ლინას კლეიზამ "ფენერბაჰჩე" აირჩია

AutoSharing Option
ლიტვური კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერი, ფორვარდი ლინას კლეიზა თურქეთის “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს კარიერას. NBA-ის ყოფილმა მოთამაშემ თურქულ სუპერკლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბოლო სამი სეზონის განმავლობაში, 28 წლის კალათბურთელის თამაშს სერიოზული დაღი დაასვა ტრავმებმა. ასე მაგალითად, ბოლო სეზონში, როცა კლეიზა “ტორონტო რეპტორზის” რიგებში გამოდიოდა, ლიტველმა მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა, სულ კი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში მის ანგარიშზე სულ რაღაც 108 მატჩი მოდის შესაძლებელი 246-დან. კლეიზა გასულ რეგულარულ ჩემპიონატში 7.4 ქულასა და 2.6 მოხსნას აგროვებდა.

ამჟამად, ფორვარდი ლიტვის ნაკრების განკარგულებაშია და 2013 წლის ევრობასკეტისთვის
ემზადება.

ევროპელები NBA-ში მიდიან
საბერძნეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გამთამაშებელი ნიკ კალატესი, რომელიც გასულ სეზონში რუსულ "ლოკომოტივში" თამაშობდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება NBA-ის კლუბ "მემფის გრიზლისთან" მოლაპარაკებების გასამართად. ამ გუნდმა რამდენიმე დღის წინ გამოისყიდა კალათბურთელზე უფლებები "დალას მავერიქსისგან".

ამერიკული პრესის ინფორმაციით, "მემფისს" ბერძენის გასაფორმებლად "ლოკომოტივისთვის" დაახლოებით 500 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. თავად კალატესმა დაადასტურა 2013-14 წლების სეზონში NBA-ში გამოსვლის სურვილი.

* * *
ამასობაში, გადაწყდა, რომ კიდევ ერთი ევროპელი კალათბურთელი დაიწყებს კარიერას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. "მილუოკი ბაქსის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კონტრაქტი გააფორმა სერბ მიროსლავ რადულიცასთან, რომელიც შარშან უკრაინის "აზოვმაშში" თამაშობდა და სუპერლიგის ვერცხლის პრიზიორი გახდა. სერბი საშუალოდ მატჩში 14.2 ქულასა და 5.9 მოხსნას აგროვებდა და უკრაინული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

აღსანიშნავია, რომ რადულიცა "აზოვმაშში" იჯარის წესით თამაშობდა. ის თურქეთის "ბეშიქთაშს" ეკუთვნოდა, რომელთანაც სერბს ამ ზაფხულს კონტრაქტი ამოეწურა და ხელს აღარაფერი უშლიდა NBA-ში გასამგზავრებლად. "მილუოკისთან" გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის.

უორლდ პისის ახალი სახელი
ეროვნული საკალათბურო ასოციაციის ვეტერანმა ფორვარდმა მეტა უორლდ პისმა ამ ზაფხულს კლუბი შეიცვალა - "ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან" "ნიუ იორკ ნიქსში" გადავიდა. კლუბის გარდა, კალათბურთელი კიდევ ერთხელ აპირებს სახელის შეცვლას.

"სახელის შეცვლა მაქვს დაგეგმილი. ჯერჯერობით არ ვიცი რას ავირჩევ, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება რონ არტესტი", - ამბობს უორლდ პისი.

მიუხედავად ამისა, როგორ ამერიკული პრესა წერს, ამჯერად, 33 წლის მოთამაშე არ აპირებს სახელის ოფიციალურად შეცვლას. ზურგზე მას კვლავაც "უორლდ პისი" ეწერება, მაგრამ ჟურნალისტებისთვის და გულშემატკივრებისთვის მოიგონებს ახალ მეტსახელს და სთხოვს მათ სწორედ ამ ახალი სახელით მიმართონ.

"ნიქსმა" ახალი არენა უნდა იპოვნოს
“ნიუ იორკ ნიქსი” ლეგენდარულ არენას – “მედისონ სკვერ გარდენს” ტოვებს. ამიტომაც, კლუბს უახლოესი ათი წლისთვის ახალი სტადიონის ძებნა მოუწევს NBA-ის მატჩების ჩასატარებლად.

“მედისონ სკვერ გარდენს” რემონტი ესაჭიროება. ამიტომაც აქედანვე გვინდა ყველას შევატყობინოთ იმის შესახებ, რომ მალე დაიწყება არენის რეკონსტრუქცია, რათა მან ყველა თანამედროვე მოთხოვნა დააკმაყოფილოს”, - განაცხადა ნიუ იორკის საქალაქო საბჭოს სპიკერმა კრისტინ ქუინმა.

ვარაუდობენ, რომ ლეგენდარული არენის განახლება ერთი მილიარდი დოლარი დაჯდება.

დოპინგი NBA-შიც უყვართ?
მაიამიში ბიოენერგეტიკის კლინიკის ყოფილმა თანამშრომელმა პორტერ ფიშერმა განაცხადა, რომ მის დაწესებულებაში სტიმულატორების მისაღებად არა მხოლოდ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები, არამედ, NBA-ის მოთამაშეებიც მიდიოდნენ.

ამასწინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დოპინგ-სკანდალი აგორდა, რომელიც ამ ბიოენერგეტიკულ კლინიკას უკავშირდება. ამან გამოიწვია ცნობილი ბეისბოლისტის რაიან ბრაუნის დისკვალიფიკაცია, რომელიც აღნიშნულ კლინიკასთან თანამშრომლობდა.

ფიშერმა მოყვა იმის შესახებ, რომ ბეისბოლისტების გარდა, მისი კლინიკის კლიენტები იყვნენ NBA-სა და NCAA-ის კალათბურთელები, მოკრივეები, MMA-ის მებრძოლები და ჩოგბურთელები. რამდენადაც კლინიკის ყოფილი თანამშრომლისთვის არის ცნობილი, მის დაწესებულებაში მხოლოდ NHL-სა და NFL-ის ლიგიდან არ მისულან მოთამაშეები.

ლინას კლეიზამ "ფენერბაჰჩე" აირჩია
როგორც უკვე ვწერდით, ვეტერანი გამთამაშებელი დერეკ ფიშერი 2013-14 წლების სეზონს "ოკლაჰომაში" გაატარებს. ESPN.com წერს იმის შესახებ, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავისი მე-18 სეზონის შემდეგ, 38 წლის კალათბურთელი კარიერის დასრულებას აპირებს.

მომავალ სეზონში ფიშერის ხელფასი 1.4 მილიონი დოლარი იქნება. მისი სტატისტიკა წლევანდელ პლეი ოფში 7.1 ქულა იყო.

მოზგოვი დენვერში დარჩა
რუსეთის ნაკრების ცენტრმა ტიმოფეი მოზგოვმა ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "დენვერ ნაგეტსთან", - იტყობინება Yahoo! Sports. ხელშეკრულება სამი წლით არის გაფორმებული. ამ დროის განმავლობაში, 26 წლის რუსი კალათბურთელი 14 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

უფრო ადრე, "ნაგეტსის" გენერალური მენეჯერი ტიმ კონელი ამბობდა, რომ კლუბი აპირებს მოზგოვი სასტარტო ხუთეულის მოთამაშედ აქციოს. გასულ სეზონში, ცენტრალურმა თავდამსხმელმა 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ მხოლოდ 8.9 წუთი გაატარა მოედანზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლებრონ ჯეიმსი ნაკრებიდან წავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული