NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონ ჯეიმსი საჭირო არ არის

AutoSharing Option
პატარა სასწაული მოახდინა "მაიამი ჰიტმა" სან ანტონიოში - ჩემპიონმა ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდისა და მარიო ჩელმერსის გარეშე დაამარცხა "სპურსი", რომელმაც წელს მეხუთედ წააგო საკუთარ მოედანზე.

ბუნებრივია, მატჩის შემდეგ ერიკ სპოელსტრას ჰკითხეს – ცენტრალურ მატჩში სარეზერვო შემადგენლობის გამოყვანა ხომ არ იყო საპასუხო სვლა გრეგ პოპოვიჩის მოქმედებაზე, როცა მან ნოემბერში, "ჰიტის" წინააღმდეგ გასვლით მატჩში რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი დაასვენა. სპოელსტრამ უარყოფითი პასუხი გასცა. ასეა თუ ისე, სასტარტოს სამი ძირითადი კალათბურთელის გარეშე, "მაიამიმ" მოუგო დასავლეთის საუკეთესო გუნდს.

ფლორიდელთა დაცვამ შესანიშნავად ითამაშა ტონი პარკერის წინააღმდეგ,
რომელმაც ბოლომდე ვერ იპოვა თავისი თამაში და 12-დან მხოლოდ 4 ტყორცნა მოათავსა კალათში. ბუნებრივია, პოპოვიჩს ასეთი შემთხვევისთვის თამაშის წარმართვის სხვა ვარიანტიც გააჩნია. ამჯერადაც "სპურსმა", რომელმაც მესამე მეოთხედში "მაიამის" რვა ქულით წინ გასვლის საშუალება მისცა, ეს ჩამორჩენა გააბათილა და ბოლოსკენ წინ გასვლაც მოახერხა.

თავიდან ძალიან წარმატებით შევიდა მოედანზე სტივენ ჯექსონი. შემდეგ კავაი ლეონარდმა და დენი გრინმა დაუბრუნეს შეხვედრას ინტრიგა, ბოლოს კი ტიმ დანკანმაც იყოჩაღა და სირენამდე წუთითა და 20 წამით ადრე სამი ქულით დააწინაურა თავისი გუნდი. ბოლოსკენ იყო მსაჯების შეცდომაც, რომლებმაც ჯარიმა მისცეს ლეონარდს, არადა, მან სუფთად ითამაშა დაცვაში კოულის წინააღმდეგ.

ამ უკანასკნელმა ორივე ჯარიმა გამოიყენა, საპასუხო შეტევაში კი ჰასლემმა ახალგაზრდობა გაიხსენა და შესანიშნავად დაიცვა თავი დანკანის წინააღმდეგ. მინუს ერთზე "ჰიტს" ბოლო შეტევისთვის 9 წამი ჰქონდა, მაგრამ ტაიმ-აუტები ამოეწურა.

ბუნებრივია, "სპურსის" კალათბურთელებმა დაცვაში ბატიესა და ალენის მეურვეობას მიაქციეს განსაკუთრებული ყურადღება, მაგრამ დაივიწყეს კრის ბოში, რომელმაც "ღია" სამქულიანი ესროლა. ეს იყო მისი მესამე ზუსტი შორეული ტყორცნა მატჩში (ხუთი ცდიდან) და მე-19 სეზონში. რაც მთავარია, ამ სროლამ გამარჯვება მოუტანა "მაიამის".

საერთო ჯამში, ბოშმა ძალიან ძლიერი მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდის ლიდერი გახდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა "ჰიტის" სნაიპერთა კარგი თამაში – ბატიემ, ალენმა და მილერმა 15-დან რვა სამქულიანი ჩააგდეს. სწორედ შორეული არტილერიის წყალობით მოიპოვა მესამე მეოთხედში უპირატესობა ფლორიდულმა კლუბმა.

"მაიამიმ" შეწყვიტა "სპურსის" შვიდმატჩიანი საშინაო მოგებათა სერია და დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ აღარ დათმობს პირველ ადგილს რეგულარულ ჩემპიონატში.

* * *
გასული სათამაშო დღის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართა ნიუ იორკში – "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიქსი" "ბოსტონს" მასპინძლობდა.

მასპინძლებმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგეს და სეზონში მასამედ დაამარცხეს "კელტები". აღსანიშნავია, რომ "ნიქსმა" 2003-04 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოუგო სასეზონო სერია "სელტიქსს", რომლის ამჟამინდელი განაცხადი ავადმყოფთა სიას უფრო ჰგავს. სტუმრების მხრიდან წინააღმდეგობის მცდელობა ჰქონდათ ჯეფ გრინსა და პოლ პირსს, მაგრამ  მასპინძლების დამრიგებელმა ვუდსონმა კარგად გაათამაშა თავისი მთავარი კოზირი – სამქულიანი სროლები.

"ნიუ იორკმა" 27-დან 14 შორეული ტყორცნის რეალიზება მოახერხა. ამასთან, შვიდმა ნიუიორკელმა ჩააგდო მინიმუმ ერთი შორეული სროლა.

ძალიან ძლიერად ითამაშეს მასპინძლების სათადარიგო მოთამაშეებმა. კრის კოუპლენდმა, სტივ ნოვაკმა და ჯეი არ სმიტმა ერთად 47 ქულა დააგროვეს. ამას დაემატა კარმელო ენტონის ჩვეული მაღალი დონის თამაში. "ნიუ იორკმა" შეძლო ამ მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გადასვლა, "ბოსტონს" კი ჯერ არ აქვს გარანტირებული პლეი ოფში გასვლა, თუმცა ეს დროის საკითხია.

სან ანტონიო-მაიამი 86:88
24:22, 21:18, 19:31, 22:17
ს-ა: დანკანი (17+12 მოხსნა), ლეონარდი (17+11 მოხსნა), პარკერი (12+5 მოხსნა+8 პასი), გრინი (12), ჯეექსონი (11), სპლიტერი (7+10 მოხსნა).
მ: ბოში (23+9 მოხსნა), ალენი (14+5 პასი), კოული (13), მილერი (12+5 პასი).

ჩიკაგო-დეტროიტი 95:94
20:24, 33:33, 18:17, 24:20
ჩ: დენგი (28+9 მოხსნა), ბატლერი (16+5 ჩაჭრა), რობინსონი (16), ბუზერი (11+7 მოხსნა), გიბსონი (11+3 დაფარება), კუკი (10+6 მოხსნა).
დ: სტაკი (25), მონრო (18+10 მოხსნა), ვილანუევა (14+5 მოხსნა), კალდერონი (11+5 პასი), დრამონდი (8+14 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-კლივლენდი 112:92
23:21, 25:28, 36:24, 28:19
ნ-ო: ვასკესი (25+9 პასი+3 ჩაჭრა), ანდერსონი (23+6 მოხსნა), დევისი (17+13 მოხსნა), რობერტსი (15), გორდონი (14+6 პასი).
კ: ირვინგი (31+6 პასი), ტომპსონი (12+10 მოხსნა), ელინგტონი (12), სპეიტსი (12), ლივინგსტონი (11).

ვაშინგტონი-ტორონტო 109:92
27:25, 33:25, 30:26, 19:16
ვ: ბილი (24), ოკაფორი (19+10 მოხსნა), უოლი (18+6 მოხსნა+10 პასი), სერაფინი (13), არიზა (10+8 მოხსნა).
ტ: ვალანჩუნასი (18+10 მოხსნა), ლოური (15+7 პასი), დეროზანი (15+6 მოხსნა), გეი (11), ტელფეირი (10), ჯონსონი (8+12 მოხსნა).

ნიუ იორკი-ბოსტონი 108:89
28:23, 37:25, 21:21, 22:20
ნ-ი: ენტონი (24+10 მოხსნა), კოუპლენდი (22+5 მოხსნა), ფელტონი (18), სმიტი (15+12 მოხსნა), შამპერტი (10), ნოვაკი (10).
ბ: გრინი (27), პირსი (24+15 მოხსნა+5 პასი), ჯორ. კროუფორდი (10), ლი (10).

კობი მალე გადაწვეტს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ თავისი მომავალი კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას 2012-13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.

ბრაიანტი, რომელიც ორი დღის წინ NBA-ს ყველა დროის ბომბარდირებს შორის მეოთხე ადგილზე გადავიდა, რჩევას ჰკითხავს ოჯახს და ამის შემდეგ მიიღებს კარიერის დასრულების ან "ლეიკერსთან" კონტრაქტის გაგრძელების გადაწყვეტილებას.
ბრაიანტის მოქმედი კონტრაქტი 2013-14 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.

ჯინობილი ხანგრძლივად დაისვენებს
"სან ანტონიო სპურსის" მცველმა მანუ ჯინობილიმ, შესაძლოა, რამდენიმე კვირა გამოტოვოს მარცხენა ფეხის დაზიანების გამო. არგენტინელმა ტრავმა გასულ პარასკევს მიიღო "კლიპერსთან" მატჩში.

"სამწუხაროდ, ჯინობილის დაბრუნების თარიღი არა დღეებით, არამედ კვირებით იზომება. ეს დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის", - განაცხადა ტექსასელთა მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი ბრაიანტმა ჩემბერლენის მიღწევა გააუმჯობესა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული