NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: პრიმიტიული "ნიუ იორკი"

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით საუკეთესო დაცვის მქონე ორი გუნდი იოლად მიიკვლევს გზას კონფერენციის ფინალისკენ. "მემფისი" 3:1-ს უგებს სერიას "ოკლაჰომას", კი ასეთივე ანგარიშით დაწინაურდა "ინდიანა "ნიუ იორკთან" დაპირისპირებაში.

"ნიქსის" პრიმიტიული ტაქტიკა, რომელიც გაუთავებელ ტყორცნებში გამოიხატება, "ინდიანას" წინააღმდეგ არ ამართლებს. იმის ნაცვლად, რომ ვუდსონის შეგირდებმა კომბინაციურ თამაშზე გააკეთონ აქცენტი, სერიის მეოთხე მატჩში კარმელო ენტონიმ და ჯეი არ სმიტმა ერთად 45 ტყორცნა შეასრულეს და მხოლოდ 16 მოათავსეს კალათში. არ გაჭრა "ნიქსის" მეორე კოზირმა - ფარქვეშ შესვლებმა და საჯარიმოების მოპოვების ტაქტიკამ, რადგან "ინდიანა" მეტოქეს
იშვიათად უშვებდა თავის სამწამიანში. შედეგად, სტუმარი კალათბურთელები სულ რაღაც 14-ჯერ დადგნენ საჯარიმოს ხაზზე და გარდა ამისა, პირწმინდად წააგეს ფარქვეშ ბრძოლა - 36 მოხსნა 54-ის წინააღმდეგ.

"პეისერსის" მაღლებს კარგად აუბეს მხარი უკანა ხაზის მოთამაშეებმა. კერძოდ, 26 ქულა დააგროვა ჯორჯ ჰილმა (თამაშიდან - 9/14). ამ კალათბურთელის კარგი თამაში კი "ინდიანას" გამარჯვების გარანტია გახლავთ: მიმდინარე პლეი ოფში ინდიანაპოლისელთა ყველა მოგებულ მატჩში ჰილი მინიმუმ 14 ქულას აგროვებდა. თავის მხრივ, გუნდი აგებდა ყველა მატჩს, რომელშიც ჰილი ამ ზღვრამდე ვერ ადიოდა.

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ პირველ მეოთხედში მასპინძლების 9:2 სპურტის შემდეგ, "ინდიანას" საფინალო სირენამდე ხელიდან აღარ გაუშვია ლიდერობა. უფრო მეტიც, სხვაობა ხუთ ქულაზე ქვემოთ არ ჩამოსულა. ენტონისა და სმიტის გარდა, საცოდავად გამოიყურებოდნენ ამარე სტაუდმაიერი და იმან შამპერტი. ამარემ 11 წუთში ოთხი პერსონალური მიიღო, შამპერტმა კი ექვსიდან ექვსი სროლა ააცილა, საერთო ჯამში კი "ნიქსმა" 20 სამქულიანი ვერ მოახვედრა მიზანში.

"ინდიანამ" ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ერთი ნაბიჯი აკლია კონფერენციის ფინალამდე, სადაც 2004 წლის შემდეგ არ უთამაშია.

ინდიანა-ნიუ იორკი 93:82
23:16, 25:18, 19:22, 26:26
ი: ჰილი (26+4 პასი), ჯორჯი (18+14 მოხსნა+7 პასი), სტივენსონი (13+7 მოხსნა), ოგასტინი (11), უესტი (10+10 მოხსნა+3 პასი), ჰიბერტი (6+11 მოხსნა+3 დაფარება).
ნ-ი: ენტონი (24+9 მოხსნა), სმიტი (19), ფელტონი (14+6 პასი+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (12+10 მოხსნა+3 დაფარება).
სერია: 3-1.


სპურსმა შეტევა გაიხსენა
სერიის მეოთხე მატჩში ჩაგდებული მეოთხე მეოთხედისა და წაგების შემდეგ, "სან ანტონიომ" გაიხსენა, რომ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა აქვს, რაც ეფექტური უნდა ყოფილიყო "გოლდენ სტეიტის" არც თუ ისე ძლიერი დაცვის წინააღმდეგ.

"სპურსმა" ბრწყინვალე გუნდური კალათბურთი აჩვენა. დანკანმა და კომპანიამ თამაშიდან 40 ტყორცნა გამოიყენა და ამასთან, ჯამში 30 (!) შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბურთის სწრაფმა მოძრაობამ და ბრწყინვალე კომბინაციებმა ისე დააბნია სტუმრები, რომ მათ პირველ მეოთხედში მეტოქის 15:0 გაქცევა გამოეპარათ. სულ სასტარტო 12-წუთეულში ტექსასელებმა სროლების 72 პროცენტი გამოიყენეს და 37 ქულა დააგროვეს.

მაგრამ, "გოლდენ სტეიტის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შოკიდან გამოსვლა მოახერხა. წარმატებით შევიდნენ თამაშში ჯეკი და ჯეფერსონი და შეძლეს ორნიშნა ჩამორჩენის შემცირება. დიდი შესვენებისთვის "სპურსის" უპირატესობა მხოლოდ სამ ქულას შეადგენდა, რაც მეორე ტაიმისთვის სტუმრებს გარკვეულ იმედებს უტოვებდა.

მაგრამ, წინა მატჩისგან განსხვავებით, "უორიორზმა" ამ შეხვედრის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება ვერ შეძლო. ეს არც არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ ვერ გაისროლა "გოლდენ სტეიტის" მთავარმა იარაღმა. კარისა და ტომპსონის წყვილმა 22 ცდიდან მხოლოდ ექვსი ბურთი მოათავსა კალათში, ამასთან, კარიმ შვიდიდან ექვსი სამქულიანი ააცილა.

გარდა იმისა, რომ "სან ანტონიომ" 30 შედეგიანი პასი შეასრულა, მხოლოდ 10-ჯერ დაკარგა ბურთი, ხოლო გუნდის ლიდერმა ტონი პარკერმა ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სწორედ ფრანგი გამთამაშებლის წყალობით გადაწყვიტა "სპურსმა" მატჩის ბედი სირენამდე დიდი ხნით ადრე და ამან გრეგ პოპოვიჩს საშუალება მისცა მოედანზე გაეშვა ტრეისი მაკრეიდი. მართალია, ვეტერანმა ჯერ ვერ აიღო ქულა "სან ანტონიოს" რიგებში, სამაგიეროდ, ოთხ წუთში ორი დაფარება შეასრულა.

სან ანტონიო-გ. სტეიტი 109:91
37:28, 17:23, 29:21, 26:19
ს-ა: პარკერი (25+10 პასი), ლეონარდი (17+7 მოხსნა), გრინი (16+3 პასი), დანკანი (14+11 მოხსნა+3 პასი), ჯინობილი (10+5 პასი+5 მოხსნა).
გ-ს: ბარნსი (25+7 მოხსნა), ჯეკი (20), ლენდრი (16+6 მოხსნა).
სერია: 3-2

უეიდსა და რობინსონს ტრავმები აქვთ
"მაიამი ჰიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა დუეინ უეიდმა, შესაძლოა, გამოტოვოს პლეი ოფის მეორე რაუნდის მეხუთე მატჩი "ჩიკაგოს" წინააღმდეგ. კალათბურთელს მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს.

უეიდმა ეს დაზიანება სერიის მეოთხე მატჩის მეორე მეოთხედში მიიღო, როცა "ჩიკაგოს" კალათბურთელ ჯიმი ბატლერს შეეჯახა. უახლოესი დღეების განმავლობაში, "მაიამის" წევრი სარეაბილიტაციო კურსს ჩაიტარებს.

ამავე მატჩში მიიღო დაზიანება "ჩიკაგოს" მცველმა ნეიტ რობინსონმა. მან მხარი მაშინ იტკინა, როცა მისთვის ბურთის წართმევა სცადეს და კალათბურთელი მოედანზე დაეცა. მცველის თამაში მეხუთე შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე მატჩი "მაიამიმ" 88:65 მოიგო და სერიაში გაზარდა თავისი უპირატესობა - 3:1.

დანკანი ჩემბერლენის გვერდით
"სან ანტონიო სპურსის" მძიმე ფორვარდმა ტიმ დანკანმა "გოლდენ სტეიტთან" გუშინდელ მატჩში 14 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. როგორც NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, დანკანმა პლეი ოფის მატჩებში 143-ე ორმაგი დუბლი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გაუტოლდა.

დანკანი და ჩემბერლენი ყველა დროის სიაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. ისინი მხოლოდ "ლეიკერსის" ლეგენდარულ გამთამაშებელს მეჯიქ ჯონსონს ჩამორჩებიან, რომლის ანგარიშზე პლეი ოფში 157 ორმაგი დუბლი მოდის.

ბრალდებული იანგი
"ფილადელფია სიქსერზის" მცველი ნიკ იანგი სასამართლოს წინაშე წარსდგება. კალათბურთელი გაუპატიურებაშია ბრალდებული.

მსხვერპლი ამტკიცებს, რომ კალათბურთელმა მას და მის მეგობარს შამპანურის ბოთლი აჩუქა, რომელშიც ძილის პრეპარატი - ნატრიუმის ოქსიბუტირატი იყო გარეული. დილით იანგმა აღიარა, რომ გოგონასთან სექსუალური კავშირი დაამყარა, თუმცა დაამატა, რომ მაშინვე გაჩერდა, როგორც კი მსხვერპლმა გონება დაკარგა.

ინციდენტი დასავლეთ ჰოლივუდში 2011 წელს მოხდა.

კინგზი სიეტლს უახლოვდება
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ არ დაუშვას "საკრამენტო კინგზის" სიეტლში გადაბარგება. შესაბამისად, საჭიროა საკრამენტოში ახალი საკალათბურთო არენის აშენება, რომლის ღირებულება 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

თუმცა ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი მილიონების ხარჯვის წინააღმდეგია. ასე რომ, კიდევ უფრო რეალური ხდება "კინგზის" სიეტლში გადასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: მოთვინიერებული "ხარები"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული