დუეინ უეიდს 5 მილიონი დასტყუეს

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" მცველი დუეინ უეიდი იძულებულია, თავის ყოფილ მეუღლეს შივონ ფანჩესს ხუთი მილიონი დოლარი გადაუხადოს იმ საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც ქალმა ჩიკაგოს ქუჩებში მოაწყო.

შივონ ფანჩესი სამწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2010 წელს გაეყარა კალათბურთელს. სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, კალათბურთელმა ყოფილ მეუღლეს ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა. აგრეთვე, დუეინი დაავალდებულეს, ყოველთვიურად ფანჩესის ანგარიშზე 25 ათასი დოლარი გადაერიცხა.

უეიდმა მოუგო შივონს დავა ორი შვილის მეურვეობაზე, გასულ წელს კი ქალი დააპატიმრეს ბავშვის მოტაცების მცდელობაში. წინა კვირას ფანჩესმა საპროტესტო აქცია მოაწყო ჩიკაგოს ერთ-ერთ მოედანზე, სადაც უსახლკაროს
როლი გაითამაშა და ამით მიანიშნა, რომ უეიდის მხრიდან ყოველგვარ დახმარებას მოკლებულია.

საბოლოოდ, მხარეებმა შეძლეს გაყრის ფინანსურ დეტალებზე მოლაპარაკება. უახლოეს ხანში უეიდი ყოფილ მეუღლეს ხუთ მილიონ დოლარს გადაუხდის იმ პირობით, რომ მომავალში მას არანაირი პრეტენზია აღარ ექნება ყოფილი ქმრის მიმართ. უეიდის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან შეცვალონ ფანჩესის შვილებთან შეხვედრის პირობები, დედის არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობის გამო.

ზაფხულის ლიგა "გოლდენ სტეიტმა" მოიგო
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დასრულდა საზაფხულო ლიგა, რომლის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ "გოლდენ სტეიტი" და "ფინიქსი". გამარჯვება მოიპოვა "გოლდენ სტეიტმა" - 91:77 (22:22, 28:23, 15:16, 26:16). ფინალის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა იენ კლარკი "უორიორზიდან", რომელმაც 33 ქულა დააგროვა. აღვნიშნავთ, რომ საზაფხულო ლიგაში, ძირითადად, დებიუტანტები და ახალგაზრდა კალათბურთელები თამაშობენ.

ფინალის შემდეგ დასახელდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. ეს გახლავთ "ტორონტოს" 21 წლის ლიტველი ლეგიონერი იონას ვალანჩუნასი. მან კანადური კლუბის რიგებში ოთხი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 18.8 ქულა და 10.0 მოხსნა დააგროვა.

ადრეულ წლებში საზაფხულო ლიგის MVP-ის ტიტულს იმსახურებდნენ ბლეიკ გრიფინი, ჯონ უოლი, ჯარედ ჯეფრიზი, ნეიტ რობინსონი, დამიენ ლილარდი, რენდი ფოიე...

რობინსონი "დენვერში" წავიდა
თავისუფალმა აგენტმა ნეიტ რობინსონმა ორწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "დენვერ ნაგეტსთან". უახლოეს ხანში გარიგება ოფიციალურად გაფორმდება.

გასული სეზონი ჩატენვების კონკურსის სამგზის გამარჯვებულმა "ჩიკაგოს" რიგებში ჩაატარა. რეგულარული ჩემპიონატის 82 მატჩში ნეიტი საშუალოდ 16.3 ქულასა და 4.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

"დალასის" ახალი მენეჯერი
"დალას მავერიქსმა" გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე დაიქირავა გერსონ როსასი. 35 წლის კოლუმბიელი "დალასში" "ჰიუსტონში" ცხრაწლიანი მუშაობის შემდეგ გადავიდა. "როკეტსში" ის სტაჟიორობიდან საკალათბურთო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობამდე ავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დუეინ უეიდის ცოლი ქუჩაში ცხოვრობს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული