NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სტივენ კარი VS კრის პოლი: 42-38

AutoSharing Option
დერიკ როუზისგან, რომელიც წელიწადნახევარიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა მოედანზე, პუბლიკა ძალიან ბევრს ელოდება. თანაც, წინასესეზონო მატჩებში "ბულზის" გამთამაშებელმა დააიმედა თავისი გულშემატკივრები: საკმაოდ პროდუქტიულად და დამაჯერებლად მოქმედებდა, მისი გუნდი კი ზედიზედ იგებდა მატჩებს.

მაგრამ, "მაიამისთან" პირველივე იფიციალურმა მატჩმა დაგვანახა, რომ როუზი ასი პროცენტით მზად არ არის. და არც მომდევნო შეხვედრაში შემდგარა მისი ბენეფისი, ოღონდ ერთი მომენტის გამოკლებით, რამაც დერიკი მატჩის გმირად აქცია.

"ნიუ იორკის" წინააღმდეგ როუზის სტატისტიკა ძალიან ცუდი იყო: 23-დან მხოლოდ შვიდი ჩაგდებული ბურთი, ოთხი შეცდომა და სამი შედეგიანი პასი. "ბულზი",
თავისი ლიდერის მსგავსად, ცუდად უტევდა - თამაშიდან რეალიზაცია 40.8 პროცენტს უდრიდა, სამქულიანების გამოყენება კი 18-პროცენტიანი იყო. სამაგიეროდ, თავისი საფირმო დაცვით "ჩიკაგომ" მეტოქეს მხოლოდ 36 პროცენტი ჩააგდებინა თამაშიდან.

ბოლო მეოთხედში ჩიკაგოელებმა 10-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს და "ნიქსს" წინ გასვლის საშუალება მისცეს - 78:76 კარმელო ენტონის ზუსტი ტყორცნის შემდეგ, რითაც დასრულდა ნიუიორკელთა 12:0 გაქცევა. სტუმრებმა ინიციატივა მოიპოვეს და საფინალო სირენამდე 10.8 წამით ადრე ერთქულიანი უპირატესობა ჰქონდათ.

მაგრამ, სწორედ ამ დროს თავისი სიტყვა თქვა როუზმა. როცა ტაბლოზე 5.7 წამი რჩებოდა, მის მიერ გარღვევისას ნასროლმა ბურთმა მიზანს მიაღწია. სწორედ ეს ჩაგდება აღმოჩნდა მატჩში გადამწყვეტი, რადგან დარჩენილ დროში, "ნიქსმა" ხეირიანი შეტევის განხორციელება ვერ შეძლო. "ნიუ იორკისთვის" ეს წაგება ზედიზედ მეექვსე იყო "ჩიკაგოს" წინააღმდეგ მატჩებში. ბოლოს "ნიქსმა" "ბულზს" სამი წლის წინ მოუგო.

ცუდი თამაში გამოუვიდა "ნიქსის" ლიდერ კარმელო ენტონის. უკანასკნელ წამზე სწორედ მან გააფუჭა ბოლო ტყორცნა, გარდა ამისა, 24-დან 16 ტყორცნა ააცილა. მეორეს მხრივ, მელოს გასამართლებლად იმის თქვა შეიძლება, რომ ორი დღის განმავლობაში 80 წუთი გაატარა მოედანზე.

* * *
ბრწყინვალე სანახაობა შესთავაზეს მაყურებელს "კლიპერსმა" და "გოლდენ სტეიტმა", უფრო სწორედ, სტივენ კარმა და კრის პოლმა. გამთამაშებელებმა ისეთი დუელი მოაწყვეს ერთმანეთში, რომელიც დიდი ხანი არ დაავიწყდებათ კალაბურთის მოყვარულებს.

კარიმ ფანტასტიკური სპექტაკლი მოაწყო (38 ქულა, 9 შედეგიანი პასი, 9 ზუსტი სამქულიანი 14-დან), მაგრამ პირწმინდად დამარცხდა უფრო გამოცდილ კოლეგასთან. ბრწყინვალე პოლმა, რომელსაც პლანეტის საუკეთესო გამთამაშებელს უწოდებენ, მიიღო კარის გამოწვევა და ყველა კომპონენტში დაჯაბნა ის. 42 ქულა (თამაშიდან - 12/20, სამქულიანები - 2/6, საჯარიმოები - 16/17), 15 პასი და 6 ჩაჭრა - ასეთი იყო "კლიპერსის" გენიალური გამთამაშებლის მონაგარი. და ამ ყველაფრისთვის მას 37 წუთი დასჭირდა.

ჩიკაგო-ნიუ იორკი 82:81
26:16, 17:22, 28:23, 11:20
ჩ: როუზი (18+6 მოხსნა+3 პასი), დენგი (17+6 პასი), ბუზერი (14+7 მოხსნა+3 პასი), ბატლერი (11+10 მოხსნა), ნოა (6+15 მოხსნა+5 პასი).
ნ-ი: ენტონი (22+6 პასი+6 ჩაჭრა+6 მოხსნა+2 დაფარება), ფელტონი (13+6 პასი), ჰარდუეი (10), ჩენდლერი (7+19 მოხსნა+4 დაფარება).

კლიპერსი-გ. სტეიტი 126:115
36:26, 32:29, 25:25, 33:35
კ: პოლი (42+15 პასი+6 ჩაჭრა), გრიფინი (23+10 მოხსნა), რედიკი (17+5 მოხსნა), კროუფორდი (17), დადლი (10), ჯორდანი (9+17 მოხსნა).
გ-ს: კარი (38+9 პასი), ლი (22+5 მოხსნა), ბოგუტი (17+6 მოხსნა), იგუოდალა (14+11 პასი), ტომპსონი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სუპერმენმა" 26 მოხსნით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული