NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დღეს დურანტი საუკეთესოა

AutoSharing Option
კევინ დურანტი აგრძელებს სასწაულებს და თუ ის წელს არ მიიღებს სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს, ეს დიდი უსამართლობა იქნება. რა თქმა უნდა, ლიგაში ლებრონ ჯეიმსის ყოფნა ძალიან ურთულებს ცხოვრებას "ოკლაჰომას" ფორვარდს, მაგრამ იმდენად დიადი არ არის "მეფე", რომ ის ოთხგზის MVP იყოს, დურანტი კი პრიზის გარეშე რჩებოდეს.

დურანტმა მორიგი განაცხადი გააკეთა არა მხოლოდ MVP-ის, არამედ კარიერაში რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერის ტიტულზე. "პორტლენდთან" საშინაო შეხვედრაში მან თავის ანგარიშზე 46 ქულა ჩაიწერა, აქედან 11 - ბოლო სამ წუთსა და 23 წამზე, როცა გადაწყდა
მატჩის ბედი. ზედიზედ მერვე მატჩია, "დურანტულა" მინიმუმ 30 ქულას აგროვებს, ხოლო 45-ქულიან ზღვარს ბოლო 19 დღეში მეოთხედ მიაღწია.

* * *
მოქმედმა ჩემპიონმა "მაიამიმ", რომელსაც ბოლო ექვს მატჩში ოთხი ჰქონდა წაგებული, ძალიან იწვალა ბოსტონში. არადა, შესანიშნავად ჩატარებული პირველი მეოთხედის შემდეგ "ჰიტი" დიდ შესვენებამდე შვიდი წუთითა და 28 წამით ადრე 40:22-ს იგებდა. ამიტომაც მატჩის ბოლოს ლებრონ ჯეიმსს შეტევაში მაქსიმალური მონდომება დასჭირდა, მის პარტნიორებს კი დაცვაში მძიმე გარჯა.

ლებრონმა ბოლო 152 წამში რვიდან შვიდი საჯარიმო გამოიყენა (მას შემდეგ, რაც მასპინძლებმა 86:84 წაიყვანეს ანგარიში), დაცვაში კი ფლორიდელებმა ზედიზედ შვიდი შეტევა გააფუჭებინეს მეტოქეს. ვინ იყო მატჩის მთავარი ანტიგმირი? სამწუხაროდ, რაჟონ რონდო, რომელმაც ამ 152 წამში ფარქვეშიდან და პერიმეტრიდან ააცილა, აგრეთვე, ორი საჯარიმო ვერ ჩააგდო. და საერთოდაც, მისი სტატისტიკა საშინელი იყო: თამაშიდან რვიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო, ოთხიდან სამი საჯარიმო ააცილა და სამი შეცდომა დაუშვა.

* * *
ბოლო ცხრა მატჩში მერვე მოგება გაიფორმა ჯეისონ კიდის "ბრუკლინმა", თანაც, ძალიან იოლად სძლია "ორლანდოს". ისევე, როგორც "ნიუ იორკთან" წინა მატჩში, ამჯერადაც "ნეტსის" რიგებში არც ერთ კალათბურთელს არ გაუტარებია მოედანზე 30 წუთზე მეტი. "საქმე იმაში არ არის, რომ გავიმარჯვეთ, არამედ იმაში, როგორ გავაკეთეთ ეს, - განაცხადა მატჩის შემდეგ პოლ პირსმა. - მესამე და მეოთხე მეოთხედებში დამაჯერებლად ვითამაშეთ დაცვაში და კარგად ვამოძრავებდით ბურთს შეტევაში. ეს ის არის, რასაც ყველა ელოდება ჩვენი შესრულებით".

მართლაც, გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელიც სტუმრებმა 13 ქულის სხვაობით მოიგეს. ამის შემდეგ ნიკოლა ვუჩევიჩის გარეშე მოთამაშე "ორლანდომ" შეწყვიტა წინააღმდეგობა.

* * *
"იუტა ჯაზს" ორკვირიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა გორდონ ჰეივორდი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა "მინესოტას" დასამარცხებლად. ისევე, როგორც ამ გუნდების ამასწინანდელ დაპირისპირებაში, ყველაფერი საფინალო სირენამდე დიდი ხნით ადრე გაირკვა.

კევინ ლავი, რომელიც ახლოს იყო სამმაგ დუბლთან, კარიერაში მე-400 მოხსნის ავტორი გახდა, რიკი რუბიომ მეშვიდედ ამ სეზონში მინიმუმ ხუთი ჩაჭრა დააგროვა.

ბრუკლინი-ორლანდო 101:90
27:21, 19:21, 27:14, 28:34
ბ: ბლეტჩი (18), ტელეტოვიჩი (14), პირსი (13), ჯონსონი (13).
ო: ო'ქუინი (15), მური (13), აფლალო (11), ოლადიპო (10), დევისი (10), ნელსონი (9+10 პასი).

მაიამი-ბოსტონი 93:86
29:15, 22:25, 20:27, 22:19
მ: ჯეიმსი (29), ბოში (16), ანდერსენი (13).
ბ: ბასი (15), ჰემფრიზი (14+13 მოხსნა), გრინი (12), სალინჯერი (12+11 მოხსნა), ჯონსონი (11).

ნ. ორლეანი-საკრამენტო 97:114
20:38, 36:26, 14:27, 27:23
ნ-ო: ევანსი (17), დევისი (16), რობერტსი (15), უიტნი (14), რივერსი (12).
ს: გეი (41), ტომასი (20+11 პასი), კაზინსი (18+11 მოხსნა), ტომპსონი (11), ეისი (3+10 მოხსნა).

ოკლაჰომა-პორტლენდი 105:97
21:27, 30:25, 26:23, 28:22
ო: დურანტი (46), ჯექსონი (15), იბაკა (10+5 დაფარება), ფიშერი (10).
პ: ოლდრიჯი (29+16 მოხსნა), მეტიუზი (21), ლილარდი (14), უილიამსი (13+9 პასი), ლოპესი (10+10 მოხსნა).

იუტა-მინესოტა 97:112
16:34, 23:20, 23:30, 35:28
ი: ჰეივორდი (27), ბერკსი (18), ევანსი (10).
მ: ლავი (19+13 მოხსნა+8 პასი), ბრიუერი (19), პეკოვიჩი (18+9 მოხსნა), მარტინი (18), ბარეა (15), რუბიო (11+13 პასი+5 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული