"მაიამი", რომელმაც ბოლო პერიოდში ფანტასტიკური ტემპი აკრიფა, სტუმრად "ოკლაჰომასთან" თამაშობდა. ჩემპიონს ექვსმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, თან შეუჩერებელი გახდა გუნდის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ზედიზედ ექვს შეხვედრაში დააგროვა 30 ქულა და თან თამაშიდან 60-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა (NBA-ის რეკორდი). ამჯერად, "მეფემ" ეს სერია ვერ გააგრძელა. მისი სტატისტიკა 39 ქულა, 12 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი იყო, მაგრამ 60-პროცენტიან სიზუსტემდე სულ მცირე დააკლდა (14/24 თამაშიდან). ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გამო ლებრონი დიდად დამწუხრებულიყო, მით უმეტეს,
ყველაზე სასიამოვნო ჩემპიონისთვისა და მისი ლიდერისთვის ის იყო, რომ "ჰიტი" ძალიან იოლად გაუსწორდა ასოციაციის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს. ხუმრობა საქმე ნამდვილად არ არის მესამე მეოთხედში მიღწეული 23-ქულიანი უპირატესობა. და ეს იმის მიუხედავად, რომ მასპინძელთა დუეტი მაქსიმალურს აკეთებდა შეხვედრის გადასარჩენად. დურანტმა 40 ქულის დაგროვება შეძლო, კიდევ 26 უესტბრუკმა დაუმატა. გარდა ამისა, ამ გამთამაშებლის ანგარიშზე 10 შედეგიანი პასიც იყო. დუეტმა 28-დან 27 საჯარიმო მოახვედრა მიზანში, თუმცა 11 შეცდომაც დაუშვა.
და მაინც, ბრუქსის შეგირდებმა ულაპარაკოდ წააგეს შეხვედრა. მიზეზი კი ის არის, რომ დურანტსა და უესტბრუკს პარტნიორებისგან სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონდათ - არც ერთ მასპინძელ კალათბურთელს არ გადაულახავს 10-ქულიანი ზღვარი. იბაკასა და პერკინსის დუეტმა კი "მაიამის" ფარის მოგების საშუალებაც მისცა (46:35). საბოლოოდ, მაქსიმუმი, რასაც "ოკლაჰომამ" მეოთხე მეოთხედში მიაღწია, მეტოქესთან 10 ქულით მიახლოება იყო.
* * *
არანაკლებ ინტერესს იწვევდა დღის მეორე მატჩი - ლოსანჯელესური დერბი "ლეიკერსსა" და "კლიპერსს" შორის. მაგრამ ინტრიგა არც ამ შეხვედრაში ყოფილა, რადგან "ლეიკერსმა" ულაპარაკოდ წააგო ამ მომენტისთვის მასზე ძლიერ თანაქალაქელთან.
"კლიპერსმა" ფანტასტიკური სტარტი აიღო და 15:0 წაიყვანა ანგარიში. აქედან გრიფინის წილი 10 ქულა იყო. თუმცა ეს არ ყოფილა ნომინალური სტუმრის უპირატესობის საბოლოო დაფიქსირება, რადგან "ლეიკერსმა" მოახერხა სამ ქულამდე ანგარიშის შემცირება, რასაც "კლიპერსის" კიდევ ერთი სპურტი მოჰყვა - 11:0. დაახლოებით წუთნახევარი დასჭირდა ბილაპსს იმისთვის, რომ ჩაეგდო საშუალო ტყორცნა, შეესრულებინა "ენდ-უანი" ჰოვარდთან ბრძოლაში და კალათში მოეთავსებინა სამქულიანი. გარდა ამისა, დროის ამ პერიოდში ვეტერანმა ორჯერ მოპარა ბურთი ბრაიანტს. ამ სპურტში შედიოდა ასევე, კიდევ ერთი სამქულიანი პოლის შესრულებით. ეს უკანასკნელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. 24 ქულა და 13 შედეგიანი პასი - ასეთი გახლდათ პლეიმეიკერის სტატისტიკა.
საერთო ჯამში, "კლიპერსმა" თამაშიდან ტყორცნების ნახევარზე მეტი გამოიყენა, 30 სამქულიანი ესროლა და 16 ჩააგდო. ამიტომაც, ბრაიანტის ორმაგმა დუბლმა (20 ქულა, 11 პასი) "ლეიკერსს" ვერ უშველა.
ოკლაჰომა-მაიამი 100:110
17:32, 29:31, 23:25, 31:22
ო: დურანტი (40+8 მოხსნა+3 დაფარება), უესტბრუკი (26+5 მოხსნა+10 პასი).
მ: ჯეიმსი (39+12 მოხსნა+7 პასი), ბოში (20+12 მოხსნა+3 დაფარება), უეიდი (13+5 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), ალენი (13).
ლეიკერსი-კლიპერსი 101:125
17:31, 35:33, 28:37, 21:24
ლ: ბრაიანტი (20+5 მოხსნა+11 პასი), ჰოვარდი (18+8 მოხსნა), ჯეიმისონი (17), მიქსი (13+6 მოხსნა), უორლდ პისი (11).
კ: პოლი (24+13 პასი), გრიფინი (22+10 მოხსნა), ბილაპსი (21+4 ჩაჭრა), ბატლერი (13+8 მოხსნა), ჯორდანი (11+12 მოხსნა), ბარნსი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გადარჩენილი "სპურსი", ბრწყინვალე "კლიპერსი"