დოკ რივერსი: არჩევანს არ ვნანობ

AutoSharing Option
ამ ზაფხულს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია დოკ რივერსის გადაწყვეტილებამ "სელტიქსიდან" "კლიპერსში" გადაბარგების თაობაზე.

ბევრის აზრით, სწორედ ამ სპეციალისტის ფაქტორი მისცემს საშუალებას კალიფორნიულ კლუბს ახალ სეზონში სიმპატიური და სანახაობრივი გუნდიდან ჩემპიონობის ნამდვილ პრეტენდენტად გადაიქცეს.

მიუხედავად ამისა, დოკმა კარგად იცის, რომ ის მარტო ვერ შეძლებს ამის გაკეთებას. მას არ დავიწყებია "სელტიქსში" მუშაობის ის პერიოდი, რომელსაც მოკლედ შეიძლება ვუწოდოთ - "ბოსტონი" "დიდ ტრიომდე". 2004-05 და 2005-06 წლების სეზონში მისი გუნდი ახლოსაც არ იყო იმ თამაშთან, რაც შემდგომ წლებში ვნახეთ. და "კელტების"
არც ერთი ფანი არ აიყვანდა იმ პერიოდში კოლორიტულ მწვრთნელს ცაში.

შემდეგ დადგა 2007 წლის ივლისი, რომელმაც "ააფეთქა" საკალათბურთო საზოგადოება და შეცვალა NBA. კევინ გარნეტი და რეი ალენი შეუერთდნენ "სელტიქსის" უცვლელ კაპიტანს პოლ პირსს და შეიქმნა პირველი ორიგინალური "დიდი ტრიო". ამის შემდეგ, "ბოსტონმა" მოიგო ჩემპიონობა და ყოველ მომდევნო სეზონში ტიტულის პრეტენდენტად მიიჩნეოდა. და ამაში რივერსის დიდი წვლილია. დღეს მან ახალი გამოწვევა მიიღო - ლოს ანჯელესის მუდმივად მეორე გუნდი NBA-ის ჩემპიონად უნდა აქციოს.

- დოკ, თქვენს კარიერაში ყოფილა მსგავსი მომენტები. დაგვეთანხმეთ, "კლიპერსის" ახალბედების პრეზენტაცია ჰგავდა იმ დღეს, როცა "ბოსტონმა" პუბლიკას წარუდგინა "დიდი ტრიო". შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში ანალოგის გავლება? მაშინაც და ახლაც, გუნდში დიდი ფული ჩაიდო და მიზნებიც მაღალი დაისახა.
- ჩემი აზრით, ის დღე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. როგორც კლუბისთვის, ასევე მთლიანად ლიგისთვის. რაც არ უნდა იყოს, ერთ გუნდში ისეთი ოსტატების შეკრება, როგორებიც არიან პოლ პირსი, რეი ალენი და კევინ გარნეტი - ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო. ამ ტრიოდან თითოეული გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ. "კლიპერსში" კი სხვა სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ კრის პოლი, ბლეიკ გრიფინი და დაენდრე ჯორდანი მომავალში NBA-ის დიდების დარბაზის წევრები გახდებიან. მაგრამ ამათ გარდა, ჩვენ გუნდში დავამატეთ ახლები. მეტ ბარნსი, დარენ კოლისონი, ჯეი ჯეი რედიკი და ჯარედ დადლი უკვე დასახელებულ მოთამაშეებთან ერთად ქმნიან გუნდის ბირთვს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს კარიერაში ასეთი დღე დადგებოდა.

- ამ "კლიპერსის" შემხედვარე, როგორ აფასებთ თქვენი კლუბის ამბიციებს? რა ამოცანები იქნება რეალისტური თქვენი შეგირდებისთვის?
- ამ მომენტისთვის, ეს ჩემთვისაც კი უცნობია. ისე ჩანს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია, მაგრამ ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი. სწორედ ამაშია "კლიპერსის" განსხვავება "სელტიქსისგან". როცა ჩვენ ერთ გუნდში შევკრიბეთ პირსი, გარნეტი და ალენი, ზუსტად ვიცოდით - ეს ბიჭები დაიღალნენ თავიანთ კლუბებში სატურნირო ცხრილის ფსკერზე ყოფნით. NBA-ში დიდი გამარჯვების გარეშე გატარებული ხანგრძლივი დროის შემდეგ, მათ ყველაფერი დაივიწყეს და ერთი მიზნით გაერთიანდნენ. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ გუნდს, აქ გაცილებით ახალგაზრდა მოთამაშეები არიან შეკრებილნი. და ბევრისთვის საინტერესოა იმის გაგება, შეძლებენ თუ არა ისინი ბევრი რამის გაწირვას ჩემპიონის ტიტულისთვის. ბევრი მათგანისთვის რთულია მაშინვე იმის გამოცნობიერება, რომ თუ გამარჯვება გსურს, აუცილებლად უნდა გადააბიჯო პირად ამბიციებს.

- არსებობს შიში იმისა, რომ შეიძლება არ გამოგივიდეთ?
- შეიძლება იყო მაქსიმალურად ალტრუისტული გუნდის ინტერესების მიმართ. და შენ ამის გამო ყველა თავზე გადაგისვამს ხელს, მაგრამ, ამასთან, შენ და შენს გუნდს არაფერი დაგრჩებათ. ეს არის ზღვარი, რომლის შეგრძნება მხოლოდ ძალიან გამოცდილ მოთამაშეებს აქვთ. ჯერ ბოლომდე კარგად არ ვიცნობ ჩვენს ყველა კალათბურთელს. რაც ზემოთ ვთქვი, პირველ რიგში, სწორედ მათ ეხებათ. დეანდრეს, კრისისა და ბლეიკის არჩევანზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ჩვენი სამუშაოს შედეგი. და თუ ისინი შეძლებენ ამის გაგებას, მაშინ წარმატებული სეზონი გველოდება. სწორედ ამისთვის დავაბრუნეთ "კლიპერსში" ბარნსი, ამიტომაც ლამობდა ჩვენთან მოსვლას რედიკი, რომელსაც ორ ფინალურ სერიაში უთამაშია, მაგრამ ორივე წააგო. მან იცის, რომ ხშირად ფინალამდე გზა უფრო რთულია, ვიდრე თავად ფინალი. ბევრი ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშე ვერ ხვდება, რას ნიშნავს ეს. და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალბედები გაუზიარებენ მათ საკუთარ გამოცდილებას.

- როცა გუნდის ახალბედებზე ლაპარაკობთ, მიგაჩნიათ, რომ ისინი შეძლებენ გრიფინის ტემპით პროგრესირებას? რაც შეეხება თავად ბლეიკს, უკვე დაალაგეთ მასთან კონტაქტი?
- არ შემიძლიაა იმის თქმა, რომ უკვე ვინმესთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. ეს პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს. ბლეიკი და დეანდრე ძალიან კარგად მუშაობენ ვარჯიშებზე, რაც მახარებს. უახლოეს დღეებში ჩვენ შევხვდებით მათ არაოფიციალურ სიტუაციაში, მაგრამ უკვე დღეს ვარ შთაბეჭდილებების ქვეშ ამ ორი ბიჭის გამო. მათი ბუნებრივი ნიჭი გამყარებულია დაუჯერებელი შრომით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- რამდენად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე თითოეულ მოთამაშესთან მჭიდრო კავშირის დამყარება?
- ამაზე ვიმუშავებთ მთელი ზაფხული. მინდა ბიჭებმა გაიგონ, რას ვითხოვ მათგან. მათ უნდა შეიგრძნონ მიმდინარე პროცესის მნიშვნელობა, რათა ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდნენ.

- ვიცით, რომ წარსულის გახსენება არ გიყვართ, მაგრამ გვინდა გავიგოთ, რამდენად უმტკივნეულოდ მოხდა "სელტიქსთან" დაშორება? ხომ არ დარჩა გაურკვეველი საკითხები ყოფილ კლუბთან? შეძლეს ხულმძღვნელობამ და გულშემატკივრებმა თქვენს გადაწყვეტილებასთან შეგუება?
- ყველას ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. ვიღაცამ შეძლო ეს, ვიღაცამ – ვერ მოახერხა. მაგრამ გაკეთებულს ვერ დააბრუნებ. მე ახლა "კლიპერსის" მწვრთნელი ვარ და ამას ვერავინ ვეღარ გამოასწორებს. პირადად მე მოხარული ვარ იმის გამო, რომ კალიფორნიაში გადავედი. მივიღე საშუალება უფრო ხშირად მოვინახულო ქალიშვილი, რომელიც აქ ცხოვრობს. ვიცი, რომ "ბოსტონის" გენერალურმა მენეჯერმა დენი ეინჯმა ამ სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღო. ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში როგორ მოხდა ყველაფერი. მეორეს მხრივ, ბოსტონის მოსახლეობა შესანიშნავად უწყის, რა გავაკეთე ქალაქისთვის და გუნდისთვის. მე მათ სრულად მივეცი საკუთარი თავი. და როცა ცვლილებების დრო მოდის, მხოლოდ იმით უნდა იცხოვრო, რაც შენთვის არის მომზადებული. ერთხელ ჩაკ დეილიმ თქვა, რომ შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს წარმატების 50 პროცენტი შანსი. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი და არ ვნანობ ამას. ბოსტონში კი გავატარე ცხრა შესანიშნავი წელი და ეს მხოლოლ სპორტულ მიღწევებს არ უკავშირდებოდა.

- მაგალითს მოგვიყვანთ?
- მე შევხვდი მასაჩუსეტსში სამ ადამიანს, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემს მეგობრებად დარჩებიან. მე მათთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, კალიფორნიაში გადასვლის შემდეგაც. ამას არასოდეს დავივიწყებ. მაგალითად, ამასწინ დენი ეინჯს შევხვდი და ორლანდოში გოლფი ვითამაშეთ. რაც შეეხებათ გულშემატკივრებს, იმედია, ისინი გამიგებენ და მიიღებენ ჩემს გადაწყვეტილებას.

- ბევრჯერ გითქვამთ, რომ ყველამ არ იცის სიმართლე იმაზე, რატომ გადაწყვიტეთ გუნდის შეცვლა. ნუთუ არის ისეთი რამ, რაც ადამიანებმა არ უნდა იცოდნენ?
- არ მინდა ამის გარჩევა. ბევრი მადანაშაულებს იმაში, რომ თითქოს მე ვიყავი "სელტიქსიდან" წასვლის ინიციატორი, მაგრამ ეს შორს არის სიმართლისგან. სწორედ აქედან მოდის ჩემი საქციელის სრული გაუცნობიერებლობა და გაუგებრობა. მიუხედავად ამისა, როცა ეს მოხდა, დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია. კარიერის გაგრძელების შესანიშნავი შესაძლებლობა მივიღე და ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი.

- იქნებ საქმე იმაშია, რომ დენი ეინჯი მიხვდა - ახალი გუნდის მშენებლობის დრო იყო და თქვენი წასვლა ამ პროცესს დააჩქარებდა.
- ჩემი აზრით, "სელტიქსის" მენეჯმენტმა გიგანტური სამუშაო გასწია. მთავარ მწვრთნელად მიიწვიეს ბრედ სტივენსი, რომლის დიდი ფანი გახლავართ. დენი ეინჯმა მთხოვა მას გავსაუბრებოდი იმის გასაგებად, რამდენად მზად იყო NBA-ში სამუშაოდ.

- ლაპარაკი იყო მის მუშაობაზე მწვრთნელად თუ ასისტენტად?
- მწვრთნელად. და ერთი თვის შემდეგ მან ჩემი ადგილი დაიკავა. მე მას ვეუბნებოდი, რომ ის NBA-ში შესანიშნავი მწვრთნელი გახდება, რომ მზად არის ამ სამუშაოისთვის. როგორც ჩანს, ის დააკვირდა "სელტიქსიდან" ჩემი წასვლის პროცესს და ასევე გადაწყვიტა, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო იყო.

- ისე გამოვიდა, რომ თქვენ უბიძგეთ მას სტუდენტური კალათბურთის დატოვებისკენ?
- იმედია, რომ ეს ასე არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რა შანსი აქვს თორნიკე შენგელიას NBA-ის ჩემპიონის ბეჭედი მომავალ სეზონშივე მოირგოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული