NBA. ფინალი. VI მატჩი: ეს იყო დიდი სპექტაკლი

AutoSharing Option
მეექვსე მატჩის წინ ანალიტიკოსთა აზრი იქამდე მიდიოდა, რომ ლებრონ ჯეიმსი საკუთარი გულშემატკივრების წინაშე პირველივე წუთებიდან მთელი თავისი ბრწყინვალებით უნდა წარმსდგარიყო, მაგრამ შეხვედრის სადებიუტო ნაწილის გმირი ტიმ დანკანი გახდა, რომელმაც თავისი შეტევითი პოტენციალი სრულად წარმოაჩინა და პირველი რვა ტყორცნიდან ყველა მოათავსა კალათში.

შესვენებისთვის 37 წლის ვეტერანს 25 ქულა ჰქონდა დაგროვებული - იმდენი, რამდენიც დანარჩენ "სან ანტონიოს". ლებრონი კი ისევ გადაეყარა ხისტ და უსიამოვნო მეურვეობას - ამჯერად ბორის დიაოს შესრულებით. გრეგ პოპოვიჩმა ფრანგი სასტარტო ხუთეულიდანვე მიუჩინა "მეფეს".

პირველი ნახევრის ბოლო "სპურსს" დარჩა:
სტუმრებმა ტემპი გაზარდეს და 17:4 გაქცევა მოაწყვეს. რომ არა პირველ მეოთხედში მარიო ჩელმერსის 10 ქულა, "სან ანტონიოს" უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ამასთან, პოპოვიჩის შეგირდები ბრწყინვალე პროცენტით (58.0) ისროდნენ. შედეგი მოჰქონდა იმასაც, რომ "მაიამისგან" განსხვავებით, ტექსასელები ბევრს მოქმედებდნენ სამწამიან ზონაში, რასაც, დიდწილად, ხელს უწყობდა დანკანის თამაში.

ამასობაში ტონი პარკერი დაიკარგა მოედანზე, რადგან "ჰიტის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ მას მეურვედ ჯეიმსი მიუჩინა - მასზე ფიზიკურად ძლიერი ფორვარდის წინააღმდეგ ფრანგი არაეფექტური იყო.

მანუ ჯინობილიც შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან. მესამე მეოთხედის შუამდე მას არც ერთი ქულა არ ჰქონდა მოპოვებული; ამასთან, ფლორიდელთა დაცვამ არგენტინელს ხუთი შეცდომა დააშვებინა. მიუხედავად ამისა, შესვენების შემდეგ სტუმრები უფრო აგრესიულები იყვნენ. მას შემდეგ, რაც მაიკ მილერმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, "სან ანტონიო" 11:0 გაიქცა და ბოლო 12 წუთეულის სტარტისთვის ორნიშნა უპირატესობა მოიპოვა - 75:65. იმ მომენტისთვის დანკანის ანგარიშზე 30 ქულა და 14 მოხსნა იყო.

მეოთხე მეოთხედი
ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მასპინძლების მწვრთნელმა თავის გუნდს საუკეთესო დაცვის ჩვენებისკენ მოუწოდა და "მაიამის" ეს თითქმის გამოუვიდა. გუნდი, ლებრონის მეთაურობით, საბრძოლო განწყობით გავიდა მოედანზე და დაახლოებით წუთნახევარში "სპურსის" უპირატესობა ოთხ ქულამდე დავიდა. შემდეგ კი ჯეიმსმა 10 წამის განმავლობაში დაფარებით შეაჩერა დანკანის შეტევა, რასაც მოჰყვა ორი ქულის აღება სწრაფი გაქცევის დროს - 82:82.

მატჩის გადამწყვეტი მომენტი "ჰიტის" მხრიდან თამაშის კონტროლით იწყებოდა: ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მასპინძლები სამი ქულით იგებდნენ და დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობდნენ. სწორედ ამის გამო, პრაქტიკულად, უბურთოდ იყო დარჩენილი დანკანი. სწორედ ამ მომენტში, როგორც იქნა, თავის თავზე აიღო თამაში პარკერმა. მან ჯერ არად ჩააგდო ჯეიმსის მეურვეობა და სამქულიანი მოათავსა კალათში, შემდეგ კი ჩელმერსს იოლად გაუსწორდა და ორი ქულა აიღო. სტუმრები ორი ქულით გავიდნენ წინ.

ბუნებრივია, "ჰიტის" მხრიდან სიტუაციის გამოსწორებაზე უნდა ეზრუნა ჯეიმსს, მაგრამ მან ორჯერ დაკარგა ბურთი, როცა წინდაუხედავად შეეჭიდა "სპურსის" მოთამაშეების ჯგუფს. ამასობაში "სან ანტონიომ" ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო და ხუთქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ასეთი ჰანდიკაპი სირენამდე 28 წამით ადრე ბევრს დაუკარგავდა ბრძოლის სურვილს, მაგრამ არა მოქმედ ჩემპიონს!

ჯეიმსმა სამქულიანი ესროლა, რომელიც ფარს საერთოდ არ შეეხო, მაგრამ მილერმა ბურთისთვის ბრძოლა მოიგო და ისევ ლებრონს მიაწოდა, რომელმაც ზედიზედ მეორე შორეული ტყორცნა არ ააცილა. საპასუხო შეტევაში კავაი ლეონარდმა საჩუქარი გაუკეთა მეტოქეს - ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო და "მაიამის" "მინუს სამზე" 20 წამი დარჩა ბოლო შეტევისთვის. ლეონარდს ორივე საჯარიმო რომ ჩაეგდო, 19 ივნისს ახალ ჩემპიონს ვიხილავდით.

და ისევ, გადამწყვეტი სროლა ჯეიმსს მიანდეს, რომელმაც ისევ ააცილა სამქულიანი, მაგრამ ბურთი კრის ბოშმა მოხსნა და მაშინვე რეი ალენს გადააწოდა. ვეტერანმა, პარკერის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუსტად ისროლა პერიმეტრიდან - 95:95. "სან ანტონიოს" არ ეყო დარჩენილი ხუთი წამი მატჩის მოსაგებად და დაინიშნა ოვერტაიმი.

მეოთხე მეოთხედში ბრწყინვალე იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც 16 ქულა დააგროვა - ორით მეტი, ვიდრე წინა სამ მეოთხედში.

ოვერტაიმი
დამატებით დროშიც თითქმის თანაბარი ბრძოლა იყო. როგორც გაირკვა, გადამწყვეტი იყო ლებრონის ზუსტი სროლა საშუალო მანძილიდან, რის შემდეგაც "ჰიტი" სირენამდე წუთითა და 43 წამით ადრე წინ გავიდა - 101:100. დარჩენილ დროში "სპურსს" თავის გამოჩენის რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ "მაიამის" დაცვამ მაქსიმალურად გაურთულა საქმე მეტოქეს. "სან ანტონიოს" ბოლო ორი სროლა ბოშმა დაბლოკა, ჯეიმსმა კი ბოლოსკენ სამმაგი დუბლი გაიფორმა (32 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი).

ახლა საკალათბურთო სამყარო ელოდება სერიის კულმინაციას - მეშვიდე მატჩს, რომელიც 21 ივნისს, თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება.

მაიამი-სან ანტონიო 103:100 (ო)
27:25, 17:25, 21:25, 30:20, 8:5
მ: ჯეიმსი (32+11 პასი+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (20), უეიდი (14+4 პასი), ბოში (10+11 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ს-ა: დანკანი (30+17 მოხსნა), ლეონარდი (22+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), პარკერი (19+8 პასი).
სერია: 3-3

რა თქვეს მატჩის შემდეგ
ლებრონ ჯეიმსი: "ეჭვგარეშეა, ეს იყო ჩემს კარიერაში საუკეთესო შეხვედრა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მატჩში მოგება შევძელით, არადა, რაღაც მომენტში ისე ჩანდა, რომ ყველაფერი დაკარგული იყო".

ერიკ სპოელსტრა: "ლებრონის თამაშში დავინახე გამარჯვებისადმი უდიდესი ჟინი. ის მოედნის ორივე ნახევარზე მუშაობდა - ბუნებრივია, ძალიან რთული იყო პარკერის წინააღმდეგ თავდაცვა და პრაქტიკულად, ყველა შეტევაში მონაწილეობა, აგრესიულობის შენარჩუნება, სამწამიანში შესვლა, მაგრამ მან კატასტროფა აგვარიდა თავიდან მაშინ, როცა 10 ქულას ვაგებდით.

ძალიან დიდი როლი ითამაშა კრის ბოშმა. ის ლიგაში ერთ-ერთ რთულ ამოცანას წყვეტს - თამაშობს ტიმ დანკანის წინააღმდეგ, უმკლავდება პარკერის პიკ-ნ-როლებს, რაც განსაკუთრებულად რთულია მათი სნაიპერების აქტიურობის გათვალისწინებით, მაგრამ დღეს კრისი ფანტასტიკური იყო".

ტიმ დანკანი: "ასეთი წაგება იმედგაცრუების გრძნობას იწვევს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მეოთხე მეოთხედში დიდი უპირატესობა გვქონდა. უნდა შეგვენარჩუნებინა ეს ჰანდიკაპი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა მხოლოდ ერთი თამაში დარჩა.

არ ვიცი, რა მოხდა მეოთხე მეოთხედსა და ოვერტაიმში. მე მქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენე. ეს ძალიან გულდასაწყვეტი წაგება იყო".

მანუ ჯინობილი: "ასეთი წაგების შემდეგ თავს ცუდად გრძნობ. ძალიან რთული მომენტია. წამები გვაშორებდა ჩემპიონობამდე და ჩვენ შანსი ხელიდან გავუშვით
. რამდენჯერმე ვერ მოვხსენით ბურთი, გამოგვეპარა რეის ურთულესი სამქულიანი, ავაცილეთ საჯარიმოები...

ახლა მაქსიმალურად კარგი თამაში უნდა ჩავატაროთ. უბრალოდ, საწყენია, რომ მათ ბოლო მატჩის შანსი მივეცით.

ჩემთვის ეს სერია "ამერიკული მთებივითაა". წინა მატჩი ძალიან კარგად ვითამაშე, დღეს კი იგივე დონე ვერ შევინარჩუნე. არადამაჯერებლად ვთამაშობდი. პირადი რეკორდი დავამყარე შეცდომების რაოდენობით (8 დაკარგვა) და ეს ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში მოხდა. თავს საშინლად ვგრძნობ. და ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. ეს ის არის, რაზეც მთელი დღე ვიფიქრებ".

გრეგ პოპოვიჩი: "ეს იყო ბრწყინვალე თამაში. ძალიან მაგარი. ოვერტაიმით. შეცდომების თამაში. და მათ მოიგეს.

როგორ მოვამზადებ ბიჭებს მეშვიდე მატჩისთვის? ჩავსვამ მათ ავტობუსში, გავემგზავრებით თამაშზე, გავალთ მოედანზე და ვითამაშებთ. აი, ასე მოვემზადებით"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. ფინალი. V მატჩი: ჯინობილის დირიჟორობით და გრინის სიზუსტით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფინალი როდისაა ან სად შეიძლება ყურება?
levani
10:49 20-06-2013
0

სიახლეები პოპულარული