დერიკ როუზი: საწუწუნო არაფერი მაქვს

AutoSharing Option
სპორტული ფეხსაცმელების საკუთარი ხაზის პრეზენტაციაზე "ჩიკაგო ბულზის" ლიდერმა დერიკ როუზმა ილაპარაკა ტრავმირებული მუხლის აღდგენით პროცესზე, ახალ პარტნიორებზე და ერთხელ, ინტერვიუს დროს ცრემლები ვერ შეიკავა...

რამდენიმე დღის წინ, დერეკმა განაცხადა, რომ მუხლზე ოპერაციიდან ოთხი თვის თავზე, მან ხტომითი ვარჯიშების შესრულება დაიწყო. შეგახსენებთ, მარცხენა მუხლზე ოპერაცია როუზმა 2012 წლის 12 მაისს გაიკეთა. მაშინ, "ბულზის" ექიმმა ბრაიან კოულმა განაცხადა, რომ დერიკი თამაშგარეში 8-12 თვე იქნება.

თავად როუზი დიდად არ ნაღვლობს მომხდარის გამო და მომავალს იმედის თვალით შეჰყურებს:

"აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ყოველდღე სპეციალურ
ვარჯიშებს ვაკეთებ. სამშაბათობით და ხუთშაბათობით აქცენტი სწორედ ფეხებზე კეთდება, მათ შორისაა სავარჯიშო ველოტრენაჟორზე. ყოველ კვირას ვგრძნობ უკეთესობას და უკვე ნახტომების შესრულება დავიწყე. ხანდახან ვამჩნევ, რომ ფეხი მისივდება, მაგრამ პროცესს ვაკონტრობთ. ექიმები ადევნებენ თვალს იმას, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთო".

პრეზენტაციაზე როუზი კარგ ხასიათზე იყო, ბევრს იცინოდა და სიამოვნებით პასუხობდა შეკითხვებს... იქამდე, სანამ მას ის დღე არ შეახსენეს, როცა ეს მძიმე ტრავმა მიიღო. ამ მომენტმა დერიკი მთლიანად შეცვალა, 30 წამის განმავლობაში ცდილობდა საკუთარი თავის ხელში აყვანას. პირველ რიგში მისი სამი ძმა და დედამისი ისხდნენ და ცხვირსახოცი მიაწოდეს კალათბურთელს თვალზე მომდგარი ცრემლის მოსაწმენდად. ბოლოს, როუზმა საუბარი გააგრძელა:

"მომხდარის მიუხედავად, ღმერთის წყალობად მივიჩნეთ იმას, რასაც ამჟამად წარმოვადგენ. იმასთან შედარებით, რაც ჩემს მშობლიურ ინგლვუდში ხდება, საწუწუნო არაფერი მაქვს. არ ვარ დეპრესიაში და უკეთესის იმედით ვცოცხლობ. არ შემიძლია ეს სიტყვებით გადმოგცეთ... ბევრი რამ გადავიტანე და მივხვდი, რომ ნამდვილი თაყვანისმცემლები მყავს, რომლებსაც მე ძალიან ვაფასებ. ვიცი, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის".

რაც შეეხება დიდ კალათბურთში დაბრუნებას, როუზმა დაიფიცა, რომ უფრო ძლიერი იქნება, საკალათბურთო IQ-ს აიმაღლებს და უკეთ ითამაშებს, ვიდრე ამას ტრავმამდე აკეთებდა:

"ჩემი ერთადერთი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ NBA-ის ტიტული მოვიგო. იმედია, ეს სულ მალე მოხდება. მინდა მთელი სული ჩავდო იმაში, რასაც ამიერიდან მოედანზე გავაკეთებ. დღეს ჩვენს გუნდში ბევრი მოთამაშეა კარგი სროლით. მაგრამ მოვიწყენ იმ მოთამაშეების გარეშე, რომლებსაც "ჩიკაგოს" დატოვება მოუწიათ.

NBA, პირველ რიგში, ბიზნესია, ამიტომაც შეუძლებელია ყოველ წელს ერთი და იმავე კალათბურთელებით მოედანზე გამოსვლა. შესაბამისად, იძულებულები ვართ, თავიდან დავალაგოთ სათამაშო სქემები, ვითამაშოთ და ვცადოთ ტიტულის მოგება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული