ჯეისონ კიდი დალასში შეიძულეს

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა აღიარა, რომ ნეგატიურად მიიღო ვეტერანი გამთამაშებლის, ჯეისონ კიდის გადაწყვეტილება კარიერის "ნიუ იორკში" გაგრძელების შესახებ. მან ისიც განაცხადა, რომ წინააღმდეგია, კიდის მაისურა სამუდამოდ დაკიდოს "მავერიქსის" საშინაო არენის თაღზე.

"ძალიან განაწყენებული დავრჩი, როცა კიდი "ნიუ იორკში" გადავიდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ჩვენთან დაბრუნდებოდა. ერთი პირობა ძალიან გაბრაზებული ვიყავი.

გასაგებია, რომ ჯეისონი ზრდასრული ადამიანია და თავად წყვეტს, როგორ მოიქცეს. მაგრამ არ შეიძლება ასე მკვეთრად საკუთარი გეგმების და შეხედულებების შეცვლა.

ცხადია, ერთ მშვენიერ დღეს ამას შევეგუები, მაგრამ ამ მომენტისთვის
წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ კიდის მაისურა ჩვენი არენის თაღზე ჩამოკიდონ. ჩვენ არ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან იმ მოთამაშის ნომერი, რომელსაც გუნდში დარჩენა არ უნდა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ მაისურის თაღქვეშ დაკიდების მთავარი პირობა "მავერიქსის" რიგებში ჩემპიონობის მოპოვებაა.

ჯეისონ ტერის ამის კარგი შანსი აქვს, ნოვიცკისთან მიმართებაში ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ არ შემიძლია, კიდი ამ ორი კალათბურთელის გვერდით დავაყენო", - ამბობს ქიუბანი ESPN-თან ინტერვიუში.

გარდა ამისა, "დალასის" მფლობელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არასოდეს განიხილავს სხვა კლუბებთან ვეტერანი გერმანელის, დირკ ნოვიცკის გაცვლის საკითხს.

"დირკ ნოვიცკის არასოდეს გავცვლი. თუ ჩვენ კონკრეტულ წინადადებას მივიღებთ, რა თქმა უნდა, დაველაპარაკებით დირს, მაგრამ ნოვიცკის კარგად ვიცნობ - ის არასოდეს მისცემს თანხმობას ტრეიდს", - განაცხადა ქიუბანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული