ახალი ამბები NBA-დან: კენიონ დულინგმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
"ფინიქს სანზის" ფორვარდს ჩენინგ ფრაის გულზე სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა, - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. ლაპარაკია მიიოკარდის ისევ დაავადებაზე, როგორიცაა კარდიომიოპატია.

კალათბურთელს ავადმყოფობა წინასასეზონო სამედიცინო შემოწმებისას დაუდგინეს. ფრაი დროებით ჩამოაშორეს გუნდთან ერთად ვარჯიშს, დეკემბერში კი ის ხელახალ შემოწმებას ჩაიტარებს.

ფორვარდი "ფინიქსში" 2009 წლიდან გამოდის და საშუალოდ მატჩში 11.5 ქულასა და 5.9 მოხსნას აგროვებს.

* * *
"მინესოტას" ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ესპანელი გამთამაშებელი რიკი რუბიო მალე გაივლის აღდგენით კურსს.

კლუბის მფლობელმა გლენ ტეილორმა თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ "რუბიო აუცილებლად მოახერხებს
შობამდე მოედანზე დაბრუნებას".

მუხლის მძიმე ტრავმის გამო, გასულ სეზონში ესპანელმა მხოლოდ 41 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 10.6 ქულა და 8.2 შედეგიანი პასი დააგროვა.

* * *
31 წლის მცველმა მარკიზ დენიელსმა ერთწლიანი გარანტირებული კონტრაქტი გააფორმა "მილუოკისთან", - იტყობინება Sportando.

გასულ კვირას, კალათბურთელმა ღია ვარჯიში ჩაატარა გუნდის საწვრთნელი შტაბისთვის, რომელიც კმაყოფილი დარჩა დენიელსის ფიზიკური მდგომარეობით.

შეგახსენებთ, რომ ადრე ეს მცველი "ინდიანას", "დალასისა" და "საკრამენტოს" რიგებში გამოდიოდა.

* * *
კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა 32 წლის მცველმა კენიონ დულინგმა და შესაბამისად, ამ კალათბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა "ბოსტონ სელტიქსმა".

ეს გუნდი დულინგს შარშან არც ისე ხშირად იყენებდა - კენიონმა 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 4.0 ქულა, 1.1 პასი და 0.8 მოხსნა დააგროვა.

დულინგი 2000 წელს, "ორლანდომ" დრაფტის მე-10 ნომრად აირჩია და მას შემდეგ, მცველმა "კლიპერსის", "მაიამის", "ორლანდოს", "ნიუ ჯერსის", "მილუოკისა" და "ბოსტონის" რიგებში ითამაშა.

სულ მის ანგარიშზე 721 მატჩი მოდის, საშუალო სტატისტიკა კი 7.0 ქულასა და 2.2 შედეგიან პასს შეადგენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული