17 ნოემბერს რუდი გეიმ და კომპანიამ ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს შინ და მეექვსე ბოლო რვა შეხვედრაში, არადა, კანადელებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად. დიდი ძალისხმევის ფასად, მათ მეოთხე მეოთხედში 17-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს. "ტორონტოს" ეს სპურტი გეის ბაზერ-ბიტერით დასრულდა, მაგრამ ოვერტაიმში პორტლენდელებმა მიზანი გაასწორეს და მასპინძლებს, უბრალოდ, შანსი არ დაუტოვეს.
"პორტლენდი" ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიწევდა წინ და 17-ქულიან უპირატესობას მიაღწია, მაგრამ ასეთმა სხვაობამ "ბლეიზერსი" ზედმეტად მოადუნა და თავდაჯერებული გახადა და გეიმ და დეროზანმა იზრუნეს ინტრიგის დაბრუნებაზე. ბოლო მეოთხედის მეორე ნაწილში "ბლეიზერსს" არაფერი გამოსდიოდა.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ოლდრიჯმა ორი საჯარიმო ააცილა, ექვსი წუთის განმავლობაში კი გუნდმა თამაშიდან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო. ბოლო ორწუთნახევარში "ტორონტო" 13:2 გაიქცა. გეიმ ოვერტაიმში პირველი ხუთი ქულა დააგროვა და სწორედ აქ გამოფხიზლდნენ ლილარდი და ბატუმი, რომლებმაც ისევ დაიწყეს სამქულიანების ზუსტად შესრულება, რამაც "რეპტორზს" საბოლოოდ მოუსპო ბრძოლის სურვილი.
* * *
იოლ გამარჯვებას მიაღწია "მემფისმა", რომელმაც ზედმეტი ნერვიულობის გარეშე სძლია სტუმრად "საკრამენტოს". პირველ მეოთხედში "დათვებმა" საფირმო დაცვა ითამაშეს, რომელიც წელს ხშირად არ მუშაობს. "კინგზი" ამ ბარიერის დაძლევისთვის მზად არ აღმოჩნდა და პირველ ტაიმში თამაშიდან მხოლოდ 31 პროცენტი ჩააგდო, რითაც მეტოქეს 20 ქულით წინ გასვლის საშუალება მისცა.
მესამე მეოთხედის სტარტზე მაიკ მელოუნმა ინერტული სასტარტო ხუთეული სკამზე დასვა და რეზერვისტები შეუშვა მოედანზე. ამ სვლამ კინაღამ იმუშავა. აუთლომ, ტომასმა და სხვებმა მეტოქესთან სამ ქულამდე მიახლოება შეძლეს, მაგრამ იქვე, სტუმრებმა მარკ გასოლის, რენდოლფისა და კონლის მონდომებით, მორიგი სპურტი მოაწყვეს და 10 ქულით დაშორდნენ მეტოქეს. რენდოლფმა მეოთხე მეოთხედში 9 ქულა დააგროვა, მისი გუნდი კი კვლავ იოლად ახშობდა "მეფეების" შეტევებს.
"საკრამენტომ" ბოლო რვა მატჩში მეშვიდედ წააგო, "მემფისმა" კი ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, მაგრამ მას წინ აქვს გასვლები "კლიპერსთან" და "გოლდენ სტეიტთან".
* * *
მიმდინარე სეზონში "ლეიკერსი" მხოლოდ საკუთარ მოედანზე აჩვენებს ღირსეულ თამაშს. კალიფორნიელებთან სტუმრად მხოლოდ "მინესოტამ" გაილაღა, დანარჩენებს კი სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ. გამონაკლისი არც "დეტროიტი" გამოდგა, რომლის ძალიან კარგმა წინა ხაზმა მხოლოდ პირველ მეოთხედში და მეორის დასაწყისში აჩვენა თავისი ძალა.
როცა სტუმრების უპირატესობამ ცხრა ქულას მიაღწია, კალიფორნიელებმა მაშინვე 11:2 გაქცევა მოაწყვეს და გაათანაბრეს ანგარიში. იქვე სტაკიმ იაქტიურა და მისი წყალობით, "დეტროიტმა" ექვსი ქულით მოიგო პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ "ლეიკერსი" გაცილებით სწრაფად ათამაშდა. თამაშში გარდატეხა მესამე მეოთხედის ბოლოს ნიკ იანგმა შეიტანა, რომელიც ისევ წარმატებით შევიდა მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან. ოთხი წუთის განმავლობაში მან 8 ქულა დააგროვა. ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები რვა ქულას იგებდნენ.
ყველას ეგონა, რომ "ლეიკერსი" ისევ საშუალო და შორეულ ტყორცნებზე გააკეთებდა აქცენტს, მაგრამ შესანიშნავი მონაკვეთი ჰქონდა ჯორჯ ჰილს, რომელმაც აიკლო მეტოქის სამწამიანი. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე, მასპინძლებმა ზედიზედ 16 ქულა დააგროვეს, მეტოქემ კი ხუთი წუთის განმავლობაში ერთხელაც ვერ აიღო "ლეიკერსის" ფარი.
კალიფორნიელთა უპირატესობა 19 ქულამდე გაიზარდა და სტუმრები მარცხს შეურიგდნენ. "დეტროიტის" წაგება არც ყოფილა გასაკვირი, რადგან ეს გუნდი საშინლად თამაშობს სტუმრად დასავლეთ კონფერენციის გუნდებთან - ბოლო 40 გასვლით მატჩში 38 წაგება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სტივ ბლეიკის თამაში, რომელმაც 16 შედეგიანი პასი დააგროვა. ორივე ფარქვეშ კარგად იბრძოდა პაუ გასოლი, რომელიც არც შემოქმედებით თამაშს ივიწყებდა. როგორც ჩანს, "ლეიკერსს" დამატებითი მუხტი შესძინა ახალმა ამბავმა კობი ბრაიანტის შესახებ. როგორც ვწერდით, მცველმა ვარჯიში დაიწყო და მალე უნდა დაბრუნდეს მოედანზე, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ ისევ არ არის ცნობილი.
ტორონტო-პორტლენდი 110:118 (ო)
29:31, 25:26, 15:22, 33:23, 8:16
ტ: გეი (30+10 მოხსნა), დეროზანი (29), ვალანჩუნასი (19+9 მოხსნა), ლოური (10+7 მოზსნა+10 პასი).
პ: ოლდრიჯი (25+11 მოხსნა), ლილარდი (25+5 მოხსნა+8 პასი), ბატუმი (24+6 მოხსნა), მეტიუზი (17+6 მოხსა), მო უილიამსი (13+5 მოხსნა+7 პასი).
საკრამენტო-მემფისი 86:97
18:25, 16:22, 31:27, 21:23
ს: აუთლო (18+6 მოხსნა), ტომასი (15), ტორნტონი (12), სალმონსი (10+5 პასი).
მ: რენდოლფი (22+10 მოხსნა), გასოლი (19+8 მოხსნა+9 პასი), კონლი (19+9 პასი), ალენი (12+5 მოხსნა).
ლეიკერსი-დეტროიტი 114:99
27:29, 23:27, 29:15, 35:28
ლ: ჰილი (24+17 მოხსნა), მიქსი (19), ნ. იანგი (19), ჯონსონი (13), გასოლი (12+9 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება), ბლეიკი (9+16 პასი+4 ჩაჭრა).
დ: ჯენინგსი (23+5 მოხსნა+14 პასი), სმიტი (18+8 მოხსნა), მონრო (17+7 მოხსნა), სტაკი (16), დრამონდი (14+13 მოხსნა).
"ნიქსი" რონდოზე მუშაობს
საინტერესო ტრეიდი შეიძლება განხორციელდეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით გამორჩეულმა "ნიუ იორკმა" წინადადებით მიმართა "ბოსტონს". სავარაუდო ტრეიდის პირობების თანახმად, "ნიქსი" გამოეთხოვება მცველ იმან შამპერტსა და ფორვარდ ამარე სტაუდმაიერს, საპირისპირო მიმართულებით, ნიუ იორკში კი გამთამაშებელი რაჟონ რონდო გაემგზავრება.
თუმცა ექსპერტები იქვე აღნიშნავენ, რომ "კელტები" მზად არ არიან რონდოს გაცვლისთვის. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ ვარსკვლავური გამთამაშებლის ტრეიდს.
ამასობაში ცნობილი გახდა "სელტიქსის" საპასუხო შეთავაზება "ნიუ იორკისთვის". "ბოსტონი" თმობს ჯერალდ უოლასსა და კორტნი ლის ამარე სტაუდმაიერის სანაცვლოდ. "კელტებს" სურთ განთავისუფლდნენ ლისა და უოლესის ძვირი და მრავალწლიანი კონტრაქტებისგან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ინდიანა" "ჩიკაგოში" დაეცა