მესამე მეოთხედის დასრულებიდან სამი წუთით ადრე "ნიქსმა" დაიწყო გაქცევა, რომელიც მეოთხე მეოთხედის ბოლოს დასრულდა. ამ დროის განმავლობაში ვუდსონის შეგირდებმა ნოკაუტში გაგზავნეს მეტოქე – 36:4. ამ სპურტის დროს "პეისერსმა" ერთხელაც ვერ ჩააგდო ბურთი თამაშიდან (!), თავის მხრივ, კარმელო ენტონიმ 16 ქულა დააგროვა. "ნიქსის" ლიდერს თამაშიდან საკმაოდ კარგი პროცენტი ჰქონდა - 13 ზუსტი სროლა
მელო ამჯერადაც ვერ ეღირსა ჯეი არ სმიტის მხრიდან დახმარებას. ლიგის საუკეთესო მეექვსე მოთამაშემ 15-დან 12 სროლა ააცილა, მაგრამ ამას თამაშის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ყველაფერი გადაწყვიტა აღნიშნული სპურტის დროს "ნიქსის" პრესინგმა, რომელიც ხშირად "ინდიანას" ფარიდან იწყებოდა და სტუმრებმა ამ დროს ხუთი შეცდომა დაუშვეს, სულ კი "პეისერსმა" ჯამში 21-ჯერ დაკარგა ბურთი. აქედან შვიდჯერ ჯორჯი შეცდა.
ასეთი პრესინგის გამო, სტუმრებს არ გამოსდიოდათ კომბინაციური თამაში და ბურთი "ინდიანას" "მაღლებამდე" არ მიდიოდა. მეოთხე მეოთხედში "პეისერსმა" მხოლოდ ერთხელ ისროლა მეტოქის სამწამიანიდან და ისიც ააცილა.
გარდა ამისა, "ნიუ იორკის" უკანა ხაზი მხოლოდ დაცვაში არ იყო სასარგებლო. მაგალითად, პრიჯიონიმ ოთხიდან ოთხი ბურთი ჩააგდო, ფელტონი ერთხელაც არ შეცდა სამქულიანების შესრულებისას, შამპერტი კი მეორე იყო გუნდში შედეგიანობის მხრივ.
ასე რომ, სერიაში ანგარიში გათანაბრდა და ისე ჩანს, რომ ამ დაპირისპირებაში ბოლომდე რთული იქნება გამარჯვებულის გამოცნობა.
ნიუ იორკი-ინდიანა 105:79
29:20, 18:22, 25:24, 33:13
ნ-ი: ენტონი (32+9 მოხსნა+3 პასი), შამპერტი (15+6 მოხსნა+3 პასი), ფელტონი (14+3 პასი), მარტინი (10), პრიჯიონი (10+4 პასი).
ი: ჯორჯი (20), უესტი (13+6 მოხსნა+4 პასი), ჰილი (12+7 პასი), ჰიბერტი (6+12 მოხსნა+4 დაფარება).
სერია: 1-1
ოკლაჰომა გასაჭირიშია
"ინდიანას" მიბაძა და ასევე 21 შეცდომა დააგროვა "ოკლაჰომამ", თუმცა "თანდერი" მაინც გადაურჩა დიდი ანგარიშით მარცხს. უფრო მეტიც, მასპინძლები ბოლო მომენტამდე მოგებაზე ფიქრობდნენ. ამაში დიდი წვლილი ფიშერს მიუძღვის, რომელსაც მემფისელები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ და ვეტერანიც უპრობლემოდ ისროდა სამქულიანებს, რითაც უკვე პირველ ტაიმში 14 ქულას მოუყარა თავი. ამას დაემატა დურანტის ჩვეული შედეგიანი თამაში, იბაკას აქტიურობა შეტევაში და კარგი დაცვა, შესაბამისად, ინტრიგაც თითქმის ბოლომდე ცოცხალი იყო.
როცა დურანტმა სამწუთნახევრით ადრე შეტევაში სამი ქულა აიღო, ბევრს ეგონა, რომ პირველი მატჩის სცენარის გამეორება გველოდა, მაგრამ, ამჯერად, "მემფისში" გამოჩდნენ კალათბურთელები, რომლებმაც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს. ეს იყო ჯერ მარკ გასოლი, შემდეგ კი მაიკლ კონლი. გამთამაშებელმა სირენამდე ორი წუთით ადრე მარტივი კომბინაცია გაითამაშა გასოლთან და სამქულიანი ჩააგდო, მოგვიანებით საშუალო მანძილიდანაც ივარგა. ბოლოს კი დურანტის შეცდომის შემდეგ, საქმე ზუსტი საჯარიმოებით დაასრულა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორწუთნახევარში "ოკლაჰომამ" თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო, კონლის მონდომება საკმარისი აღმოჩნდა მოგებისთვის. თან მაიკი რამდენიმე მიღწევის ავტორი გახდა. ჯერ ერთი მას ერთი მოხსნა არ ეყო სამმაგ-დუბლამდე. გარდა ამისა, ის პირველი კალათბურთელია "მემფისის" ისტორიაში, ვინც პლეი ოფის მატჩში მინიმუმ 20 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. მესამე: ბოლო 14 წლის განმავლობაში NBA-ის არც ერთ კალათბურთელს არ დაუგროვებია ბოლო მეოთხედში 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი. დაბოლოს, კონლი მეოთხე მოთამაშეა ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომელმაც პლეი ოფის გასვლით მატჩში 26 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. ასევე ამ სიაში არიან მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი და ბაირონ დევისი.
ოკლაჰომა-მემფისი 93:99
21:23, 30:31, 23:15, 19:30
ო: დურანტი (36+11 მოხსნა+9 პასი), ფიშერი (19), იბაკა (11+5 მოხსნა+3 დაფარება), ჯექსონი (10+5 მოხსნა).
მ: კონლი (26+10 მოხსნა+9 პასი), გასოლი (24+5 პასი+5 მოხსნა), რენდოლფი (15+8 მოხსნა+3 პასი), ალენი (12+7 მოხსნა+5 ჩაჭრა).
სერია: 1-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: სენსაცია ფლორიდაში