ ჯორდანს მობეზრდათ იმის მოსმენა, რამდენად კარგი იყო კუკოჩი.

კარლ მელოუნი (აშშ-ის ნაკრების მძიმე ფორვარდი): ოდესმე გინახავთ ლომი ან ლეოპარდი, რომელიც თავის მსხვერპლს ესხმის თავს? იძულებულნი გავხდით ძალით გამოგვეყვანა გასახდელიდან მაიკლი და სკოტი, რადგან მათ ვერაფრით გადაწყვიტეს - ვის უნდა დაეცვა თავი კუკოჩის წინააღმდეგ.

თავად ტონისაც წარმოდგენა არ ჰქონდა, ვის წინააღმდეგ მოუწევდა თამაში მთელი მატჩის განმავლობაში.

ტონი კუკოჩი (ხორვატიის ნაკრების მოთამაშე): ყოველთვის გინდა გამოცდა მოუწყო ადამიანებს, რომლებიც მალე შენთან ერთად იმუშავებენ. რამდენად ძლიერები არიან ისინი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად? შეუძლიათ თუ არა პასუხის გაცემა მაშინ, როცა ეს აუცილებელია?

არ მგონია, რომ მათ პირადად ჩემი საწინააღმდეგო ჰქონდათ რაიმე. ისინი უბრალოდ ამგვარი ხერხით მამოწმებდნენ. მოგვიანებით მივხვდი, რომ მაიკლი ამას ყოველთვის აკეთებდა.

მარვ ალბერტი (NBC-ის კომენტატორი): ხორვატიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდი იყო. მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა.

პი ჯეი კარლესიმო (აშშ-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): მათ თამაშის საკუთარი სტილი ჰქონდათ და ის ძალიან მომწონდა. რაღაც მომენტში მეგონა, რომ შეუძლებელი იყო იმაზე უკეთ თავდაცვა, როგორც ამას ისინი აკეთებდნენ. ასევე ვფიქრობდი, რომ ჩვენ არ შეგვეძლო მათზე უკეთ ფარქვეშ თამაში, მთელი მოედნის გარბენა და ბურთის უკეთესად გადაწოდება.

ეს მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა იყო. ვუყურებდით მათ თამაშს და გვაინტერესებდა - რას გააკეთებდნენ შემდეგ. ჩვენ შეჩვეული არ ვიყავით ასეთ თამაშს და ვეღარასოდეს ვნახავდით მას, ამიტომაც მომენტი უნდა დაგვეჭირა.

რას გრანიკი (შუამავალი NBA-სა და აშშ-ის ნაკრებს შორის): პირველად საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ფინალური მატჩის მეორე ტაიმში ვირწმუნეთ. ისევ ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გვიწევდა თამაში და ის ისევ შესანიშნავად მოქმედებდა, როგორც ჩვენს პირველ მატჩში.

მახსოვს როგორი გამომეტყველება ჰქონდა FIBA-ში აშშ-ის წარმომადგენელს დეივ გევიტს ფინალის შემდეგ - მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ყველა ზეიმობდა, ის მხოლოდ უდიდეს შვებას გრძნობდა.

"დრიმ თიმმა" ბარსელონას ოლიმპიადაზე ყველა მატჩი 44-ქულიანი საშუალო სხვაობით მოიგო. ხორვატიის ნაკრებმა, რომელმაც ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია "დრიმ თიმს", 33 და 32 ქულით წააგო ორი შეხვედრა.

მაიკ კჟიჟევსკი (აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): დაჯილდოვების ცერემონიის დროს ისინი ბავშვებს ჰგავდნენ. მიჩვეულნი იყვნენ NBA-ში თამაშს და ჩვეულებრივ, საკუთარი თავს ასეთი რამის უფლებას არ მისცემდნენ, მაგრამ იქ, პოდიუმზე, ბავშვებივით იყვნენ. ეს შესანიშნავი მომენტი იყო.

პატრიკ იუინგი (აშშ-ის ნაკრების ცენტრი): ისეთი შეგრძნება იყო, რომ 1988 წლის ოლიმპიადაზე წაგების შემდეგ, აშშ-მ ბარსელონაში ნამდვილი სპეცდანიშნულების რაზმის გაგზავნა გადაწყვიტა. ჩვენ ელიტური დანაყოფივით ვიყავით - საუკეთესოები. ჩვენ მივედით, ავიღეთ რაც გვჭირდებოდა და მშვიდად და უვნებლად დავბრუნდით შინ.

მელოუნი: მეტოქეებს არ ვაღიზიანებდით, არ ვტრაბახობდით, უბრალოდ ვამბობდით: "მოგებას ვაპირებთ". ოლიმპიადაზე მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად არ ჩავსულვართ. ჩვენი მიზანი მარტივი იყო - ოქროს მედლის შინ წაღება და სხვა ქვეყნებისთვის ასეთი რამის თქმა: "ახლა თქვენ იცით რა შეგვიძლია, როცა უძლიერესი შემადგენლობით ვთამაშობთ".

გრანიკი: ფინალის შემდეგ საინტერესო ისტორია მოხდა. საქმე ისაა, რომ ჩვენ მოგვიახლოვდნენ აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და გვითხრეს: "რა თქმა უნდა, გესმით, რომ დაჯილდოვების ცერემონიაზე ფირმა Reebok-ის ქურთუკები უნდა ჩაიცვათ". ჩვენ თავიდან ავიცილებდით ამ პრობლემას, ამის შესახებ ადრე რომ გვცოდნოდა.

ტინკერ ჰეტფილდი (Nike-ის კრეატიული დირექტორი): ჯორდანმა დროშა ისე დაიჭირა, რომ ვერავინ დაინახავდა მის ქურთუკზე Reebok-ის ლოგოს. ეს ფანტასტიკური საქციელი იყო მისი მხრიდან. არ გვითხოვია ამის შესახებ, თავად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

ბრაიან მაკინტაირი (NBA-ის ვიცე-პრეზიდენტი): ვუყურებდი მას პოდიუმზე და ვფიქრობდი: "მე ხომ ამ ოლიმპიადიდან ერთი სუვენირიც არ მრჩება?!" მაიკლი მოედნიდან გადიოდა და მას ვუთხარი: "შენ ხომ არაფერში გჭირდება ეს საწვრთნელი კოსტიუმი?" და მან მიპასუხა: "არა, შენ გინდა?" მე ვუპასუხე: "რა თქმა უნდა, ვაღმერთებ მას". ამ სიტყვების შემდეგ, მან გაიხადა თავისი კოსტიუმი და მე გადმომიგდო. მასზე დღესაც არის იმის კვალი, როგორ ფარავდა Reebok-ის ლოგოს დროშის დახმარებით. იმ ადგილს ერთხელაც არ მივკარებივარ.

სტერნი: ჩემი აზრით, იმ ოლიმპიადის ძირითადი არსი შემდეგში მდგომარეობდა - საკალათბურთო სამყარომ NBA-ს მასთან შეერთება შესთავაზა და ჩვენ თანხმობით ვუპასუხეთ. ამ თანამშრომლობიდან ორივე მხარემ სარგებელი ნახა, რადგან ახლა ჩვენ გვაქვს სპორტის საერთო სახეობა, სახელწოდებით - "კალათბურთი". საშუალება გვაქვს თვალი მივადევნოთ NBA-ში ბევრ უცხოელს, ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან ნოვიცკი, რუბიო, პარკერი, ჯინობილი...

დევიდ დუპუი (გაზეთ USA Today-ის კორესპონდენტი): ჩემი აზრით, არსებობს აშშ-ის 1992 წლის ნაკრები და შემდეგ, ყველა დანარჩენი გუნდი. თქვენ შეგიძლიათ ააგდოთ მონეტა იმის გასარკვევად, სხვადასხვა დროის რომელი გუნდია უფრო ძლიერი, მაგრამ იმ ნაკრების სიდიადის განსაზღვრისთვის, რომელიც ბარსელონაში თამაშობდა, მონეტა არ დაგჭირდებათ.

1992 დრიმ თიმი ციფრებში
0 - მთავარ მწვრთნელ ჩაკ დეილის ოლიმპიადაზე არც ერთი ტაიმ-აუტი არ აუღია.
2.8 - ჯონ სტოქტონის საშუალო შედეგიანობა (ბოლო ადგილი დრიმ თიმში).
15 - პატრიკ იუინგის მიერ შესრულებული დაფარებების რაოდენობა (ლიდერი დრიმ თიმში).
36.5 - დრიმ თიმის მეტოქეთა თამაშიდან სროლის სიზუსტის საშუალო პროცენტი.
37 - მაიკლ ჯორდანის ჩაჭრების რაოდენობა (ლიდერი დრიმ თიმში).
47 - სკოტი პიპენის პასების რაოდენობა (ლიდერი დრიმ თიმში).
4.8 - კრისტიან ლეიტნერის საშუალო შედეგიანობა (მე-10 გუნდში).
5.3 - კარლ მელოუნისა და კრის მულინის მოხსნების საშუალო რაოდენობა (ლიდერები დრიმ თიმში).
57.8 - დრიმ თიმის თამაშიდან სროლის სიზუსტის პროცენტი.
71.1 - ჩარლზ ბარკლის თამაშიდან სროლის სიზუსტის პროცენტი (83-დან 59) - ლიდერი დრიმ თიმში.
8 - მეჯიქ ჯონსონის საშუალო შედეგიანობა (მე-9 გუნდში).
8.4 - ლარი ბერდის საშუალო შედეგიანობა (მე-8 გუნდში).
87.5 - ჩარლზ ბარკლის სამქულიანების სიზუსტის პროცენტი (8-დან 7) - ლიდერი დრიმ თიმში.
9 - სკოტი პიპენისა და დევიდ რობინსონის საშუალო შედეგიანობა (მე-7 გუნდში).
90.0 - კრისტიან ლეიტნერის საჯარმოების სიზუსტის პროცენტი (20-დან 18) - ლიდერი დრიმ თიმში.
9.5 - პატრიკ იუინგის საშუალო შედეგიანობა (მე-6 გუნდში).
10.5 - კლაიდ დრექსლერის საშუალო შედეგიანობა (მე-5 გუნდში).
12.9 - კრის მულინის საშუალო შედეგიანობა (მე-4 გუნდში).
13 - კარლ მელოუნის საშუალო შედეგიანობა (მე-3 გუნდში).
14.9 - მაიკლ ჯორდანის საშუალო შედეგიანობა (მე-2 გუნდში).
18 - ჩარლზ ბარკლის საშუალო შედეგიანობა (პირველი გუნდში).
32 - დრიმ თიმის ყველაზე ნაკლები სხვაობით მოგება - 117:85 ხორვატიასთან ფინალში.
43.8 - დრიმ თიმის გამარჯვებათა საშუალო სხვაობა.
103 - აშშ-ხორვატია 103:70.
111 - აშშ-გერმანია 111:68.
115 - აშშ-პუერტო რიკო 115:77.
116 - აშშ-ანგოლა 116:48.
117 - აშშ-ხორვატია 117:85.
117.3 - დრიმ თიმის საშუალო შედეგიანობა.
122 - აშშ-ესპანეთი 122:81.
127 - აშშ-ლიტვა 127:76.
127 - აშშ-ბრაზილია 127:83.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული