პაუ გასოლიმ არგენტინასაც მოუგო

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე თავისი გუნდის მედროშედ ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ლიდერი პაუ გასოლი აირჩია - ის ტრავმირებული ჩოგბურთელის, რაფაელ ნადალის ნაცვლად ჩაიბარებს ესპანეთის დროშას.

გასოლისთვის ეს იქნება მესამე ოლიმპიადა კარიერაში. 2008 წელს პეკინში ესპანეთის ნაკრებმა ფინალი წააგო ამერიკასთან და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ესპანელები აგრძელებენ ოლიმპიადისთვის მზადებას და შაბათს მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.

ამჯერად მათი მეტოქე არგენტინის ნაკრები იყო. სერჯო სკარიოლოს გუნდმა პირველ მეოთხედში გადაწყვიტა მატჩის ბედი - ესპანეთმა საწყისი 10 წუთი 20 ქულის სხვაობით
მოიგო - 33:13. ზუსტად ეს სხვაობა დაფიქსირდა საფინალო სირენის შემდეგ - 105:85 (33:13, 28:23, 22:31, 22:18).

ესპანეთის რიგებში ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს და მათგან ყველაზე შედეგიანი სწორედ პაუ გასოლი იყო - 17 ქულა. საერთოდ, ესპანელები ფანტასტიკური სიზუსტით ესროდნენ - ორქულიანების 57 პროცენტი, სამქულიანების - 51 პროცენტი.

არგენტინულ ნაკრებში 19 და 18 ქულა დააგროვეს მანუ ჯინობილიმ და ლუის სკოლამ. კიდევ ორი ვეტერანი იყო შედეგიანი - ნოჩიონიმ და დელფინომ, შესაბამისად, 16 და 14 ქულა მიითვალეს.

* * *
გასოლთან დაკავშირებული კიდევ ერთი ინფორმაცია მის მომავალ კარიერას შეეხება. "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა დარწმუნებით თქვა, რომ ესპანელი კალიფორნიულ კლუბს არ დატოვებს.

პაუ ლოს ანჯელესში 2008 წლიდან თამაშობს, მაგრამ ამ ზაფხულს მისი გვარი ხშირად ფიგურირებს შესაძლებელ ტრეიდებში.

"სანამ მე აქ ვარ, პაუ არსად წავა", - დარწმუნებით ამბობს ბრაიანტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული