სკოტი პიპენს 4 მილიონს სთხოვენ

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ლეგენდარულ კალათბურთელს სკოტი პიპენს წარუდგინეს სარჩელი 4 მილიონ დოლარზე. ასეთ თანხას ითხოვენ პიპენისგან ნაცემი ქემრან შაფიგის ადვოკატები მორალური ზარალის ასანაზაღაურებლად.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი მალიბუს ერთ-ერთი რესტორნის გამოსასვლელში მოხდა. შაფიგი რესტორანში იმყოფებოდა და პიპენს ფოტოებს უღებდა. ამ დროს, კალათბურთელი ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ამის შემდეგ, შაფიგი კალათბურთელს ავტოსადგომზე გაყვა, თან ფოტოების გადაღებას აგრძელებდა და ბოლოს, ჯიუტად დაიწყო ავტოგრაფის თხოვნა. ამის ნაცვლად, აბეზარმა გულშემატკივარმა პიპენისგან თავში დარტყმა მიიღო, რის შემდეგაც, ის საავადმყოფოში მოხვდა.

ადვოკატები სარჩელში აღნიშნავენ, რომ შაფიგი "უსამართლო და სასტიკი
თავდასხმის" მსხვერპლი გახდა. დარტყმის გარდა, პიპენმა ფოტომოყვარულს სახეში შეაფურთხა.

49 წლის მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან უბრალოდ სთხოვა პიპენს ფოტოები თავისი შეყვარებულის 12 წლის ვაჟისთვის.

"შაფინის არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ ამას ჩხუბის პროვოცირება გამოეწვია. ის პირველივე დარტყმის შემდეგ ნოკაუტში აღმოჩნდა", - წერია სარჩელში.

კირილენკო "ბრუკლინში" წავიდა
"ბრუკლინ ნეტსის" ხელმძღვანელობა მოელაპარაკა რუს ფორვარდს ანდრეი კირილენკოს 3-წლიან კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც, 32 წლის კალათბურთელის წლიური ხელფასი 3.18 მილიონი დოლარი იქნება, - იტყობინება "ნიუ იორკ პოსტი". "ნეტსში" ერთი წელი თამაშის შემდეგ, კირილენკოს უფლება ექნება თავად გადაწყვიტოს - გააგრძელოს კონტრაქტი თუ სხვაგან წავიდეს სათამაშოდ.

სწორედ ასე მოიქცა კირილენკო გასული სეზონის შემდეგ, როცა უარი თქვა "მინესოტასთან" კონტრაქტის ბოლო წელზე და თავისუფალი აგენტი გახდა. რუსს უნდა გამოემუშავებინა 10.2 მილიონი დოლარი.

2012-13 წლების სეზონში კირილენკომ "მინესოტას" შემადგენლობაში 64 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 12.4 ქულა, 5.7 მოხსნა, 2.8 პასი და 1.5 ჩაჭრა დააგროვა.

* * *
გაირკვა, რომ "მინესოტაში" კირილენკოს ადგილს ფრანგი რონი ტურიაფი დაიკავებს. მან "მგლებთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამის სანაცვლოდ, ჯამში 3.2 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს ინფორმაცია კალათბურთელის აგენტმა მარკ ბარტელსტაინმა გაავრცელა.
შარშან, ტურიაფი "ლოს ანჯელეს კლიპერსში" თამაშობდა და ამ გუნდს 1.9 ქულითა და 2.3 მოხსნით დაეხმარა (საშუალოდ 10.9 წუთში).

* * *
თავისუფალმა აგენტმა ნიკ იანგმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. კალიფორნიულ გრანდთან მან ერთწლიანი და 1.2-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში, "ფილადელფიაში" თამაშისას, იანგმა 6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2012-13 წლების რეგულარულში ნიკ იანგმა 59 მატჩი (17 - სასტარტოში) ჩაატარა და 10.6 ქულა, 2.2 მოხსნა და 1.4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

* * *
"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი ამარე სტაუდმაიერი ისრაელის ლიგის გუნდის - იერუსალიმის "ჰაპოელის" თანამფლობელი გახდა.

ორი დღის წინ, კლუბის აქციათა 60 პროცენტი შეიძინა ჯგუფმა, რომელშიც შედიან "ნიუ იორკის" ვარსკვლავი, NBA-ის გავლენიანი აგენტი არნ ტელი, აგრეთვე ბიზნესმენები - ორი ალონი და ეიალ ჰომსკი. გარიგება უკვე ოფიციალურად არის გაფორმებული.

ახალი მფლობელები აპირებენ "ჰაპოელი" ისრაელის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერად აქციონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბაინუმი კლივლენდელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული