ჯერ ნუ ჩამოწერთ დირკ ნოვიცკის

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" მფლობელის მარკ ქიუბანის სიტყვებით, დღეს ბევრს აღარ მიაჩნია მისი გუნდი სერიოზულ კონკურენტად მხოლოდ ერთი მიზეზით - მათ შეცდომით ჰგონიათ, რომ გერმანელი დირკ ნოვიცკი აღარ არის სუპერვარსკვლავი.

"დალასის" ლიდერს ზურგს უმაგრებს NBA-ში გატარებული 15 სეზონია. ზედიზედ 11 წლის განმავლობაში, ის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" უცვლელი მონაწილე იყო. შარშანდელ ჩემპიონატამდე, მას არც ერთ სეზონში არ გამოუტოვებია ცხრა შეხვედრაზე მეტი. მაგრამ, გასულ რეგულარულში მუხლზე ართროსკოპიული ოპერაციის შემდეგ, მან 29 მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა. საკალათბურთო საზოგადოების ნაწილმა დირკს მოაცილა ვარსკვლავური სტატუსი, მაგრამ მარკ
ქიუბანს ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გააჩნია.

"დირკი არ არის დამნაშავე ჩვენს პრობლემებში. გაიხსენეთ ის ქაოსი, რაც გუნდის თამაშში მისი არყოფნის დროს სუფევდა. სანამ ის არ დაბრუნდა, მოედანზე არ იყო აზრი, ნოვიცკის დაბრუნების შემდეგ კი ბევრი ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. შეგვეძლო სეზონში მოგებათა რიცხვი 50-მდე აგვეყვანა. ახლა მას უფრო ძლიერი პარტნიორები ეყოლება და თავადაც ძალიან მონდომებით ემზადება მომავალი სეზონისთვის, რათა გუნდს მოგებების ტრადიცია დაუბრუნოს", - ამბობს ქიუბანი.

შეგახსენებთ, "მავერიქსში" ელტონ ბრენდის, ო ჯეი მაიოს, დარენ კოლისონის, კრის კამანისა და ენტონი მოროუს შემცვლელებად მივიდნენ სამუელ დალემბერი, მონტა ელისი, უეინ ელინგტონი და ხოსე კალდერონი.

2012-13 წლების სეზონში ნოვიცკის საშუალო შედეგიანობა 17.3 ქულას შეადგენდა - ამაზე ცოტას ის მხოლოდ თავის სადებიუტო სეზონში (1998-99) აგროვებდა, ხოლო "დალასი" 2000 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა პლეი ოფში. თუმცა მარკ ქიუბანს მიაჩნია, რომ დირკი კვლავაც MVP-ის კალიბრის მოთამაშეა:

"დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ თუ ტრავმები არ შეუშლის ხელს, დირკი თავისი თამაშით ბევრ სკეპტიკოსს გააჩუმებს. მას ვუთხარი, რომ კარლ მელოუნმა "ყველაზე სასარგებლო მოთამაშის" ტიტული 35 წლის ასაკში მოიგო და არ არსებობს მიზეზი, რომელიც ხელს შეგიშლის ამავე ასაკში იგივეს გაკეთებას. ის ფაქტი, რომ ბევრმა იჩქარა მისი ჩამოწერა, დირკისთვის დამატებით მოტივაციად იქცა".

დირკ ნოვიცკი 2007 წელს იყო რეგულარული ჩემპიონატის MVP, 2011 წელს კი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი კარიერული მონაგარი 22.6 ქულას უდრის. ტექსასური კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ მათ ლიდერს შეუძლია მიუახლოვდეს კარიერის საშუალო შედეგიანობას, ამაში კი მას კარგი გამთამაშებელი უნდა დაეხმაროს. სწორედ ამის გამო არ დაიშურა 29 მილიონი ქიუბანმა გამოცდილ ესპანელ ხოსე მანუელ კალდერონში, რომელიც მომავალი ოთხი სეზონის განმავლობაში დირკის მარჯვენა ხელი უნდა გახდეს.

"შესაძლოა, დირკს უკვე აღარ შეუძლია ერთ მატჩში 30 ქულის დაგროვება. ის არ გაეჯიბრება სხვა სნაიპერებს შედეგიანობაში, როგორც ეს ტრეიკი მაკგრეიდისთან დაპირისპირებისას იყო, მაგრამ მოწინააღმდეგეები ისევ შეეცდებიან მისი ორმაგი მეურვეობით შეჩერებას და ჩვენც, როგორც ადრე, შეგვიძლია მას ვენდოთ მატჩის ბოლო შეტევის დროს. დირკს მარაგში არაერთი გამარჯვების ტყორცნა აქვს დარჩენილი. ახლა, ნოვიცკის შევუმსუბუქეთ ამოცანა, რადგან ხოსე დავიმატეთ, რომელიც შესანიშნავად სარგებლობს დაყენებული ბლოკით და კარგად ათამაშებს პიკ-ნ-როლებს", - აგრძელებს ქიუბანი.

დირკის მოქმედი 4-წლიანი და 80-მილიონიანი კონტრაქტი ამოწურვის პირასაა, მაგრამ ჭორების თანახმად, ის მზად არის დაბრუნდეს გუნდში და გააფორმოს ახალი ხელშეკრულება გაცილებით დაბალი ხელფასით. დუაიტ ჰოვარდთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, "მავერიქსმა" გააგრძელა ვარსკვლავის ძებნა და ის მონტა ელისის სახით იპოვნა, რომელიც შარშან "მილუოკიში" თამაშობდა. ელისისთვის "დალასში" მეორეხარისხოვანი როლია განკუთვნილი - ის უნდა დაეხმაროს ევროპელთა შეტევით დუეტს.

რაც შეეხება დიდ გერმანელს, მარკ ქიუბანი მასში აბსოლუტურად არის დარწმუნებული: "შესაძლოა, დირკი ვეღარასოდეს გახდეს MVP, მაგრამ დამიჯერეთ, მას ჯერ ისევ შეუძლია თამაში და გამარჯვების მიღწევა".

ალექსეი შვედი ევრობასკეტზე წავა
"მინესოტა ტიმბერვულვზის" გამთამაშებელმა ალექსეი შვედმა განაცხადა, რომ მზად არის ევრობასკეტზე რუსეთის ნაკრების რიგებში სათამაშოდ.

"მწვრთნელს ტელეფონით ველაპარაკე და დავუდასტურე, რომ შეკრებაზე ჩავალ და ნაკრებს ევრობასკეტზე დავეხმარები", - განაცხადა მცველმა, რომელსაც გასულ სეზონში ჰქონდა დებიუტი NBA-ში და რეგულარულ ჩემპიონატში 77 მატჩი ჩაატარა, მათ შორის, 16-ჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.

რუსეთის ნაკრები, რომელსაც ვასილი კარასიოვის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს, იტალიაში იმყოფება შეკრებაზე.

რვაგზის ჩემპიონი "ლეიკერსის" მწვრთნელია
NBA-ის რვა საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი კურტ რემბისი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" სამწვრთნელო შტაბში შეიყვანეს. ამის შესახებ, თავად რემბისმა დაწერა საკუთარ "ტვიტერზე".

კურტმა შვიდი წელი ითამაშა "ლეიკერსში" და ოთხჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. კიდევ ოთხჯერ საჩემპიონო ტიტული მან მწვრთნელის რანგში მოიპოვა - სამჯერ ასისტენტის როლს ასრულებდა, 1999 წელს კი გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

2009-11 წლებში, კურტ რემბისი "მინესოტას" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

"ატლანტამ" მექსიკელი დაიმატა
"ატლანტა ჰოქსმა" ახალი სეზონისთვის კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა. ეს არის ცენტრი გუსტავო აიონი. შეგახსენებთ, რომ გასულ ხუთშაბათს, მექსიკელი კალათბურთელი ტრანსფერზე დააყენა მისმა შარშანდელმა კლუბმა "მილუოკი ბაქსმა".

აიონს NBA-ში ორი სეზონი აქვს გატარებული. საშუალოდ მატჩში მისი სტატისტიკური მონაგარი 4.8 ქულასა და 4.3 მოხსნას უდრის. "ატლანტა" მექსიკელისთვის მეოთხე კლუბია ასოციაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დირკ ნოვიცკი: ელოდეთ "დალასისგან" ბომბს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული