სამი გასოლი ლოს ანჯელესში

AutoSharing Option
ახალ სეზონში ლოს ანჯელესში ორი გუნდი იქნება, რომელთა რიგებში ითამაშებს კალათბურთელი, გვარად გასოლი.

კალიფორნიის უნივერსიტეტის რიგებში ჩაირიცხა 18 წლის ადრია გასოლი. ეს გახლავთ NBA-ში მოთამაშე პაუ და მარკ გასოლების უმცროსი ძმა.

ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, გააგრძელებს თუ არა ის ოჯახურ ტრადიციას და ითამაშებს თუ არა კალათბურთს პროფესიულ დონეზე. რაც უნდა იყოს, ადრია სკოლაში არ ფიქრობდა იმაზე, რომ თავისი უფროსი ძმების კვალს გაჰყოლოდა. თანაც, ამ ბიჭზე ჯერ არავის უთქვამს - პერსპექტიული კალათბურთელიაო.

გასულ წელს ის ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებში ვარჯიშობდა, მაგრამ შემადგენლობაში
ვერ მოიპოვა ადგილი.

"ის ტიპური ბავშვია, რომელმაც გვიან დაიწყო განვითარება - სწრაფი, მაღალი და გამხდარი, მაგრამ მოედანზე დაკარგული, - თქვა მასზე რაფალ ჯუსმა, ევროპელმა სკაუტმა. - ადრია რამდენიმე ესპანელი აგენტის სამიზნე იყო, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ მასში ისეთ პერსპექტივას, როგორც ეს უფროსი ძმების შემთხვევაში იყო.

მისი საკალათბურთო IQ მაღალი არ არის, მას ბევრი სათამაშო კომპონენტი აქვს შესასწავლი, რომ არაფერი ვთქვათ საკმაოდ ხშირ ტრავმიანობაზე.

მიუხედავად ამისა, კალიფორნიის უნივერსიტეტში ის მაინც აიყვანეს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. სანამ ბიჭი სწავლის ფულს იხდის, მისი საკალათბურთო გუნდში შეყვანით არაფერი დაშავდება. მით უმეტეს, რომ მისი გვარია - გასოლი".

* * *

ესპანეთის ნაკრების ცენტრმა სერჟ იბაკამ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა თავის ამჟამინდელ კლუბთან "ოკლაჰომასთან". 22 წლის კალათბურთელი ოთხწლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ 48 მილიონ დოლარს მიიღებს.

"მოხარულები ვართ, რომ სერჟი კიდევ დიდი ხანი ითამაშებს ჩვენს გუნდში", - განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა სემ პრესტიმ.

იბაკა 2011-12 წლების სეზონის პლეი ოფში საშუალოდ 9.8 ქულასა და 5.8 მოხსნას აგროვებდა.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 37 წლის ცენტრი ბენ უოლასი, რომელიც გასულ სეზონში "დეტროიტის" შემადგენლობაში თამაშობდა, შესაძლოა, საბერძნეთის "პანათინაიკოსის" რიგებში აღმოჩნდეს.

ბერძნული გრანდის ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ კალათბურთელისადმი ინტერესი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უოლასმა გასული სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება გადაიფიქრა და კიდევ ორი წელი თამაშის მზადყოფნა გამოთქვა.

შარშან, რეგულარულ ჩემპიონატში უოლასმა 61 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 1.4 ქულა და 4.3 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული