თავდასხმა: საშუალოდ 98,9 ქულა – 24-ე ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 95,5 ქულა – მე-2 ლიგაში
წინა ხაზი
არავის ჰქონდა ილუზია, რომ კევინ გარნეტს გუნდიდან წასვლის საშუალებას მისცემდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ცენტრის პოზიციაზე დაიწყო თამაში. ამით გარნეტი ყველაზე ეფექტური კალათბურთელი გახდა “სელტიქსში”. მან და ბრენდონ ბასმა ძალიან ეფექტური წყვილი შექმნეს, რამაც იმოქმედა ბრენდონთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე.
შეფასება: 4
უკანა ხაზი
რეი ალენმა "ბოსტონს" მოქმედ ჩემპიონთა რიგებში გადასვლა ამჯობინა. მას "სელტიქსში" ჯეისონ ტერი და კორტნი ლი შეცვლიან. თითქმის
შეფასება: 4
დაცვა
გარნეტი მწყობრშია და ევერი ბრედლი მალე მოირჩენს მხრის ტრავმას. სანამ ეს კალათბურთელები გუნდში არიან, "ბოსტონი" ზედიზედ მეექვსე სეზონში მოხვდება ლიგის ხუთ საუკეთესო დამცველ გუნდებს შორის.
შეფასება: 5
სათადარიგოთა სკამი
როცა ბრედლი გამოჯანმრთელდება და სასტარტო ხუთეულში დაიკავებს ადგილს, "სელტიქსის" სათადარიგოთა სკამი, შეტევის მხრივ, გაცილებით სიმპათიური იქნება, ვიდრე წინა ორ სეზონში. ახლა მათ ჰყავთ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ტერი, ლი, სალინჯერი და გრინი.
შეფასება: 4
მწვრთნელი
"ალენის წასვლაში მე დამადანაშაულეთ", - ამბობდა დოკ რივერსი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ ის ედგა სათავეში გუნდს, რომელიც კონფერენციის ფინალურ სერიაში მოხვდა. ახალ სეზონში რივერსის მთავარი ამოცანა იქნება გარნეტის ენერგიის შენახვა პლეი ოფის მატჩებისთვის.
შეფასება: 5
საბოლოო შეფასება
გასულ სეზონში "ბოსტონს" გუნდის გარდაქმნის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ "დიდი ტრიოს" რომელიმე წევრის ტრეიდზე გავრცელებული ჭორები ჭორებად რჩებოდა. დენი ეინჯმა შემადგენლობის შენარჩუნება გადაწყვიტა და გუნდმაც მადლობა იმით გადაუხადა, რომ მომავალ ჩემპიონთან სერიაში 3:2 მიჰყავდა ანგარიში.
სეზონებს შორის შესვენებისას გარნეტთან კონტრაქტის გაგრძელება მნიშვნელოვანი მომენტი გახდა. მართალია, ის უკვე 36 წლისაა, მაგრამ სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ "ბოსტონი", დაცვაში თამაშის მიხედვით, პირველ ორ გუნდს შორის იმყოფება. შეტევაშიც "კელტებს" ხშირად უჭირდათ მაშინ, როცა გარნეტი სათადარიგოთა სკამზე ჯდებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯეფ გრინი და კრის უილკოქსი ფორმას აკრეფენ, შეტევაში პრობლემა ნაწილობრივ იქნება მოგვარებული. შარშან, ტრავმებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს "ბოსტონს". თუ მსგავსი ეპიდემია არ განმეორდება, შესაძლოა, "სელტიქსმა" შარშანდელზე უკეთესი შედეგი აჩვენოს და შესაბამისად, უფრო მაღალი ადგილი დაიკავოს გათამაშების ცხრილში.
საერთო შეფასება: 4
დენიელზი მილუოკიმ აიყვანა
"მილუოკის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმება მცველ მარკიზ დენიელზთან.
ბოლო სამი სეზონის განმავლობაში მარიზმა 138 მატჩი ჩაატარა "ბოსტონის" შემადგენლობაში. გასულ რეგულარულში მისი საშუალო სტატისტიკა 3.2 ქულა და 1.7 მოხსნა იყო.
ტოლივერი ატლანტაში გადავიდა
ფორვარდმა ენტონი ტოლივერმა კონტრაქტი გააფორმა "ატლანტასთან". როგორც იტყობინებიან, ხელშეკრულება ერთ სეზონზეა გათვლილი და 27 წლის კალათბურთელი 915 852 დოლარს გამოიმუშავებს, რაც ლიგის მინიმალური ხელფასია.
გასულ სეზონში ტოლივერი "მინესოტაში" თამაშობდა და საშუალოდ 4.1 ქულასა და 3.0 მოხსნას აგროვებდა.
რაშიდი ჯერ ფიქრობს
რაშიდ უოლასის აგენტმა ბილ სტრიკლენდმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისმა კლიენტმა "ნიუ იორკთან" გააფორმა კონტრაქტი. მისი თქმით, უოლასს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.
"რაშიდი ზრდასრული ადამიანია, ამიტომაც თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამბობს აგენტი. - მე მას არაფერს ვურჩევ. შესაბამისად, არანაირი მოლაპარაკება არ დამიწყია NBA-ს კლუბებთან, მათ შორის, "ნიუ იორკთან". თავად რაშიდიც არ არის მზად დასაბრუნებლად. ის ხომ უკვე 38 წლისაა".
შეგახსენებთ, რომ უოლასმა კარიერა 2010-11 წლების სეზონის შემდეგ დაასრულა.
ბარნსი ორი წლით დასაჯეს
26 სექტემბერს გაიმართა "კლიპერსის" ფორვარდის, მეტ ბარნსის სასამართლო პროცესი. კალათბურთელმა უარი თქვა ვადაგასული მართვის მოწმობის გამო ჯარიმის გადახდაზე, შემდეგ კი დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. სასამართლოზე ბარნსმა აღიარა დანაშაული და მას ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.
ბარნსი შარშან "ლეიკერსში" თამაშობდა და საშუალოდ 7.8 ქულასა და 5.5 მოხსნას აგროვებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"